თბილისის დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, უამინდობას გადაადგილების თვალსაზრისით დედაქალაქში პრობლემები არ შეუქმნია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დასუფთავების სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა განუცხადა, დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს.
"სამუშაოები გამთენიისას, 05:00 საათიდან დავიწყეთ და ამ დრომდე გრძელდება. იქედან მოყოლებული ქუჩებში დაახლოებით 300 ტონა მარილი მოვაყარეთ. ახლა ძირითადი აქცენტი წყნეთის, კოჯრისა და თბილისთან შემოერთებულ სოფლებზე გვაქვს გადატანილი, რადგან დედაქალაქში პრობლემები ნაკლებადაა", - აღნიშნა შიოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, ტექნიკური მარილი დაიყარა როგორც თბილისის ცენტრალურ, ისე მეორეხარისხოვან ქუჩებზე.
"ამ დროისთვის კი ჩვენი ჯგუფები უკვე გასვლას იწყებენ ცხელ ხაზზე შემოსულ მისამართებზე და დავეხმარებით ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უამინდობის გამო რაღაც პრობლემა შეექმნათ", - განმარტა თბილისის დასუფთავების სამსახურის უფროსმა.
თბილისში თოვა წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.