ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში 37 წლის ქალმა სიცოცხლე, არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეზობლებმა პირად საუბრებში განუცხადეს, უბედური შემთხვევა დაახლოებით 00.30 საათზე მოხდა, რომლის დროსაც ხ.შ. საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოვარდა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა.
"შეძლებული ოჯახი ჰქონდა გარდაცვლილს. მისი მეუღლე რუსეთში ბანკირია და თბილისში საახალწლოდ ჩამოვიდა. მეუღლე ლოგინში იწვა, როცა ხ-ს უთქვამს, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა და აივანზე გავიდა. შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ის მე-12 სართულის აივნიდან გადახტა და ეზოში მდგომ მანქანას დაეცა. ორი შვილი დარჩა. უფროსი შვილი ძალიან ნიჭიერია და კლასიდან-კლასში ექსტერნად გადაიყვანეს. სავარაუდოდ ამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამბობენ, დედამისი სულ თვალებში შეჰყურებდაო", - განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა.
მეორე მეზობლის თქმით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა. ოჯახში კონფლიქტები არ ხდებოდა და შესაძლოა, ის აივანზე ცუდად გახდა, წონასწორობა დაკარგა და მე-12 სართულიდან გადავარდა.
მეზობლებს ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 4 იანვარს მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.