რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე

რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე

2012 წლის წარმატებულ ადამიანებს საკუთარი კოლეგები ასახელებენ. საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ გაემხილათ, საკუთარ კოლეგებს შორის ვის მიიჩნევენ ყველაზე წარმატებულებად და ვის - ყველაზე წარუმატებლად. ზოგიერთი მათგანი გამოგვიტყდა, რომ ამ კითხვას ობიექტურ პასუხს ვერ გასცემდა, ზოგიც წარუმატებელი კოლეგის საჯაროდ დასახელებას მოერიდა, თუმცა მათი უმეტესობა შესაშურად გულწრფელი აღმოჩნდა.

გია ნოდია, პოლიტოლოგი:

- ფაქტია, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ წარმატებულები. მათ ყველას ერთნაირად გაუმართლათ. წარუმატებლები კი "ნაციონალები" აღმოჩნდნენ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რას ვიზამთ?

სოსო ცინცაძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- ჩემს კოლეგებს შორის ძალიან გამიჭირდება წარმატებულის დასახელება, რადგან საქართველოში ნამდვილი პოლიტოლოგები არ არსებობენ. ჩვენში ძირითადად არშემდგარი და შემდეგ გაპოლიტოლოგებული დურგლები, ვაჭრები, სანტექნიკოსები, ფსიქოლოგები, ეკონომისტები და ისტორიკოსები არიან. ე.ი. მათ შორის ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მოძიება შეგიძლიათ, გარდა პროფესიონალი პოლიტოლოგისა. ვისაც თქვენ, ჟურნალისტები პოლიტოლოგებს ეძახით, ალიკა რონდელის გარდა, საბაზო განათლება ერთსაც კი არ გააჩნია. ეს ხალხი 40 წლის ასაკში (ზოგი კიდევ უფრო მოგვიანებით) დაინტერესდა მეცნიერების ამ დარგით. 40 წლის კაცი რომ სწავლას დაიწყებ, ვიდრე პროფესიონალად ჩამოყალიბდები, საიქიოში წასასვლელიც გახდები. აი, იქ სჭირდება თუ არა ვინმეს პოლიტოლოგია, ნამდვილად არ ვიცი, რადგან საიქიოში ჯერ არ ვარ ნამყოფი. ძალიან ადვილია წარუმატებელი პოლიტოლოგების დასახელება, რადგან ასეთი საკმაოდ ბევრი გვყავს. თუმცა ამჯერად იმას დავასახელებ, ვინც მათ შორის პირველ ადგილზეა. ეს გახლავთ ანდრო ბარნოვი. საწყალ ბიჭს არსად გაუმართლა, ხან სამხედრო აკადემიის რექტორი იყო, ხან - მინისტრის მოადგილე... ბოლოს ყველა სამსახურიდან გამოაგდეს. სხვებიც არიან წარუმატებლები, მაგრამ ისინი მთლად ხელმოცარულები არ არიან, ჯერ მხოლოდ კანდიდატები არიან. ამიტომ მათი გვარების დასახელებისგან დროებით თავს შევიკავებ.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- ვფიქრობ, რომ წლის ყველაზე წარმატებული მომღერალი მე და ჩემი მეგობარი, ვერიკო ტურაშვილი ვართ. წარუმატებელი ძალიან ბევრია, მაგრამ მათ გვარებს არ ვიტყვი. ჯერ კიდევ ახალი წელია და არ გავანაწყენებ.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

- წელს ყველაზე წარმატებული ეკა ბესელიაა. ამ ადამიანმა შეძლო, უდიდესი წვლილი შეეტანა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში, ამნისტიის მიღებაში. ყველაზე უიღბლო გიორგი ტუღუშია. წესით, ციხის სკანდალის შემდეგ სახალხო დამცველს სირცხვილით თავი აღარ უნდა გამოეყო.

გიორგი ტუღუშს ჰქონდა ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის უფლება. თუ მან თავისი უფლება ვერ გამოიყენა, მისივე პრობლემაა. თუ გამოიყენა, ანუ ციხეებში მონიტორინგი ჩაატარა, გაიგო, იქ რაც ხდებოდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო, ეს უკვე დანაშაულია. წესით, ტუღუში ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისთანავე უნდა გადამდგარიყო, მან კი რა გააკეთა? სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი მოირგო. ამ ნაბიჯით მან თვითმკვლელობა ჩაიდინა.

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- ვერაფერს გეტყვი, შვილო, ვერც წარმატებულს დავასახელებ და ვერც წარუმატებელს. მე ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩვენი პროფესია და როგორ წვალობენ ჩემი კოლეგები. დამიჯერეთ, თავს არ იზოგავენ, რაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ არ მინდა, მათ შორის ვინმე გამოვყო, ყველა ერთნაირად წვალობს.

დოდო ხურცილავა, ტელე-წამყვანი:

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგებით აღფრთოვანებული ვარ. ცუდად არ გამიგოთ, არც საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი... წარუმატებელი კი ნოდარიკო მელაძე იყო. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია, იმაზე ბევრად უკეთესი გადაცემის გაკეთება შეეძლო, ვიდრე "100 გრადუსი ცელსიუსით" იყო. მე მას წარუმატებლად იმიტომ მივიჩნევ, რომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცა.

მინდია უგრეხელიძე, მოსამართლე:

- ალბათ ვერავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ წელს ჩემს კოლეგებს შორის ყველაზე წარმატებული თეა წულუკიანი აღმოჩნდა. ძალიან ნიჭიერი, ყოჩაღი, ამავე დროს - მიუკერძოებელი პროფესიონალია. ყველაზე წარუმატებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩემი ყოფილი სტუდენტი - კუბლაშვილია. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სიმართლეს სად გავექცე? აღარც კი ვიცი, რამდენჯერ უნდა მოვიკლა თავი მისი გაზრდისთვის. როგორ შეიძლება ემსახურებოდე და კბილებით იცავდე ამ მახინჯ სისტემას?

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

- ჩემს კოლეგებს შორის 2012 წლის წარმატებულად ორ ადამიანს მივიჩნევ, პირველი ნინო ჟიჟილაშვილია. ჟურნალისტებმა ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ჯერ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, შემდეგ მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, ამას მოჰყვა, კოჰაბიტაციის პროცესი, რომელსაც ზოგი ორხელისუფლებიანობას ეძახის. ნინო ჟიჟილაშვილმა ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, ობიექტურობის შენარჩუნება შეძლო. მისი გადაცემა ყოველთვის პლურალისტური იყო, ის ყოველთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდა. იმავეს თქმა შემიძლია თამარ რუხაძეზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მუშაობდა "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად (მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ამ ტელეკომპანიის მფლობელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო), შეძლო შეექმნა ისეთი საინფორმაციო პროგრამა, რომელმაც ხალხის ნდობა დაიმსახურა. რაც შეეხება წარუმატებლებს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩაბმული ყველა ჟურნალისტი წარუმატებელია. როდესაც ჟურნალისტი პროპაგანდისტი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის როგორც პროფესიონალი, მკვდარია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"