ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"

ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"

ვასრულებთ წლის ნომინაციების დასახელებას, თუკი ვინმე გამოგვრჩა, იმედია, გვაპატიებთ!.. შევეცადეთ, ყველა საინტერესო სახე მოხვედრილიყო ჩვენი ჟურნალის სიაში.

წლის "პატიმრების დედა"

ლალი მოროშკინამ მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების კადრები საჯარო გახდა, შოკის მიღებაც არ გვაცალა წესიერად, მაშინვე საპატიმროებთან გამწესდა და იქ ათენ-აღამებდა, შემდეგ კი ინტერვიუში ჰყვებოდა, როგორ დაუჩოქა პატიმრებს და უთხრა, ლალი ვარ მოროშკინაო. ერთ-ერთზე ისიც კი თქვა, ჩემი შვილის ტოლიაო. ამდენმა აქტიურობამ მას სოზარ სუბარის მრჩევლის პოსტი მოუტანა.

წლის "ადეიშვილი კაბაში"

თეა წულუკიანს უკვე შეარქვეს "ადეიშვილი კაბაში", თუმცა ახლანდელი იუსტიციის მინისტრი ძველის ნაკვალევს არ მიჰყვება და არც მის ფეშენებელურ, ევრორემონტიან კაბინეტში მოისურვა დაჯდომა. როგორც ჩანს, ეს მეტსახელი, უბრალოდ, ერთმა და იმავე თანამდებობამ გამოიწვია. თეა წულუკიანს ერთნაირი წარმატებით და მშვიდი სახით შეუძლია ისაუბროს როგორც მთამსვლელის საინტერესო ცხოვრებაზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულებზე.

წლის "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა"

ზურა ადეიშვილი ცხრა მთას იქით გადაიკარგა, არჩევნების შემდეგ მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ გამოძიებას დაემალა და ეს იურისტის მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა. რას ვიზამთ, თავად უკეთესად არ იცის, რა ცოდვები ადევს მხრებზე?

წლის "ენერგიული"

ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ არც აცია და არც აცხელა, კა-კას, ანუ კახი კალაძეს თავი ენერგეტიკის სამინისტროში უკრა. თუკი ვინმე არის ჩვენს მკითხველებს შორის, რომელმაც არ იცის, რით არის დაკავებული ზემოხსენებული სამინისტრო, გაცნობებთ, რომ აქ უბრალოდ, ენერგიული ადამიანები კი არა, ენერგეტიკის სფეროში ცოტა აზრზე მოსული ადამიანები ინიშნებიან. კალაძე ამას წინათ "კვირის პალიტრის" გამოკითხვაში ყველაზე არაეფექტურ მინისტრად დასახელდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად არ დაეთანხმა, კარგად მუშაობსო. ისე, ენერგიული ბიჭი კი ჩანს.

წლის "ცოტნე დადიანი"

სვიმონ მასხარაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "დიდი ისტორიკოსია", როდესაც ციხეში დაკითხვაზე გამოცხადებულ ბაჩო ახალაიასა და ცოტნე დადიანს შორის აშკარა პარალელი დაინახა. მისთვის თანამედროვე ცოტნე დადიანი სწორედ ბაჩო ახალაიაა, რომელიც გმირულად გამოცხადდა პროკურატურაში, არჩილ კბილაშვილმა კი, როგორც ჩანს, ესოდენ დიდი მსგავსება ბაჩანასა და ცოტნეს შორის ვერ დაინახა... ისიც არ არის ცნობილი, ფიგურირებდა თუ არა თაფლი ამ ამბავში.

წლის "ბაჩო ახალაიას ტურფა"

თეა თუთბერიძე ახალაიას დაკავებამ ისე აღაშფოთა, რომ სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ ექსმინისტრის სურათი დაიყენა, მანამდეც არაერთხელ გამოხატა სიმპათია ახალაიას მიმართ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ბაჩომ თანამდებობა დატოვა, თეა თუთბერიძე ახალაიათი ამაყობდა. შემდეგ კი, როდესაც ყოფილ თანამდებობის პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ციხიდან ციხეში არბენინებდნენ, თუთბერიძე ლამის მზად იყო, მასთან ერთად გაეტარებინა პატიმრობის დღეები. მოკლედ, შეყვარებული ქალივით იქცეოდა და ტურფას ნომინაციაც დაიმსახურა.

წლის "ტიტველი"

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის საუბარი მეგრელებზე, აჭარლებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მეჩითოვის სახლში, კერძოდ, სამზარეულოში ჩაიწერეს, სადაც ფოტოგრაფი მათ შიშველი გამოეცხადა. ტიტლიკანა ფოტოგრაფის შინაურული საუბარი მაშინ გახდა აქტუალური, როდესაც ის კულტურის მინისტრის მოადგილედ წარადგინეს. ატყდა ერთი ამბავი და გაწევ-გამოწევა, ასეთი ადამიანი რატომ უნდა იყოს მინისტრის მოადგილეო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გურამ ოდიშარიამ მიიღო გადაწყვეტილება და მეჩითოვი მოადგილეობიდან მოხსნა.

წლის "ზრდილობიანი"

კულტურის მინისტრის მეორე მოადგილე, ხათუნა ხუნდაძე, სკანდალის ეპიცენტრში მოექცა, როდესაც "ფეისბუქზე" მიშა სააკაშვილის ლანძღვა-გინების სტატუსები "ამოულაგეს" და მინისტრს ლამის ხონჩით მიართვეს, ნახეთ, რა ზრდილი მოადგილე დაგინიშნავთო. შედეგი იგივე იყო, რაც იური მეჩითოვის შემთხვევაში, ხუნდაძე მოა­დგილეობიდან გაათავისუფლეს.

წლის "ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავთ"

შალვა ნათელაშვილი 2012 წლის განმავლობაში ხშირად გვახსენებდა თავს და ორ ფრონტზე "ხანჯლაობდა", მიხეილ სააკაშვილსაც "ესპორებოდა" და ბიძინა ივანიშვილსაც, საბოლოო ჯამში კი მისმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და დაგვრჩა შალიკო პარლამენტის მანდატის გარეშე და შესაბამისად, დასახევიც არაფერი აქვს. არჩევნების შემდეგ ნათელაშვილმა თვითონაც დაისვენა და ჩვენც დაგვასვენა, აღარ მართავენ ლეიბორისტები დღეში ცხრაჯერ ბრიფინგებს ამა თუ იმ საჭირბოროტო თემაზე, ნათელაშვილიც აღარ ზის დათო აქუბარდიასთან საათობით და აღარ ართობს აქუს მაყურებლებს, ძველებური იუმორიც აღარ იღვრება ტელევიზიიდან... დაგვიბრუნდი, შალვა, რაღაც ნამეტანი გავსერიოზულდით!..

წლის "პოლიგლოტი"

შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პერიპეტიები, არჩევნები-შმარჩევნები, საერთოდ არ შეხებია "ცეკვავენ ვარსკვლავებს", რადგან ცნობილი სახეები და მათი პარტნიორები დიდი ენთუზიაზმით აქნევდნენ ერთ ადგილებს რიტმის შესაბამისად, მოვისმინეთ ისეთი გამონათქვამი, როგორიც არის "სექსი პარკეტზე" და რაც მთავარია, მივხვდით, რომ ქართველ ტელეწამყვანებს შორის ყველაზე მეტი ენა ბექა ელბაქიძემ იცის, რომელმაც პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, მისი ფრაზიდან ყოველი მეორე სიტყვა იტალიურია. მართალია, ჩვენ ვერაფერს ვიგებთ, სამაგიეროდ, ორიგინალურია.

წლის "კატების ჩხუბი"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრმა ია ფარულავამ არანაირად არ გაახარა თაკო გაჩეჩილაძე, რომელსაც რა აღარ უწოდა, თაკოც აჰყვა და მათმა ჩხუბმა ტელეეკრანებიდან კულისებში გადაინაცვლა, თაკომ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ეწერა, რომ ფარულავამ უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა საგრიმიოროში, თაკო აპირებდა, მისთვის სასამართლოში ეჩივლა, თუმცა მას მერე ტელეფონს არ იღებს, რათა შევიტყოთ, უჩივლა თუ არა საბოლოოდ.

წლის "მათემატიკოსი"

შორენა შავერდაშვილმა მათემატიკის "ღრმა" ცოდნით დაგვამახსოვრა თავი. გარდა იმისა, რომ კახა ბენდუქიძესთან გადაცემაში დიდხანს ითვალა რაღაცები და ვერ დაითვალა, "კვირის აზრებში" ისიც გაგვაგებინა, რომ კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. შემდეგ კი ერთ ლარად გადაწყვიტა "მეცხრე არხის" შეძენა, რათა თავისი მენეჯერული თვისებები გამოეყენებინა ზემოხსენებული ტელევიზიის ასაღორძინებლად. საბოლოოდ ყველანი გაკვირვებული დავრჩით, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობაზე არ შეიტანა განცხადება, მაგრამ ალბათ ამისთვის ვეღარ მოიცალა...

წლის "ოხუნჯი"

გოგა ხაჩიძე, მას შემდეგ, რაც მინისტრი აღარ არის, "ფეისბუქზე" ოხუნჯობების მთელ კასკადს გვახვედრებს. ჟურნალისტები დილას, შუადღეს და საღამოს ხაჩიძის გვერდზე იჭყიტებიან, რომ იქ მისი იუმორის მორიგი გამოვლინება შეაფასონ და შემდეგ რომელიმე მასალაში გამოიყენონ. ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრისას პარლამენტში მას მორიგი ანეკდოტის მოყოლა სთხოვა, კარგ ამინდებში პარლამენტში ველოსიპედით დაიარება და არც ერთ საინტერესო მომენტს არ ტოვებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი თავისი ტელეფონით არ გადაიღოს, მოკლედ, ყველა მედიასაშუალების იძულებითი კორესპონდენტი გამოდის.

წლის "გაორებული"

პოლიტიკური ზოდიაქო რომ მზადდებოდეს, ალბათ, ვანო მერაბიშვილის ფიგურას ტყუპის ზოდიაქოს მიუსადაგებდნენ. ლევან მაისურაძის პასპორტაღმოჩენილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პიროვნულადაც გაორდა. ეტყობა, არჩევნებმა მასზე სტრესულად იმოქმედა.

წლის "ყურებჩამოყრილი"

ქართველ საზოგადოებას ენატრება თავისი პრეზიდენტი, რომელიც ყველა ტელევარსკვლავზე უფრო დიდი ვარსკვლავი გახლდათ, ყველას ოჯახს სტუმრობდა 2-საათიანი ბრიფინგებით და არც მოწყენის საშუალებას გვაძლევდა. ახლა პრეზიდენტს ისე ხშირად ვეღარ ვხედავთ ტელევიზიით, რაც მართალია, გარკვეულ ნოსტლაგიას აღძრავს, მაგრამ ამას წინათ თავადაც აღიარა, ალბათ, ქართველ ხალხს მოვბეზრდიო. ბოლო დროს ცოტა ყურებჩამოყრილია, მაგრამ თავად ფენიქსებრ აღდგენის იმედი ჯერ კიდევ შერჩენია.

წლევანდელ ნომინაციებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტით ვასრულებთ, ის კი თავის ვადას როდის დაასრულებს, იანვარში თუ ოქტომბერში, დრო გვიჩვენებს, შემდეგი წლის ნომინაციების ათვლა უკვე დაწყებულია. ვინ მოხვდება "რეიტინგის" ობიექტივში, ამას 2013 წლის დეკემბრის ბოლოს შეიტყობთ!..

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"