ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები

ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები

კოტეს "ცოლი"

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოგვარეა და ამის გამო ხშირად კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩენილა:

- ჩემს ოფისს დიდი ასოებით აწერია - "ადვოკატები მარიამ კუბლაშვილთან ერთად". სხვა ადვოკატების ოფისებს მხოლოდ გვარი და პარტნიორები აწერიათ. მეც ასე მინდოდა, დამეწერა, მაგრამ ჩემმა პიარ-მენეჯერმა მირჩია, რომ ისე აჯობებდა: - ვერ მიხვდებიან, რომელ კუბლაშვილზეა ლაპარაკიო, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოტე კუბლაშვილის ცოლსაც მარიამი ჰქვია და ისიც იურისტია, ამიტომ ხშირად მექმნებოდა პრობლემა... არადა, ძმებ კუბლაშვილებს არც კი ვიცნობდი. ერთხელ, პარლამენტში, პალიკო კუბლაშვილი გავიცანი. ისე მოხდა, რომ მისი და ჩემი შვილი თანაკლასელები აღმოჩნდნენ... მოკლედ, რადგან კუბლაშვილი ვარ, ჩემთან იმ იმედით მოდიოდნენ, რომ მათთან საქმის ჩაწყობაში დავეხმარებოდი... დღეს იმ კლიენტთა 40 პროცენტი დაიკარგა. ამიტომ ისიც ვიფიქრე, ადვოკატობისთვის თავი დამენებებინა და სახელმწიფო სტრუქტურაში გადავსულიყავი, მაგრამ მერე ამაზე უარი ვთქი: ამ ბანერს რომ ჩამოვხნი, არ მინდა, თქვან, - ძმებ კუბლაშვილებს მარიამ კუბლაშვილიც თან გაჰყვაო... ერთხელ ჩემმა ახლობელმა თურმე ჩემს ოფისთან ტაქსით ჩაიარა და მძღოლი უმტკიცებდა:

- ხომ ხედავთ, როგორ გაუტიეს კუბლაშვილებმა: კოტე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა და აგერ, მის ცოლს რამხელა ასოებით აქვს გამოკრული აბრა; ქმარი ცოლს კლიენტებს უგზავნის, - ეს არის სამართალიო?!

ჩემი ახლობელი კი უმტკიცებდა, ეს მარიამი მისი ცოლი არ არისო, მაგრამ მძღოლი არ ისმენდა:

- ნამდვილად ვიცი, მისი ცოლიაო...

ერთხელ ჩემი პედაგოგი, როინ მეტრეველი მირეკავს და მეუბნება: - მარიამ, ოფისი უზენაეს სასამართლოსთან გადაიტანე?

- არა, ბატონო როინ, რატომ მეკითხებით?

- ჩვენები ამბობენ, იქ არის მარიამის ოფისიო.

მართლაც გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც საბურთალოზე ოფისი გავხსენი, 6 თვეში კოტე კუბლაშვილის ცოლსაც გაუხსნია საადვოკატო ბიურო იმავე წარწერით.

ბატონი კოტე ოპერაში ჩვენი მოგვარისა და ჩემი მოსახელის, ოპერის მომღერალ მარიამ კუბლაშვილის კონცერტზე გავიცანი.

"კუბლაშვილები და პატიმრები საქმეებს მაკარგვინებენ"

ციხეში ჩემი შესვლა ყოველთვის კურიოზით მთავრდება. რატომღაც ჩემი დასაცავები საქმის ნაცვლად გრძნობებზე ლაპარაკს ამჯობინებენ. ახალგაზრდა პატიმარს ვიცავდი. მასთან შეხვედრაზე რომ შევედი, მითხრა:

- საქმეზე აღარ მელაპარაკო, შენი ყურების გარდა, ახლა სხვა არაფერი მინდა...

- ჩემს პროფესიონალიზმს შეურაცხყოფას აყენებ! - ვუთხარი გაბრაზებულმა.

უკან არ დაიხია და მომახალა:

- მინდა, გელაპარაკო და გიყურო. ნეტავ, ხშირად შემოხვიდე და ამაში, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდი!..

კიდევ ერთს ვიცავდი - ყაჩაღობის მუხლით იხდის სასჯელს; თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს; ადრე ეკა ბესელიაც იცავდა. მასთან შესახვედრად ორდერი გამოვწერე და ციხეში შევედი. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება დავაწერინე: 10 თვე აქვს არაკანონიერად დამატებული. ბაჩო ახალაია ყოფილა ციხეში შესული და მაშინ 4 ბიჭი სასტიკად დაუსჯიათ - კანონებს რატომ არ ემორჩილებითო?!. იმ ბიჭმა რომ დამინახა, მითხრა, - არ მინდა შენი გაკეთებული საქმე, არ მაინტერესებს სასჯელი, ოღონდ კიდევ შემოდი სანახავად, დღეიდან ჩემთვის ცხოვრება შეიცვალაო.

მოკლედ, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები ხოლმე და ვცდილობ, შემდეგ მათთან საქმიან შეხვედრაზე უარი ვთქვა. ამ მიზეზითაც ხშირად ვკარგავ საქმეს, ასე რომ, კუბლაშვილები და პატიმრების გრძნობები საქმეებს მაკარგვინებენ.

ადვოკატი ციცინო ცხვედიანი პერიოდულად, წლის მანძილზე მომხდარ კურიოზულ ამბებს ინიშნავს და უკვე იმდენი ამბავი აქვს არქივში, რომ მათ წიგნად გამოცემაც შეუძლია. ქალბატონი ციცინო ძირითადად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვაში მონაწილეობს და ბუნებრივია, სახალისო ეპიზოდებს ხშირად აწყდება. მან წელსაც არ უღალატა თავის ჩვევას და ჩვეული ენაკვიმატობით, მისი და მისი მეუღლის, ზურაბ როსტიაშვილის პრაქტიკიდან რამდენიმე ფაქტი გვიამბო.

რა ჰქვია კესარიას?

ბოლო დროს, მოგეხსენებათ, ძველებური სახელები შემოვიდა მოდაში: ბარბარე, კესო, მელანო, ელისაბედი, თომა, მათე... ერთხელ მე და ადვოკატ კესარია (კესო) ცარციძეს ჩემი ახლო ნაცნობი ვაჟა სართანია (ძალიან კარგი ადამიანი, აწ გარდაცვლილი) შეგვხვდა.

- ვაჟა, გაიცანი ჩემი თანამშრომელი კესარია, - წარვუდგინე კესო.

- სასიამოვნოა. თქვენი სახელი? - გაიბადრა ვაჟა.

- კესარია, - უპასუხა კესომ.

- გავიგე, კესარია რომ ხართ, მე სახელს გეკითხებით, - გაუმეორა ვაჟამ.

თურმე ვაჟას კესარია მეგრული გვარი ჰგონებია (იმიტომაც გაიბადრა) და სახელსაც ამიტომ ეკითხებოდა. სანამ კესომ პირადობის მოწმობა უჩვენა, არ იჯერებდა, რომ კესარია მისი სახელი იყო. მერე გვთხოვა, ეს ამბავი არ "გამიბაზროთო". ჩვენც შევპირდით, მაგრამ ვერ შევუსრულეთ და ქვეყანას მოვდეთ.

ვინ უკეთ მოიტყუება

ერთ ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეში ვმონაწილეობდი. მოსამართლე ზურაბ რუხაძე გახლდათ (აწ გარდაცვლილი) - შესანიშნავი პიროვნება და კარგი იუმორის მქონე. ჩემი კლიენტი მოწინააღმდეგე მხარის გამოსვლაზე აღშფოთდა და აყვირდა:

- იტყუება, არ დაუჯეროთ!..

მოკლედ, ის კაცი რომ ვერ გავაჩერეთ. მოსამართლე მიუბრუნდა და ღიმილით მიუგო:

- ტყუილზე კაცს არ ვიჭერ, გაჩუმდი და შენი რიგი რომ დადგება, შენც მოიტყუე, რამდენიც გაგიხარდება. ორივეს მოგისმენთ და რომელიც უკეთესად მოიტყუებით, იმას დაგიჯერებთ.

საქმე ის არის, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში მხარეები ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხს არ აგებენ.

ვის დარჩეს ბავშვი

განქორწინებული ცოლ-ქმარი ბავშვის მიკუთვნების თაობაზე დაობდა. ცოლმა სარჩელი აღძრა და ქმრისათვის მამობის უფლების ჩამორთმევა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ ის ქრონიკული ნარკომანი იყო. ქმარმაც უკან არ დაიხია და შეგებებული სარჩელი აღძრა, ცოლისათვის დედობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. მიუთითა, რომ ეს ქალი არის გიჟი და შესაბამისად, შეურაცხადი. ცოლს მე ვიცავდი, ხოლო ქმარს - მიშა ჯმუხაძე. იმ კაცის ქრონიკული ნარკომანობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვე. მიშამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა იმის დასადგენად, იყო თუ არა ცოლი შეურაცხადი. გაოგნებულმა მოსამართლემ ორივეს დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობა და მერე სამივე - მე, მიშა და მოსამართლე დიდი ინტერესით ველოდით ექსპერტიზების პასუხებს.

პასუხები ასეთი იყო: კაცი მართლაც ნარკომანი აღმოჩნდა, მაგრამ - არა ქრონიკული, ქალს კი გაქანებული ნევროზი ჰქონია. მოკლედ, ბავშვი მშობლების დაკარგვას გადაურჩა, თორემ ალბათ ადვოკატებს მოგვიწევდა მასზე მზრუნველობის აღება.

დამაჯერებელი არგუმენტი

მამაკაცის მიერ ქალის ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეს იძიებდნენ. კაცს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი იცავდა. მხარეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. კაცი უარყოფდა ქალის ცემის ფაქტს. ქალი გამწარდა, - რას ჰქვია, არ გიცემივარო?! - და კაცისკენ გაცეცხლებული გაექანა. ქალმა კაცს სახეში ისე სთხლიშა, რომ საწყალი წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა.

- ხომ დარწმუნდით, რომ ეს კაცი ამ ქალს ვერ სცემდა? - მშვიდად იკითხა როსტიაშვილმა.

გამომძიებელს რა უნდა ექნა, ფაქტი სახეზე იყო, კაცს ვეებერთელა "სინიაკი" აჯდა თავზე და ტვინის შერყევაც მიიღო. საქმე ქალის მიმართ აღძრეს.

ქვეყნის გადამტრიალებელი

რამდენიმე პირს ბრალი ედებოდა ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში. ყველას გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინეს. დარბაზში გლოვა და ტირილი იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდა განსასჯელის დედამ მოსამართლეს სთხოვა, ერთი სიტყვა მათქმევინეთო. მოსამართლე უკვე დარბაზიდან გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ქალი ისევ ითხოვდა სიტყვის თქმას; იმანაც უარი ვერ უთხრა და შეჩერდა.

დარბაზი გულისამაჩუყებელი სიტყვების მოსასმენად მოემზადა:

- ბატონო მოსამართლევ, ჩემს ლოგინში გადატრიალება ეზარებოდა და ეგ ქვეყანას გადაატრიალებდა?! - მართლა ერთი სიტყვით დაასაბუთა შვილის უდანაშაულობა ქალმა.

ხალხს წუთით დაავიწყდა გამოტანილი მკაცრი განაჩენი და დარბაზში სიცილი ატყდა.

ცოცხალი მოკლული

ზურაბ როსტიაშვილი ერთ პიროვნებას იცავდა, რომელსაც მკვლელობა ედებოდა ბრალად. საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. ზურაბი დაცვითი სიტყვით რომ გამოვიდა, ისე აღწერა საქმის ვითარება და ისე დაასაბუთა თავისი კლიენტის პოზიცია, რომ მოსამართლე გაკვირვებული სახით მიუბრუნდა და უთხრა:

- უკაცრავად, ბატონო ზურაბ, დაზარალებული ცოცხალია?

ადვოკატების "დაპატიმრება"

ადვოკატი ნათია კორკოტაძე:

- 26 მაისის საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინებები შემოდიოდა პიროვნებების დაკავების ან დაკარგვის თაობაზე. ადვოკატები ვერთვებოდით საქმეში, ვადგენდით ამ ადამიანების ადგილსამყოფელს. მორიგი ზარით შევიტყვეთ, რომ გენერალი გია უჩავა იყო დაკავებული. ბევრი ძებნის შემდეგ, მე და მანანა კობახიძემ იგი მოდულის შენობაში, პირველ იზოლატორში აღმოვაჩინეთ. მხნედ იყო და გვთხოვა, ბადრი ბიწაძესთან, ირაკლი ბათიაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან მივსულიყავით და გვეთქვა, საქართველო დაეტოვებინათ: სახელმწიფო გადატრიალებას გვაბრალებენ, თითქოს "მოლოტოვის კოქტეილები" გვქონდაო. იმათაც შევხვდით, მაგრამ გაგიჟდნენ, არაფერს ვგეგმავდით და არსად წასვლას არ ვაპირებთო.

პროკურორი დათო ხიზანაიძე გვიან ღამით გვირეკავს და მოდულში გვიბარებს, არადა, უჩავას ოფიციალურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. ღამის 12 საათზე მე და მანანა კობახიძე მივედით. უკვე გაშლილი დაგვხვდა ვიდეოაპარატურა და გავიგეთ, - უჩავა აღიარებით ჩვენებას იძლევაო.

- აღიარებითი ჩვენება უნდა მივცეო, - დაგვიდასტურა.

- რას ამბობთ, ბატონო გია! თქვენ დღეს სხვა რამეს ამბობდით, ახლა რიგითი ჯარისკაციც აღარ მოიქცევა ასე. ამას როგორ აკეთებთ?! - ვეკითხები.

აშკარად ეტყობოდა ზეწოლა... მან პოზიცია არ შეიცვალა, ამიტომ შემდეგ, თვითაცილების საკითხი დავაყენეთ და მის დაცვაზე მე და ქალბატონმა მანანამ უარი ვთქვით. დიდი ამბავი ატყდა, პროკურატურამ შენობიდან არ გაგვიშვა.

2 საათზე მეტხანს ადვოკატები დაკავებულები ვიყავდით. ვუხსნიდით, რომ გარეთ, მანქანაში საზოგადოებრივი დამცველი გველოდებოდა და ის განგაშს ატეხდა, მაგრამ არ გვიშვებდნენ. ისე დაიძაბა სიტუაცია და იმდენი ვინერვიულე, ცუდად გავხდი და გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, წინ თვალცრემლიანი მანანა იდგა და თავზე ექიმები მეხვივნენ. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი. ცოტა რომ მოვმჯობინდი, გარეთ გასვლა გადავწყვიტე. შენობიდან ძლივს გამოვდიოდი, მანქანამდე მანანას მოვყავდი და ამ დროს პროკურორი დავით ხიზანაიძე ისევ უკან მოგვდევდა:

- დოკუმენტს ხელი მოაწერე. შენ ცუდად კი არ გახდი, უბრალოდ, დაკითხვაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ გაქვსო.

მაშინ ეს ყველაფერი სასაცილო არ იყო, კინაღამ შეგვიწირა გენერლის საქმემ, მაგრამ ახლა კი ნამდვილად მეცინება, ადვოკატები დაპატიმრებულები რომ აღმოვჩნდით... ისე, პროკურორ ხიზანაიძის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას მაინც ვაპირებ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ