გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ირაკლი ოქრუაშვილის ქუჩაში სიარული ოპოზიციისთვის საფრთხეს, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ბევრი შეთითხნილი ეპიზოდი არსებობს.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ფრთიან ანგელოზად არ მიიჩნევს, თუმცა მის მიმართ წინა ხელისუფლებიდან გარკვეული ეპიზოდები შეთითხნილი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პროკურატურამ მასთან მიმართებაში გარკვეულ საქმეებზე ძიება შეწყვიტა.
რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონი დაიცვას.
"როცა ბრალდებული თავისი ნებით ჩამოდის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას, რაც ოქრუაშვილის შემთხვევაში სასამართლომ არ განახორციელა. როგორც ჩანს, "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონით იმოქმედოს. თუ რატომ ეშინია ჩვენს ოპოზიციას ოქრუაშვილის ქუჩაში სიარულის, ეს ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი არ ფიგურირებს ამნისტიის შესახებ კანონში, რომელიც პრეზიდენტს უდევს წინ.
"ოქრუაშვილი კანონში არ ფიგურირებს, რომელიც ჩვენს ოროსან პრეზიდენტს უდევს წინ და არ იცის, ხელი როგორ მოაწეროს. ალბათ მას ურჩევნია, რომ გაათავისუფლოს ისეთი დამნაშავეები, რომლებიც მალევე შებრუნდებიან ციხეებში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.