გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"

გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"

საახალწლო "ფსიქოს" სტუმარია მუსიკოსი გია ბაღაშვილი, რომელმაც სიამოვნებით გაიხსენა ბავშვობის წლები და თოვლის ბაბუის მოლოდინი.

- 2012 წელს ქვეყანაში დასაბამი მიეცა სასიკეთო ცვლილებებს, პირადად ჩემთვის კი იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ჩემმა უმცროსმა გოგონამ, წლის და ერთი თვის ლიზამ მამა დამიძახა და პირველი ნაბიჯი გადადგა! ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს კაცის ცხოვრებაში?!

- როდიდან აღარ გჯერათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- 8-9 წლის ვიყავი, ეს "თავზარდამცემი" ამბავი რომ შევიტყვე (იღიმის). ეზოში თამაშისას მითხრეს თანატოლებმა. მახსოვს, მაშინვე მშობლებთან გავიქეცი და ვუთხარი, ძალიან საწყენი რამ მითხრეს, თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობს-მეთქი.

- წელს რა მოუტანა თოვლის ბაბუამ თქვენს ქალიშვილებს?

- სათამაშოები, წიგნები და უფროსი ქალიშვილისთვის, ნინისთვის - ნუგბარი. მართალია, მე და ჩემი მეუღლე, თამუნა, ვცდილობთ, დიდი რაოდენობით არ მივცეთ ტკბი­ლეული, რადგან ნინი ტიპური ბაღაშვილია და გიჟდება სასუსნავზე, მაგრამ საახალწლოდ გადავწყვიტეთ, ამ მხრივაც გვეცა პატივი, კიდევ უფრო ტკბილად რომ დაამახსოვრდეს ეს დღესასწაული. მეც ძალიან მიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით - გოზინაყი. ჩემი უსაყვარლესი ლიზიკო ბებია ჩემთვის და ჩემი დისთვის, თეონასთვის, გვიან გაზაფხულამდე ინახავდა გოზინაყს და ჩურჩხელას. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა ან რა რაოდენობით აკეთებდა, რადგან ყოველ მისვლაზე ერთ დიდ თეფშ გოზინაყს გეახლებოდით.

- საახალწლოდ რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ?

- ჩემი და ჩემი მშობლების ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვარ. როგორც ამბობენ, კარგი ფეხი მაქვს (იღიმის).

- 2013 წელს მეკვლედ სააკაშვილს ისურვებდით თუ ივანიშვილს?

- ბატონ ბიძინას სიამოვნებით ვუმასპინძლებდი და მართლა ძალიან გამიხარდებოდა მისი მეკვლეობა. არ მეგულება ქართული ოჯახი (ალბათ, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა), ვისაც ბიძინა ივანიშვილის მეკვლეობა არ გაუხარდება. თავი რომ დავანებოთ იმ კეთილ საქმეებს, რაც ბატონ ბიძინას წლების განმავლობაში უანგაროდ, ასე ღირსეულად და ნიჭიერად უკეთებია თავის სამშობლოში, ეს ადამიანი არის ოჯახური ტრადიციების, ოჯახური ურთიერთობების დამფასებელი. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მისი ოჯახიდან გამოსჭვივის, რაც ტელეეკრანიდანაც ჩანს და არ შეიძლება ქართველ კაცს ეს არ გხიბლავდეს.

- პატარებს ნაძვის ხე გააოცებდათ...

- ერთად მოვრთეთ. პირველი სათამაშო ნინიმ ჩამოკიდა. ძალიან მოეწონათ ნაძვის ხის ოქროსფერი და წითელი სათამაშოები და სწორედ ამ ფერებში "გადავწყვიტეთ" ჩვენი ნაძვის ხე. ლიზამ წითელი ფერის სათამაშო რომ დაინახა, აღტაცებით წამოიძახა, "ვაა!" ვიფიქრე, სიხარულისგან აღმოხდა-მეთქი, მაგრამ თამუნამ განმიმარტა, "ვაა" იმიტომ თქვა, ვაშლი ჰგონიაო. არ დავიჯერე, ვიდრე ლიზამ პირისკენ არ გააქანა (იცინის).

- ახალ წელს თუ დამთვრალხართ ისე, რომ "მოსკოვის ნაცვლად ლენინგრადში ამოგეყოთ თავი"?

- არა, ამგვარი ამბავი ნამდვილად არ გადამხდენია. ისე, თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კახელი კაცი ვარ და ჩემი დათრობა არც ისე ადვილია. გარდა ამისა, არ მიყვარს თრობის პროცესი, როცა გონება მერევა. სულ სხვა საკითხია, როცა ქეიფობ, შეზარხოშებული ხარ, როცა ღვინო კი არ გმართავს, არამედ შენ მართავ სმის პროცესს. ასეთი ვითარება გაცილებით მომწონს.

- შეკითხვას - ქალი თუ ღვინო, აზრი აღარ აქვს...

- რა თქმა უნდა, არა! ქალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება დიდი ხანია გარკვეულია. ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი ქალი არის ჩემი მეუღლე თამუნა! რაც შეეხება სასმელს, ღვინოს ვერც ერთ სასმელს ვერ შევადარებ. ახალ წელს კარგი ღვინო, ინდაურის საცივი და გოზინაყია მისწრება (იღიმის). თან თამუნა უგემრიელეს საცივს ამზადებს, ისევე როგორც დედაჩემი და ჩემი სიდედრი. იციან, რომ საცივზე ვგიჟდები, ამის გამო მიდის გადაპატიჟ-გადმოპატიჟება, გაგზავნა ერთმანეთთან და ამდენი საცივის მერე, ნაახალწლევს მიწევს ფიცხელი ბრძოლა ჭარბ წონასთან (იცინის).

- სერენადა თუ გიმღერიათ ოდესმე?

- კი. როცა ჩემი ნინი გაჩნდა, დილიდან დავიწყეთ ქეიფი, შუაღამეს მე და ჩემი მეგობრები - "ქართული ხმები", "ალილო" და "ქუჩის მუსიკოსები" სუფრიდან პირდაპირ სამშობიაროში წავედით. ვაკეში, "ლეჩკომბინატის" ეზოში შევედით და თამუნას პალატის ფანჯრების ქვეშ დავიწყეთ სიმღერა. თავდაპირველად მოგუდულად ვმღეროდით, მაგრამ მთელმა სამშობიარომ ტაში რომ დაგვიკრა, გავთამამდით. მოკლედ, ერთსაათიანი კონცერტი გამოგვივიდა. მერე თამუნა მიყვებოდა, თურმე მის პალატაში სხვა მშობიარეები და ექიმები რიგრიგობით შედიოდ­ნენ და ხან რომელ სიმღერას სთხოვდნენ რომ შეგვესრულებინა და ხან - რომელს. მგონი, ასეთი რამ მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს.

- წარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამეს გესტუმრათ თოვლის ბაბუა. ცოტა ხანში მოიხადა ქუდი, მოიხსნა წვერ-ულვაში და აღმოჩნდა, რომ ეს თოვლის ბაბუა პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია. როგორი რეაქცია გექნებათ?

- (იცინის) ნათქვამია, სტუმარი ღვთი­სააო­­­ და "კუჩხი ბედინერში" რომ არის "ვინც არ უ­ნდა იყო მანდ, მტერი თუ მოყვარე, მდიდარი თუ მათხოვარი, სიხარულით გიღებ კარს", მეც ასე მოვიქცევი. ახალი წელს თოვლის ბაბუის ფორმაში რომ მოდის ადამიანი და ბავშვებს ახარებს, იმას ნიშნავს, რომ გულისნადები კეთილი აქვს და ყველა კეთილ წამოწყებაში ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნუგზა­რ წიკლაურსაც კი.

- რას აჩუქებდით საახალწლოდ მიხეილ სააკაშვილს?

- შოკოლადის ჰალსტუხს ტკბილი კოაბიტაციისთვის (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - მშვიდი, მზრუნველი და გაწონასწორებული ადამიანია. არის კარგი მეუღლე. არ უყვარს ტყუილი. იცის დროის და ურთიერთობების ფასი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა