პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ბრალად ედებოდა, თითქოს სამშენებლო ფირმების - "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანისა" და "პრიზას" უპირატესობა მიანიჭა და გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე. ბრალდების მიხედვით, ამ საწარმოებმა შეასრულეს ათობით მილიონი ლარის სამუშაო, საიდანაც კომპანიებმა ასი ათასობით ლარი მიითვისეს.
ასევე, როგორც მიქაბერიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უპირატესობა მიენიჭა ფირმა "ტრანსპორტ დეველოპმენტ ელ-თი-დი-ს", რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 4 000 ტონა საწვავის მიწოდებაზე, ამ შემთხვევაში ფასი მეტი აღმოჩნდა იმავე პერიოდში საქართველოში საწვავის სხვა მომწოდებლის ფასზე, რის გამოც სახელმწიფომ იზარალა 205 500 აშშ დოლარი. მას ბრალად ედებოდა, თითქოს თბილისში, ათონელის ქუჩაზე 2007 წლის აპრილში სხვა პირებთან ერთად შეძენილ ფართში გადაიხადა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 1 800 000 აშშ დოლარი და ამ გზით მოახერხა მისი ლეგალიზება.
როგორც თემურ მიქაბერიძემ აღნიშნა, გამოძიებისას დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ორივე შემთხვევაში ხელს აწერს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მის მიმართ მტკიცებულებები არ მოიპოვება არც ერთ ზემოხსენებულ ეპიზოდში.
ამასთან, მიქაბერიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები კიდევ სამ საქმეზე. ერთ-ერთს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო და ეხება ქრთამის აღებას.
"ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც "ჯეოსელის" აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებები. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ჩვენება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია. ამ საქმეშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ბრალდებაზე ხსენებულ საქმეში", - განაცხადა თემურ მიქაბერიძემ.
გარდა ამისა, ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო ფორმირების შექმნა და სამსახურებრივ გულგრილობას. მიქაბერიძის განმარტებით, მთავარი პროკურატურა გულდასმით სწავლობს აღნიშნულ საქმეებს და უახლოეს მომავალში მათთან დაკავშირებითაც მიაწვდის საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას.
ამასთან, როგორც მიქაბერიძემ აღნიშნა, სასამართლომ 4 იანვარს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ოქრუაშვილთან მიმართებაში.
"პროკურატურა არის ბრალდების მხარე, მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება, მოითხოვოს პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. აღკვეთის ღონისძიებიდან ყველაზე მძიმე ღონისძიებაა პატიმრობა, ხოლო უფრო მსუბუქი – გირაო. სასამართლოს უფლება არ აქვს, პირს შეუფარდოს პროკურატურის მიერ მოთხოვნილზე უფრო მძიმე ღონისძიება. სასამართლომ შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ მოვითხოვდით ირაკლი ოქრუშვილისთვის პატიმრობის შეცვლას გირაოთი არ დააკმაყოფილა და არ დაასაბუთა, რასაც მივიჩნევთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რითაც ირაკლი ოქრუაშვილი უკევ სასამართლოს პირადი პატიმარი გახდა", - განაცხადა მიქაბერიძემ.
აქედან გამომდინარე, პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე 10 იანვარს აპირებს ბრალდებაზე უარის თქმას, რაც, როგორც მიქაბერიძემ განაცხადა, გამოიწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
"იმედი გვაქვს, რომ ეს სასამართლო პროცესი მართლაც 10 იანვარს ჩატარდება და სხვა მოტივებით განუსაზღვრელი დროით არ გადაიდება", - განაცხადა მიქაბერიძემ.