2013 წელი მართლაც უჩვეულოდ დაიწყო. ბევრის (მათ შორის - პოლიტიკოსების) ცხოვრება თავდაყირა დადგა. ზოგი ციხეშია, ზოგიც, ვინც ადრე თავად პატიმარი იყო, თანამდებობის პირი გახდა. ასეთი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინაა, რომელიც 2011 წლის მიწურულს საპყრობილეში თავად იყო გამოკეტილი. ჩვენ მას სადღესასწაულო დღეებში ვეწვიეთ. ქალბატონმა ლალიმ საინტერესო ამბები გაგვიმხილა - თურმე ნუ იტყვით და, ძველი ხელისუფლების წევრების ყოფილი გრძელფეხება ცოლები ახლა ახალი ხელისუფლების წევრებს აბამენ სიყვარულის მახეში.
- 2013 წელი ფანტასტიკურად დაიწყო. ორი დღით ოჯახისთვის მოვიცალე. მანამდე ისეთი არანორმალური რეჟიმი მქონდა, რომ როცა ჩემი შვილები იღვიძებდნენ, მე ვიძინებდი. 31-ში მოვესიყვარულეთ ერთმანეთს და არაჩვეულებრივი "ბომჟ-ფართი" მოვაწყვეთ, ასე ვეძახით ხოლმე... რაც იმას ნიშნავს, რომ სუფრა გაშლილია, ჩვენ კი, მე, ჩემი შვილები და კატა, ტელევიზორთან ვართ ბედნიერად წამოგორებული. ამ წელმა მოიტანა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მეწინააღმდეგებოდნენ, უკვე მოტეხილი არიან. ის კი, ვისაც შავ სიაში ვყავდი და ცხრა წელი გასაქანს არ მაძლევდა, ახლა თავად არიან არასახარბიელო მდგომარეობაში. რა არ გააკეთეს: ჩემი ოჯახის წევრებს ბიზნესს უბლოკავდნენ, ძმა და შვილი უმუშევარი დამიტოვეს, მოკლედ, ყველაფერი იღონეს, რომ ვერ მესუნთქა. არჩევნების წინ ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომლები შემხვდნენ და დამემუქრნენ, იცოდე, შენი აქტიურობა ამჯერად არა 15 დღით, არამედ 15 წლით დამთავრდებაო. სხვათა შორის, ვინც ეს მითხრა, რამდენიმე დღის წინ შევნიშნე ერთ-ერთ კაფეში, თვალს ვერ მისწორებდა.
არაერთი ჩემი მოწინააღმდეგე ახლა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა,
არადა, 2011 წლის მიწურულს, მე მოვხვდი ციხეში. ჩემი გათავისუფლება ახალი წლის მოახლოებას დაემთხვა. საერთოდ, მჯერა სასწაულებისა და სიკეთის, ალბათ, ამიტომაც არის, რომ ყოველი ჩემი წიგნი ჰეფი ენდით მთავრდება.
- ახლა ცოტა წავიჭორაოთ. როგორც გავიგე, ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არჩევნებში მარცხის შემდეგ ცოლი გაშორდა.
- კი, ვიცი. თავის დროზე დავწერე კიდეც (წიგნში "უსექსობა პატარა ქალაქში"), თუ როგორ გახდნენ ყოფილი ვიზაჟისტები, სტილისტები და საუნის გოგონები მაღალჩინოსნების ცოლები, როგორ გაიკეთეს კარიერა, ლოგინში ჩახტომით როგორ მოირგეს "პირველი ლედობა", რას სჩადიოდნენ მოქმედი გუბერნატორები... ცხადია, ამ წიგნის შეტანა აკრძალული იყო ციხეებში, ისევე როგორც ჩემი მორიგი წიგნისა "გისოსებს მიღმა საქართველოა". ეს წიგნი პირდაპირ ასახავდა იმას, რაც ციხეებში ხდებოდა და გაიგივებული იყო სატანიზმთან. ახლა ძალიან ვამაყობ, რომ წინა რეჟიმმა აკრძალა ჩემი წიგნები. რასაც ვწერდი, იმის უკუპროცესები ახლა დაიწყო. მათ, ვინც გრძელი ფეხები მხოლოდ იმისთვის გამოიყენეს, რომ თბილად ეცხოვრათ, უკვე აღარ მოუნდათ პოლიტიკურად დისკრედიტირებული მეუღლეები. ასე რომ, ძალიან კარგი მასალა მაქვს შემდეგი წიგნისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, მის დასაწერად დრო აღარ მექნება.
- ანუ გაქვთ მასალა, რატომ შორდებიან ცოლები პოლიტიკურად წარუმატებელ მეუღლეებს და როგორ აგრძელებენ კარიერას?
- კი ბატონო... შორდებიან პოლიტიკურად დისკრედიტირებულ მეუღლეებს და არც მალავენ, რომ ახლა ყოფილი ქმრები მათთვის მხოლოდ ტვირთია. იმაზე კი აღარაფერს ამბობენ, რომ ეს წლები ხაზინის ხარჯზე იცხოვრეს. ერთხელაც არ უკითხავთ, ვის აკლდებოდა ის ფული, რომელიც მათ გართობასა და გაუთავებელ კონცერტებზე იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ბევრ რამეს მაინც ვამჩნევ და ვიგებ. ხომ იცით, თბილისი პატარაა და არაფერი იმალება. ჩემს თვალს არ გამოჰპარვია, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ახალგაცილებული ცოლი უკვე ფლირტაობს ახალი ხელისუფლების წევრებთან! ცდილობენ, ერთი ნავიდან მეორეში გადაბარგებას. როგორც ჩანს, ბევრი ახალი და საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით.
- იქნებ დააზუსტოთ, ვის გულისხმობთ?
- მე ასეთ სათქმელს მხოლოდ წიგნში ვამბობ...