ჩვენ არ ვენდობით დღევანდელ სასამართლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ პარლამენტს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
"არ მინდა ამ ზოგადი ხასიათის შეფასებაში მოვახვედრო ყველა მოსამართლე, რადგან არის მოსამართლეების ჯგუფი, რომლებმაც რთულ პირობებში მოიტანეს პროფესიული სინდისი და არ გადალახეს გადაულახავი ზღვარი, მაგრამ არიან მოსამართლეები, რომლებმაც გადალახეს ზღვარი და გააჩინეს უსამართლო სამართალი. გარდა ამისა, რადგან გარკვეულ საქმესთან მიმართებაში დაისვა შეკითხვა, ხომ არ იყო ის პოლიტიკურად მოტივირებული, მთავარ პროკურორს გაუჩნდა ინიციატივა, რომ გაგვეფართოებინა მსჯავრდებულთა წრე და ხალხს გადაეწყვიტა ასეთი საქმეები. მაგალითად, ხალხმა გადაწყვიტოს არის თუ არა დამნაშავე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არის თუ არა დამნაშავე გენერალი კალანდაძე და ა.შ.", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს.
იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.
პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს დაემატება მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ეხება:
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეკავათ ან უკავიათ შესაბამისი თანამდებობა;
იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ზემოაღნიშნულ პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.
კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება და, აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირთათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დემოკრატიული ინსტიტუტით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა, რადგან, როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტს საზოგადოება მეტად ენდობა.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა.