რის სანაცვლოდ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ელჩების გამოწვევა?

რის სანაცვლოდ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ელჩების გამოწვევა?

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიაცია "ქართული ოცნების" წევრები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობასო. ასევე რესპუბლიკელმა და პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ კი ბრძანა, არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი ჰყავდესო. რა იგულისხმა ამ განცხადებაში და აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამას ბატონი ვახტანგისგან შევიტყობთ:

- დაბეჯითებით არ მითქვამს, რომ აუცილებლად ასე მოხდება და კოალიციას მაინცდამაინც რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. ვთქვი, ყველაფერი შესაძლებელია-მეთქი. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღოთ კოალიციურ ფორმატში და წარვადგინოთ ერთი კანდიდატი, შეიძლება კოალიციის წევრმა რომელიმე პარტიამ მხარი არ დაუჭიროს ასეთ გადაწყვეტილებას და კანდიდატი დამოუკიდებლად დაასახელოს - ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს. არც ისე დიდი დროა დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამიტომ ზაფხულის დასაწყისში საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა იყოს. მაინც ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, კოალიციის წევრთა უმრავლესობა ერთ კანდიდატს წარადგენს. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ეს არის პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილის თეორიული ვარაუდი. თვითმმართველობის არჩევნებამდე წელიწად-ნახევარი კიდევ არის დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, თუმცა ამჯერად იმის დაბეჯითებით თქმისთვის, რომ "რესპუბლიკური პარტია" ცალკე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, საფუძველი არ არსებობს.

- პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაგასახელათ პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად. მზად თუ ხართ იტვირთოთ ეს პასუხისმგებლობა?

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, ხელისუფლების როგორი მოდელი იქნება ქვეყანაში. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვიწერია, რომ კოალიციის წევრთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკას. საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქცია ძალიან განსხვავდება მმართველობის სხვა მოდელებში არსებულისგან. პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, მისი როლი არის უფრო არბიტრის, მედიატორის, კონსტიტუციის დამცველის და ა.შ. უახლოეს მომავალში პარლამენტი დაიწყებს მუშაობას კონსტიტუციის რეფორმაზე და მალე გამოჩნდება, საით მივდივართ. საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, თუ ბატონი ბიძინას გარდა, კოალიციის სხვა სუბიექტებიც დამიჭერენ მხარს, შესაძლებელია, მართლა ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე. თუ რომელიმე პარტიამ მხოლოდ კონკურსში მონაწილეობისთვის დააყენა ჩემი კანდიდატურა, კოალიციის დანარჩენ წევრებს კი სხვა, ერთობლივი კანდიდატურა ეყოლებათ, მაშინ, ალბათ, არ დავთანხმდები.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე მიღწეულია?

- ახლა რაც არის ინიცირებული, ამ ცვლილებებს უფრო კოსმეტიკურს დავარქმევდი, მისი მიზანია პოლიტიკური კრიზისის იმ რისკების შემცირება, რომელიც ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაშია. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, ამაზე მუშაობა მალე დაიწყება და ის ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მოწყობის კონსტიტუციური მოდელის შეცვლას. კობა დავითაშვილის განცხადების შესახებ კი არაფერი ვიცი, ვიმედოვნებ, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდამჭერები ეყოლება უმცირესობაშიც. მოგეხსენებათ, ორი ცვლილება მზადდება, ერთი ეხება იმას, რომ პარლამენტის ადგილსამყოფლად არ იყოს განსაზღვრული ქუთაისი, დიდი ალბათობით ამას ბევრი დაუჭერს მხარს ოპოზიციაშიც. მეორე ცვლილება კი პოლიტიკური კრიზისის რისკის შემცირებისთვისაა ინიცირებული, ანუ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაითხოვს­ მთავრობას და შემდეგ - პარლამენტს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე უფლებამოსილებას შეინარჩუნებს ძველი, ანუ დათხოვნილი მთავრობა. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილების განსახორციელებლად საპარლამენტო ოპოზიციაშიც მოიძებნება დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა. ეს ბოლო ცვლილება თუ არ განხორციელდა, ნოემბრამდე ვიქნებით დამოკლეს მახვილის ქვეშ, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოვარდება.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნას შეიძლება ძალიან დიდი კრიზისი მოჰყვეს და, არ არის გამორიცხული, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლოს, რაც ძალიან სახიფათოა, ვფიქრობ, ეს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული პოლიტიკურ მოთამაშეებსაც. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამგვარი კრიზისის შექმნის ალბათობა მცირეა, ამასობაში, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ეს ცვლილებაც განხორციელდება, რის შემდეგაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთავრო­ბისა და პარლამენტის გადაყენების შესახებ უკვე აღარ იქნება სახიფათო. ამ ცვლილების მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ასრულებდეს საზოგადოების ნება-სურვილს, რაც გამოიხატა პარლამენტის არჩევნებში, შესაბამისად, მთავრობაც ისეთი უნდა იყოს, რომელსაც მხარს დაუჭერს საზოგადოების უმრავლესობა, რაც საპარლამენტო უმრავლესობაშია ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება დაპირისპირების გამწვავების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის საფრთხე.

- რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი დათანხმდა ელჩების გამოწვევას, არ წყდება მითქმა-მოთქმა თქვენს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის გარიგებაზე...

- ტერმინ "გარიგებას" ჩვენში რატომღაც უარყოფითი დატვირთვა აქვს - გარიგებაში მაინცდამაინც რაღაცა ცუდს გულისხმობენ. არადა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება შეთანხმებები პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. გონიერი პოლიტიკოსების მიზანია, როგორმე მოახერხონ და შეთანხმდნენ, რაც თავისთავად ურთიერთდათმობას გულისხმობს, რომლის დროსაც სრულად ვერც ერთი მხარე ვერ შეისრულებს სურვილებს. თუნდაც ის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი წარუდგინა და არა ის, ვინც მას უნდოდა, დათმობა იყო. პარლამენტმაც დაუთმო პრეზიდენტს და სამთავრობო დაცვის ერთი ნაწილი დაუტოვა პირად დაქვემდებარებაში, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ელჩების გამოწვევის თაობაზე.

- "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი ამბობდა, რომ პრეზიდენტი ელჩების გამოწვევის სანაცვლოდ რიგი სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას ითხოვდა, ნახსენები იყო გირგვლიანის საქმე. ამგვარი შეთანხმებაც ხომ არ ყოფილა?

- ასეთი შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცი.

- ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის ერთწლიანი პროცესი. საბოლოოდ მივიღეთ მოდელი, რომელიც ისევ საკუთარ თავზე მოირგო "ნაციონალურმა მოძრაობამ". თქვენც საკონსტიტუციო რეფორმაზე ლაპარაკობთ, ხომ არ მოხდება ისე, რომ ამ ცვლილებით ისევ მმართველი ძალა იხეირებს?

- ეს რომ ასე არ მოხდება, ამისთვის საკმარისია ჩავიხედოთ "ქართული ოცნების" წინასარჩევნო პროგრამაში. ამჟამინდელ მმართველ ძალას კონსტიტუციის თავის თავზე მორგება რომ სურდეს, იმ ცვლილებას, რომელიც ორი წლის წინ იყო მიღებული და რაც უნდა ამოქმედდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არ შეცვლიდა, რადგან ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება ისეთივე განუსაზღვრელი უფლებების მქონე, როგორც ამ მოდელამდე პრეზიდენტი იყო. ჩვენ ამას არასწორად მივიჩნევთ და აუცილებლად შევცვლით, რადგან გვსურს მმართველობის გაწონასწორებული სისტემა. ამისთვის კი საჭიროა პრემიერისა და მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვა. ეს საკმარისი მაგალითია იმისთვის, რომ ნამდვილად არ ვაპირებთ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას.

ესაუბრა ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა