"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."

"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."

"პატრულის ჩანაწერები" - ამ სათაურით გამოვა წიგნი, სადაც პატრულის თანამშრომელი როსტომ სამხარაძე, მკითხველს პროფესიული მოვალეობის შესრულების სირთულეებზე, ხალისიან ამბებსა და ადამიანებზე მოუთხრობს. ჩანაწერების გაკეთებისკენ მას წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ და მუშაობის პროცესში გაცნობილმა საინტერესო პერსონაჟებმა უბიძგა. პატრულის თანამშრომელი ჩანაწერების გარდა, ფოტოხელოვნებითა და პოეზიითაც არის გატაცებული. "მე პოლიციელი ვარ. ჩემი ქვეყნისა და საქმის პატრიოტი და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემს ხალხს და სახიფათო პროფესიას პირნათლად ვემსახურო," - ასეთია წიგნის შესავალი, რომელსაც პატრულის თვალით დანახულ მძინარე და მღვიძარე თბილისში მომხდარი ამბები მოჰყვება. მოსაგონარი კი უამრავი აქვს, რადგან ჩვენი რესპონდენტი იმ დროიდან მუშაობს, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურა საზოგადოების ნდობასა და პატივისცემას მოიპოვებდა.

- ჩვენთვის არ არსებობდა უქმე და დღესასწაული. არაერთი შემთხვევა ყოფილა, ახალი წლის შემობრძანებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფორმა ჩამიცვამს და გამოძახებაზე გავსულვარ. ეს იოლი არ არის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ შენს საქმეში ბოლომდე დაიხარჯო, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი გეჩვენება... ადრე 24-საათიანი გრაფიკი გვქონდა, ახლა 12-საათიანზე გადაგვიყვანეს. ყველაზე არასახარბიელო დრო საღამოს 9-დან დილის 9-მდეა, განსაკუთრებით დღესასწაულებში, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობა მთვრალია და მათ ადამიანურ ენაზე უნდა აუხსნა, რომ კანონის წინაშე მთვრალი და ფხიზელი თანასწორია. ამის გაგება ზოგს არ უნდა და გვეჭიმება, - ბიჭო, როგორ მელაპარაკები, ვინ გგონივარო... ჰოდა, ჩვენც სანამ მოთმინება გვყოფნის და კანონი მოთმინების უფლებას გვაძლევს, ვუთმენთ, მერე კი - ჯარიმა და მისი ჯანი... ცოტა უფრო შორიდან დავიწყებ საუბარს, - იმ დროიდან, როდესაც საპატრულო სამსახურში დავიწყე მუშაობა, ამ სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალი იყო. მძიმედ მახსენდება პირველი ნაბიჯები, რადგან ხალხის ნდობის მოპოვება გვიწევდა. პირველ დღეებში საზოგადოება უფრო გვაკვირდებოდა, ვიდრე ჩვენთან თანამშრომლობდა. დანაშაულის აღმოფხვრასთან ერთად, ძნელი იყო მენტალობასთან ბრძოლა. სკოლის ასაკის ბავშვებიც კი "კაი ბიჭობაზე" ლაპარაკობდნენ. ასეთი აზროვნების შეცვლა დანაშაულთან ბრძოლას არაფრით ჩამოუვარდებოდა... მოკლედ, ყველას აინტერესებდა, პატრული ხალხის სამსახურში ჩადგებოდა თუ "გაის" მისიის გამგრძელებელი იქნებოდა. განსაკუთრებით მძღოლები გვიყურებდნენ ეჭვიანი თვალით.

- ამ დროს პოლიციელების მხრიდან ცდუნება თუ იყო?..

- მე, საბედნიეროდ, არ მქონდა და სხვას არ ვიცი. თავიდან ეს ყველაფერი საკუთარი თავის გამოცდას ჰგავდა. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება იყო, რაც ჩემს კოლეგებს ქრთამის აღების მოტივაციას არ აძლევდა. თუმცა, ალბათ გახსოვთ, რომ წვრილმანი გადაცდომები მაინც იყო. მთლიანობაში კადრები სწორად იყო შერჩეული და რაც მთავარია, იდეაც საზოგადოებამდე სწორად იყო მიტანილი... როდესაც პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ, განსაკუთრებით მახსოვს, რომ თითქმის ყოველდღე ყველაფერზე გვიძახებდნენ. ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და უნდა მიშველოთო... ასეთ შემთხვევებში, თავიდან ცოტათი ვიბნეოდი, არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი, მაგრამ ჩემმა პროფესიამ თანდათან ფსიქოლოგიც გამხადა. შემდეგ, ხალხმა დაინახა, რომ არა მხოლოდ წესრიგს ვიცავდით, არამედ ვეხმარებოდით კიდეც. ჯერ გაოცდნენ, მერე კი რამდენჯერმე გადაგვამოწმეს.

მახსოვს, ერთხელ პატრულში დარეკეს, ვიღაც მამაკაცს გზა აებნა, სახლს ვეღარ აგნებსო. ჩემს "გასაძახებლად" მაშინ 414 უნდა აგეკრიფა, დამიკავშირდნენ, მუხიანის გადასახვევთან უნდა მიხვიდეთო. ხალხს არ ეგონა, რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში შედიოდა და ასაკოვან მამაკაცს რომ გამოველაპარაკეთ, გაოცებით შემოგვყურებდნენ. დიდი წვალებით გავიგეთ გზააბნეული მამაკაცის, უფრო სწორად, მისი შვილების სახლის მისამართი. მოხუცი რაიონიდან იყო ჩამოსული შვილების სანახავად. ასაკთან ერთად, ცოტა სკლეროზიც შემოჰპაროდა და ლაპარაკის დროს ხან თბილისს ახსენებდა, ხან - თავის რაიონს... როდესაც მის ქალიშვილს ასაკოვანი მამა მივუყვანეთ, ჯერ გაოცდა, მერე კი სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მე მგონი, პირველად მაშინ დამკვიდრდა გამოთქმა - "დიდი მადლობა პატრულს". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი მისი მადლიერი თვალები მართლა არასდროს დამავიწყდება.

- ამ ხნის განმავლობაში ალბათ არაერთხელ მოგიწიათ სადღესასწაულო დღეებში მორიგეობამ...

- დიახ, მუშაობის დაწყების პირველივე წელს მომიწია მორიგეობამ. დღესასწაულის ღამეს, ქართული ხასიათიდან, კონკრეტულად - სასმელთმოყვარეობიდან გამომდინარე, უამრავი ტრაგედია ხდება, მაგრამ რახან დღესასწაულია, მორიგეობის დროს თავს გადახდენილი ამბების თხრობას სახალისო შემთხვევით დავიწყებ: 12 საათის შესრულებას წუთები აკლდა, როცა გამოძახება მივიღეთ, ამა და ამ მისამართზე საოჯახო კონფლიქტიაო. აი, მესმის ოჯახი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რაღას ვიზამდი, წავედი. ბინაში შესულებს, მე და ჩემს მეწყვილეს, 45 წლამდე ასაკის ნასვამი, გაბურძგნილი, წვერიანი მამაკაცი დაგვხვდა და თავაზიანად შეგვიპატიჟა, - მობრძანდით, მე გამოგიძახეთო. ვიფიქრე, ასეთ ტიპებს ბინაც საშინლად არეულ-დარეული ექნება-მეთქი, მაგრამ შევცდი: სადა, მაგრამ გაწკრიალებულ ბინაში შევედით. დივანზე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იჯდა და ტიროდა. კაცმა თავისი პრობლემის მოყოლა დინჯად დაიწყო: მესაფლავე ვარ. დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად ვშრომობ, ოჯახს რომ არაფერი მოვაკლო, არადა, ხომ შემიძლია, ეს ფული სხვადან წავიღო და ცოლ-შვილს აღარ მოვუტანო. მე ასე არ ვიქცევი, ყველაფერი ოჯახში მომაქვს. საღამოს სახლში დაქანცული მოვდივარ და... (ამ დროს ატირებულ ცოლს გახედა) ერთი წელია ვეხვეწები, მაგრამ ჩემი ცოლი არ მეკარებაო... არ მახსოვს, როგორ შევიკავე და "ჩავიბრუნე" სიცილი. კინაღამ ფილტვები გამისკდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაღიმებაც კი არ შეიძლება. ოთხი შვილი ჰყავდათ... ოჯახური კონფლიქტი ყველაზე მძიმე თემაა და რაც უფრო ღრმად ცდილობ სიტუაციაში გარკვევას, მით მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. შევეცადე, ქალს გავსაუბრებოდი. როგორც გითხარით, ზოგჯერ ფსიქოლოგობაც გვიწევს. დიასახლისმა შემომჩივლა, - სამუშაოზე სვამს და სახლში მოსულს დაბანაც ეზარება. ასეთ მამაკაცთან ცხოვრება ძნელიაო. ვთხოვე, ეცადეთ, დაელაპარაკოთ, გვერდში დაუდგეთ, ეს პრობლემა ერთად უნდა მოაგვაროთ; ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გიშველით-მეთქი... რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთმანეთს მაღაზიაში შევხვდით. მიცნო და გამომელაპარაკა, - თქვენი რჩევა გავითვალისწინე და მეუღლე გამოსწორდაო.

- ასეთი სახალისო ამბავი ხშირია?

- მუშაობის დაწყების დღიდან ყველა ადგილი და შემთხვევა მახსოვს, სადაც კი რამე საინტერესო გადაგვხდენია მე და ჩემს მეწყვილეს... 31 დეკემბრის საღამოს საოცარი კურიოზები ხდება. 10 საათიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობების პიკია. ყველა ცდილობს, როგორღაც "გაძვრეს" და დროულად მივიდეს სახლში. სწორედ ამ დროს იწყება ჩვენი თავსატეხი. ამასთან დაკავშირებით, ერთ ამბავს მოგიყვებით. ქალაქში ძალიან მაგარი საცობი შეიქმნა და მის გასანეიტრალებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. უცებ გვერდიდან შხუილით გამოიჭრა მანქანა. ვიფიქრე, მძღოლს უკვე მოუსწრია ახალი წლის აღნიშვნა-მეთქი, მაგრამ საჭესთან ქალი აღმოჩნდა. მაშინ მძღოლი ქალი ასე ხშირად არ შეგხვდებოდა, მით უმეტეს, გლდანში. იმედია, გლდანელები არ მიწყენენ... მძღოლს ღიმილით ვთხოვე, - ქალბატონო, ნელა იარეთ, რა გეჩქარებათ-მეთქი? - მე არა, ამას ეჩქარებაო, - და მუცელზე დაიდო თითი. თურმე ფეხმძიმე ყოფილა. მით უმეტეს, ნელა უნდა იაროთ-მეთქი.

შარშან პატრულირებისას მანქანამ გზა ისეთი მკვეთრი მოძრაობით შეგვიზღუდა, რომ ძლივს დავამუხრუჭეთ. მე და ჩემი მეწყვილე მივხვდით, რომ მძღოლი ნასვამი კი არა, მაგარი მთვრალი იყო. ძლივს დავეწიეთ. ტაქსი იყო და, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, მგზავრიც ჰყავდა. როგორღაც გავაჩერეთ და მანქანის კარი რომ გამოვაღე, მძღოლი მანქანიდან გადმოვარდა. ისეთი მთვრალი იყო, ენას პირში ვეღარ ატრიალებდა. ჩვენს დანახვაზე ხელები გაასავსავა, - დამნაშავე ვარ და რაც გინდათ, ის მიქენითო. მე და ჩემმა მეწყვილემ ძლივს გადმოვიყვანეთ მანქანიდან და ახლა მგზავრი აგვიშარდა, სად მიგყავთ ეს კაცი, ჯერ სახლში მიმიყვანოს და მერე რაც გინდათ, ის უქენითო.

- ისე, მთვრალ მძღოლს როგორ ჩაუჯდა მანქანაში?

- ჩვენც ეგ ვკითხეთ. მაშინ არ ეტყობოდა, ახლა კი მივხვდი, რომ ძალიან დამთვრალაო, - გვიპასუხა. სხვა ტაქსი გავუჩერეთ და იმას გავაყოლეთ. იმ მძღოლს კი ჯარიმა არ ასცდა... მოქალაქეების უმეტესობის ტექსტი ასეთია, - აუ, ახალი წელია, ცოტა დავლიე და არ დამაჯარიმო, რა, ქართველი არ ხარო?!. არის შემთხვევები, როდესაც პატრულს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღებაში ლმობიერი იყოს, მაგრამ ყოველთვის - არა.

- ვიცი, რომ ბევრი ახალ წელს პატრულის გამოძახებას ერიდება, არ დაგვებედოსო...

- დიახ, მაგრამ არიან ისეთები, ვინც განგებ გვიძახებს. ამას წინათ, ღამის სამ საათზე გვქონდა გამოძახება, - ავტოფარეხის ძარცვა იყო. ადგილზე მისულებს კარი ღია დაგვხვდა. იარაღი მოვიმარჯვეთ, ფარანი პირში გავირჭვეთ და ფარეხისკენ ფრთხილად დავიძარით. შევედით. ასეთ დროს ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან არ იცი, მოწინააღმდეგე საიდან გამოვარდება და რას მოიმოქმედებს... ნაკვალევი მანქანამდე მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა. მანქანის საბარგულზე გასაღებიანი ბოქლომი იდო ანუ ავტოფარეხი გატეხილი კი არა, გაღებული იყო. უკან მივტრიალდით თუ არა, სადარბაზოდან მამაკაცი გამოვიდა და ისე, სასხვათაშორისოდ გვკითხა, - სიგარეტი არ გაქვთო?..

- რისთვის გამოგიძახათ?

- ნასვამი იყო. სიგარეტი არ მქონდა და ვიფიქრე, პატრულის თანამშრომლებს ექნებათო, - გვითხრა, მაგრამ არ გაუმართლა, - არც მე და არც ჩემი მეწყვილე არ ვეწეოდით.

- ასეთი ცრუ გამოძახება ხშირია?

- საკმაოდ. საზოგადოება გვენდობა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის. ერთხელ ქალბატონმა გამოგვიძახა, - ახალგაზრდები ქუჩაში ხმაურობენ და მაწუხებენო. ადგილზე რომ მივედით, ვხედავთ, ხუთი ხელიხელგადახვეული მამაკაცი დგას და "მრავალჟამიერს" მღერის. ხმაშეწყობილად, მართლაც რომ დიდებულად მღეროდნენ. ჩვენს დანახვაზე ქალბატონი გამოვარდა, - აი, ხომ ხედავთ, რა დღეში არიან, მოსვენების საშუალებას არ მაძლევენო. გამეღიმა, - ცოტა ხანს მოითმინეთ-მეთქი. რაცია ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე, ისე, რომ მთელ განყოფილებას მოესმინა და თანამშრომლებს ვუთხარი, - აი, ამით წუხდება ეს ქალბატონი-მეთქი... ერთ-ერთი ანსამბლის მომღერლები იყვნენ, ახალი წლის წინადღე იყო და მეგობრის სახლში უქეიფიათ. სიმღერა რომ დაასრულეს, მერე შეგვამჩნიეს და აწრიალდნენ, ვინმე ხომ არ შევაწუხეთო? - განაგრძეთ-მეთქი. - მაშინ კიდევ ერთს ვიმღერებთო, - და "ჩაკრულო" დასცხეს... ყველაფრის გამო არ შეიძლება ადამიანის დასჯა.

- მითხარით, დღესასწაულებში ცუდი ამბავიც ხშირიაო. ამის მიზეზი მოძრაობის წესების დარღვევაა...

- დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ახალ წელს უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სიმთვრალე, სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველა ადამიანი ფიქრობს, ეს მე არ დამემართება, მაგრამ დაზღვეული არავინ არის. ერთხელ ახალი წლის ღამეს მხოლოდ თბილისში 32 ავარია დაფიქსირდა. ამ ღამეს არღვევს ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. რახან ახალი წელია, ვცდილობთ, დამრღვევები მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში დავაჯარიმოთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დღესასწაულებზე პატრულის ყველა თანამშრომელი ერთნაირად მიმტევებელია. ადამიანს გააჩნია. თუმცა ზოგი ჯარიმასაც არად დაგიდევთ და მაინც არღვევს წესრიგს... 31 დეკემბერს, 12-ს 15 წუთი აკლდა, როდესაც გამოგვიძახეს, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდაო. იქ მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა: "ბეემვეს" მარკის ავტომანქანა ბეტონის ბოძს შესჯახებოდა. შედეგად ბოძი მანქანაზე იყო დაცემული. იქვე შუახნის მამაკაცი იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ქვითინებდა. მის სიახლოვეს ქალბატონი ტრიალებდა და კაცის დამშვიდებას ცდილობდა, - ნუ ნერვიულობ, მთავარია, გადავრჩით, ალბათ ასე იყო საჭიროო... რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, სამედიცინო დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი? უარი მითხრა, ორივე კარგად ვართო. როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი იყო, - ეს მანქანა დღეს შევიძინეთ და შვილისთვის საახალწლო საჩუქრის გაკეთება გვინდოდაო.

- არჩევნების შემდგომ დანაშაულმა იმატა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ეს დროებითი მოვლენა იყო. ვიღაცებს ეგონათ, რომ მართლა მოვიდა მათი დრო, მაგრამ უკვე ხედავს საზოგადოება, რომ დანაშაულები ძალიან ოპერატიულად იხსნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ