"გაუმარჯოს საბჭოთა სასამართლოს, ყველაზე ჰუმანურ სასამართლოს მსოფლიოში", - ამბობდა კინოფილმის "კავკასიელი ტყვე ქალი" ერთ-ერთი გმირი. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო პროცესზე არ დაუწყია ყვირილი: "გაუმარჯოს მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურ ქართულ პროკურატურასო", მაგრამ ფაქტია - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ძველით ახალ წელს სახლში რომ შეხვდება, სწორედ პროკურატურას მიუძღვის ლომის წვლილი.
სხვათა შორის, როდესაც 20 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და პარიზი გლდანის ციხეზე გაცვალა, მაშინვე გამოითქვა ვერსია, რომ მას ახალი ხელისუფლებისგან პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გარანტიები ჰქონდა. კერძოდ, მანამდე, ძველი ხელისუფლების დროსაც, ოქრუაშვილი 3-4-ჯერ "ბრუნდებოდა" საქართველოში, მაგრამ ბოლო მომენტში "გადაიფიქრებდა" ხოლმე. თუმცა ამ მოსაზრებას შეგვიძლია დავუპირისპიროთ თავად ოქრუაშვილის განცხადება, რომ მაშინ სიმართლის პოვნის შანსი არ იყო.
თუმცა ზემოხსენებულ ვერსიას ყველაზე ძლიერი დარტყმა მაშინ მიადგა, როდესაც ოქრუაშვილი პოლიტდევნილთა ან პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანეს. ეკა ბესელიას კომიტეტს დაახლოებით ისეთი არგუმენტები ჰქონდა, როგორც ერთ ძველ ანეკდოტშია ებრაელზე და "ტუმბოჩკაზე" - თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტპატიმარი არ არის, რადგან პარიზში ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი და ციხეში არ მჯდარაო. პოლიტდევნილი კი იმიტომ არ ყოფილა, რომ პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა და შესაბამისად, ეს სტატუსი მოეხსნაო.
შესაძლოა ვცდებოდეთ, მაგრამ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ოქრუაშვილმა თავი "გადაგდებულად" იგრძნო. თუმცა მოულოდნელად თავისუფლების სიომ იმ მხრიდან დაუბერა, საიდანაც წესით ადამიანი და მით უმეტეს, იურისტი (ოქრუაშვილი კი ამ პროფესიისაა) არ უნდა ელოდებოდეს - პროკურატურიდან.
სხვათა შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროკურატურა-სასამართლოს შორის მიმდინარე ცივ ომში საჯილდაო ქვადაც იქცა და ამ პროცესში იურიდიული ანეკდოტებიც ფიქსირდებოდა.
მაგალითად, პროკურატურამ ფულის გათეთრების ეპიზოდზე ოქრუაშვილისთვის გირაო მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა. იურიდიულ პრაქტიკაში მართლაც იშვიათად მოიძებნება ფაქტი, რომ სასამართლო უფრო მეტად "ბრალმდებელი" აღმოჩნდება, ვიდრე პროკურატურა.
პროკურატურის პასუხიც "ადეკვატური" იყო - ადგა და ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ოქრუაშვილს ბრალი საერთოდ მოუხსნა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროკურატურამ ზემოხსენებული საქმის გარდა, ოქრუაშვილს ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე მოუხსნა, დანარჩენებზე გირაო მოითხოვა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახლში წავიდა.
რა თქმა უნდა, ბევრი მომხრე ჰყავს იმ ვერსიას, რომ როგორც თეა წულუკიანმა თქვა "ოქრუაშვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ უფრთო ანგელოზსაც სჭირდება მტკიცებულებები ბრალის წასაყენებლად". თუმცა, ალბათ, იმ ვერსიასაც ეყოლება მხარდამჭერები, რომ "უფრთო ანგელოზი" პარიზიდან გარანტიების გარეშე არ ჩამოფრინდებოდა.
ყოველ შემთხვევაში, არის კითხვები, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვს.
გიორგი კვიტაშვილი