რა წარწერა დაუტოვა მეუღლემ ნოდარ ხადურს კაბინეტში

რა წარწერა დაუტოვა მეუღლემ ნოდარ ხადურს კაბინეტში

ნოდარ ხადურს თავის სამუშაო კაბინეტში ვესტუმრეთ. უკვე 9 საათი იყო დაწყებული, ჩვენ გარდა მინისტრს კიდევ ელოდებოდნენ ტელევიზიის ჟურნალისტები, საახალწლო კომენტარის ჩასაწერად. კაბინეტში შესულებს სიმყუდროვე დაგვხვდა, მინისტრს რამდენიმე თარო წიგნების ტომეულებით აქვს სავსე, მეორე თაროზე კი საინტერესო ნივთები უწყვია. მაგიდაც დაგვათვალიერებინა, სადაც მეუღლის დაწერილი წერილი უდევს. კედელზე სტუდენტების მიერ მიძღვნილი კარიკატურა უკიდია. მინისტრობის პარალელურად, ნოდარ ხადური სტუდენტებთან ურთიერთობას განაგრძობს, ყველაზე მონდომებულებს საშუალება აქვთ, ლექტორის ახალ სამსახურში სტაჟირება გაიარონ. მინისტრს ცოტა ფინანსებზე ვესაუბრეთ, ბევრი - პირად ცხოვრებაზე.

- დილა იწყება ინტერვიუთი და საღამო მთავრდება ინტერვიუთი, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ სამი შეხვედრა მაქვს.

- როგორ გრძნობთ თავს აი, იმ სავარძელში, იქ რომ დგას?

- (იცინის) ძალიან რიტორიკული შეკითხვაა, რადგან მესმის, რომ დღეს ძნელია იყო საქართველოს მთავრობის წევრი, განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრი. ქვეყანა არაორდინარულ სიტუაციაშია, პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა, თუმცა არის რეციდივები, ძველი ხელისუფლება ცდილობს კლანჭების გამოჩენას, მაგრამ ჩვენი ნება ურყევია - ქვეყანაში დამთავრდა ერთი ჯგუფის, რბილად რომ ვთქვათ, ფუფუნებაზე ფიქრის დრო და იწყება ხალხზე, ეკონომიკაზე ფიქრისა და ზრუნვის დრო და ძალიან მიხარია, რომ ამ სავარძელში ვზივარ, მეძლევა საშუალება, უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში.

- როგორია თქვენთვის მინისტრობა, სირთულედ აღიქვამთ, გინანიათ?

- არათავმდაბლურად გამომივა თქმა, მაგრამ არ მინანია. ბევრი სირთულეა, დიდი სამუშაოა, მაგრამ ამ საქმეს დიდი სიხარულით ვაკეთებ, რადგან ვიცი, ეს გამოადგება ჩვენს შვილებს, საერთო მომავალს. კი, შეიძლებოდა, უფრო კომფორტული თანამდებობა მქონოდა, სადაც ნაკლები პასუხისმგებლობა მექნებოდა და ნაკლებად ვიქნებოდი ყურადღების ცენტრში. დღეს კი ფინანსთა მინისტრი საკმაოდ დიდი ყურადღების ცენტრშია, მაგრამ კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ფინანსთა სამინისტროს და პირადად მე მაქვს, ასე რომ, ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, გავაკეთო ის, რაც შემიძლია. ხანდახან ცოტას ვნერვიულობ ხოლმე, რადგან ფინანსთა სამინისტრო ისეთ თემებთან ასოცირდება, რაც შესაძლოა, სულაც არ იყო წინ წამოსაწევი, მაგალითად, გამოძიებები, კორუფციული სქემების გაშიფვრა. გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებთ, მაგალითად, ქვეყნის ბიუჯეტი მოვამზადეთ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები სერიოზულად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიუჯეტიც კარგი იყოს, ეკონომიკაც და სამართლიანობაც აღდგეს. თითოეულმა ადამიანმა, მეც, თქვენც, ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩემმა ბებიამ, შვილების, სტუდენტების თაობის, ჩვენი თაობის ადამიანებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რომლებიც მთავრობას შეუძლია მოუტანოს მათ.

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენი მინისტრად დანიშვნის ამბავს?

- დედაჩემი ძალიან ფრთხილი ადამიანია. საღამოს რომ მივდივარ ხოლმე, გამოხატავს, რომ ნერვიულობს. არის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც ოჯახის წევრები მირჩევენ, ცოტა ფრთხილად ვიყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. შვილები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ გააცნობიერონ, რა ხდება. ბიჭი 5 წლისაა, გოგონა - 8 წლის. მე უფრო დიდი თანამდებობაც მაქვს, ვიდრე ფინანსთა მინისტრობაა. ვარ კათედრის გამგე, ხელფასიც უფრო მეტი აქვს უნივერსიტეტის პროფესორს, ვიდრე ფინანსთა მინისტრს. პარალელურად იქ მუშაობის უფლება მაქვს, მაგრამ სრულ შტატზე ვეღარ ვმუშაობ, რადგან დრო არ მყოფნის. მხოლოდ ოთხ ლექციას ვკითხულობ კვირაში, რაც მინიმალური დატვირთვაა. ძალიან ამაყობენ ჩემი შვილები ჩემით, მაგრამ თუკი პატარას ჰკითხავთ, მამა ვინ არისო, გეტყვით, პროფესორიაო (იღიმება). რაც შეეხება დღევანდელ თანამდებობას, ვფიქრობ, თუკი ჩემი ოჯახის წევრებისთვის მინისტრობა საამაყო არ არის, წინააღმდეგებიც არ არიან.

- როგორ გზრდიდნენ მშობლები, პირველობის სურვილი თუ ჩაგინერგეს?

- ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი, სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი, აქტიურიც გახლდით, თუმცა დიდი პერიოდის განმავლობაში არც ვიცოდი, თუკი არსებობდა თანამდებობა - მინისტრი. ჩემ გარშემო ინჟინრები იყვნენ, მშობლები ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშაობდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ მეც იქ მოვეწყვე. ჩემს ბავშვობაში მინისტრები პოლიტბიუროს წევრებთან იყვნენ გაიგივებული. მოკლედ, არასდროს მიფიქრია ამ თანამდებობაზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩემი ლექტორი გახლდათ ლადო პაპავა, რომელიც იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი იყო. ის გახლდათ პირველი "ცოცხალი" მინისტრი, რომელიც ვნახე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახური შემომთავაზა. ძალიან მიყვარს ბატონი ლადო და მივიჩნევ, რომ ჩემ ეკონომისტად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. გახლდით მისი ასპირანტი, დავიცავი ხარისხი და მისი თანაშემწეც გავხდი. შემდეგ გადავედი ფინანსთა სამინისტროში, ეს იყო 15 წლის წინ, ჯერ მინისტრის მრჩეველი ვიყავი, მერე - აპარატის უფროსი, შემდეგ - შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი. ფინანსთა სამინისტროს ორად გაყოფის შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ეკონომიკის სამინისტროში აპარატის უფროსად დავინიშნე. ბატონი ლადოს შემდეგ მინისტრად ერთი ადამიანი დაინიშნა, რომლის ვინაობას ახლა არ დავასახელებ. დამიძახა, სამი საათი ვილაპარაკეთ, რას და როგორ ვაკეთებდი, ბოლოს კი მითხრა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გარეთ რომ გახვალთ, ერთი ყმაწვილი გელოდებათ და ის იქნება აპარატის უფროსი, თქვენ კი თავისუფალი ბრძანდებით სამსახურიდანო. თავისთავად ცხადია, წამოვედი, შემდეგ პარლამენტში ვიმუშავე ერთ-ერთი კომიტეტის აპარატის უფროსად, 2003 წლის აპრილში დავინიშნე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. იქ ათი თვე ვიმუშავე. ამას მოჰყვა ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ სამსახურში წასასვლელი არ ვიყავი, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მიხაროდა ერთადერთი დღე, შაბათი, როდესაც უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მივდიოდი. ის პერიოდი უმუშევარი გახლდით.

- ეს სტრესული პერიოდი ყოფილა თქვენთვის.

- თავისთავად. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი. რთული იყო იმის გააზრება, რომ უმუშევარი დავრჩი. მთლიანად გადავერთე მეცნიერებაში, ოთხი წელი ვიმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში, მერე კი, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, გავხდი პოლიტიკოსი (იღიმის).

- მოულოდნელად რატომ?

- სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებდი, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანი პროტესტი. თუკი ჩემს ინტერვიუებს გადახედავთ, არასდროს გამიკეთებია ნეიტრალური განცხადებაც კი, მუდმივად ეკონომიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს ვაკეთებდი და არა პოლიტიკურს, თუმცა ეს იყო კრიტიკული მოსაზრებები. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლდით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ იყო და ისევ მეცნიერებას დავუბრუნდი, არცთუ დიდი ხნით... ბატონი ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, მას 2011 წლის იანვრის ბოლოს შევხვდი. მან შემომთავაზა, მიმეღო მონაწილეობა, როგორც ორგანიზატორს, პარტიის ფორმირებაში. სიმართლე გითხრათ, მაშინ უარი ვუთხარი, როგორც ეკონომისტი, პროგრამის შემუშავებაზე გახლდით თანახმა. ორი დღის შემდეგ ბატონ ბიძინას კვლავ შევხვდი და მივხვდი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შანსი იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული რეფორმები დაწყებულიყო და დავთანხმდი მის წინადადებას. არ ვნანობ ამ არჩევანს, საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ პიარზე, ფასადებზე ფიქრობდა, შეცვლილიყო იმ ხელისუფლებით, რომელიც ხალხზე, ეკონიმიკაზე იფიქრებდა. დღეს, როგორც ეკონომისტი, უფრო მეტ და კარგ საქმეს ვაკეთებ და მაქვს შესაძლებლობა, რასაც წინასაარჩევნოდ დავპირდით საქართველოს მოსახლეობას, ის ავასრულოთ. მიხარია, რომ ბატონმა ბიძინამ და გუნდმა, რომელიც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვედით ხელისუფლებაში, მომცა შანსი, ვაკეთო საქმე, რომელიც ვიცი და მაქსიმალურად დავიხარჯო. თავდაუზოგავად ვშრომობთ. ზოგადად ბიუჯეტის გაკეთებას 10 თვე სჭირდება, ჩვენ კი ერთ თვეში მოვამზადეთ. ასეთი რამ ძალიან იშვიათია, თანაც, თვისობრივად განსხვავებული ბიუჯეტი შევიტანეთ პარლამენტში. ჩემს კოლეგებთან ერთად, რომელთაგანაც უმეტესობა დიდი ხანია, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია, ასეთი, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ამოცანა შევასრულე.

- გვსმენია ამ ბიუჯეტის კრიტიკაც და თქვენი პიროვნებისაც. როგორ იღებთ კრიტიკას?

- საქმიანი კრიტიკა არ მსმენია. მე ზოგადად ძალიან გახსნილი ადამიანი გახლავართ, ალალი და რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ. არ მჩვევია მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. როდესაც ვხედავ, როგორ უსამართლოდ იქცევიან ადამიანები, რომლებსაც ცხრა წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუკარებიათ იმისთვის, რომ პენსიები გაზრდილიყო, გადასახადები შემცირებულიყო, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულიყო, არ ყოფილიყო პრობლემები დასაქმებაში, დღეს გამოდიან და მოძღვრავენ ახლად არჩეულ მთავრობას. თითქოს 2009 წელს მე დავპირდი საქართველოს მოსახლეობას 100-დოლარიან პენსიას. საერთოდ არ ახსოვთ ასეთი თემები, ამიტომ ამაზე ხანდახან გული მომდის, მაგრამ არ გამოვხატავ, რადგან საქმე მაქვს. დილიდან საღამომდე ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ, არ მცალია სხვა რაღაცებისთვის, ჩემი გაბრაზება ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირობას გაძლევთ, რომ ყველა დაპირებას შევასრულებთ. ახლა ამაზე ბრაზობენ, რატომ ასრულებენ თავიანთ დაპირებებსო.

- კი აღნიშნეთ, ჩემი გაბრაზება არ არის მნიშვნელოვანიო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როცა თქვენს გვარზე ხუმრობენ, ამაზეც არ ბრაზდებით?

- არა, მართლა არ ვბრაზდები (იცინის). მეოთხე კლასში გახლდით, როდესაც ჩემმა რუსულის მასწავლებელმა, ლამარა ციმაკურიძემ მკითხა სრულიად სერიოზულად, ხადური რა გვარი ხარო. გასაგებია, რომ უცნაური გვარი მაქვს. არ ვბრაზდები, პირიქით...

- საუბრისას ვანო ჯავახიშვილის ხუმრობაც კი გამოიყენეთ, სანამ ინტერვიუს დავიწყებდით - როგორი? ხადური!..

- (იცინის) საფირმო ნიშნად გადაიქცა ეს ფრაზა ბოლო პერიოდში ფინანსთა მინისტრისთვის. მადლობა ვანო ჯავახიშვილს ჩემს პიარზე ზრუნვისთვის.

- არის რაიმე ისეთი, ვთქვათ, გატაცება, რაც არ ვიცით თქვენ შესახებ...

- რა თქმა უნდა, არის. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც არავისთვის მითქვამს. ბავშვობაში დავდიოდი პიონერთა სასახლეში გეოგრაფია-გეოლოგიის წრეზე, ექვსი წელი ვიყავი გატაცებული გეოლოგიით და დღესაც ძალიან მიყვარს. ექსპედიციებში დავდიოდი. სხვათა შორის, 1983 წელს, აგვისტოში, ვინმემ რაიმე რომ არ დამაბრალოს, იმიტომ ვაკონკრეტებ თარიღს, ირკუტსკში ვიყავი, ნორჩ გეოლოგთა საკავშირო ყრილობაზე, სადაც მეგობრებთან ერთად ვმონაწილეობდი. მიყვარს გეოლოგებთან ურთიერთობა, მინერალები. ვაკე-საბურთალოს გზაზე რომ გავივლი, ვიცი, რომ იქ ქვიშა ქვებია, უნივერსიტეტში ხუთი წელი სწავლობდნენ გეოლოგიას, მე ერთი წლით მეტი ვისწავლე პიონერთა სასახლეში. ასე რომ, ამ სფეროში არცთუ ცუდად ვერკვევი. ახლა ვეღარ ვასწრებ, რომ ეს ჩემი მისწრაფება რაღაცად ვაქციო, თუმცა კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებ პიონერთა სასახლეში ჩემს ყოფილ მასწავლებლებთან. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვსაუბრობ გეოლოგიაზე და ვიცი, რომ წიაღისეული ჩვენი ერთ-ერთი დიდი სიმდიდრეა. ისიც ვიცი, სად რას შეიძლება ველოდეთ ამ კუთხით.

- თავისუფალი დრო არაფრისთვის არ გრჩებათ?

- ჩემი ცხოვრება ძალიან დაიტვირთა. საღამოს მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებთან დღეს ვაჯამებ, დილას 10-ის ნახევარზე მოვდივარ. ერთადერთი გამონაკლისია შაბათი დღე, როდესაც აქ გვიან მოვდივარ, ამ დღეს ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

- თქვენს სტუდენტებს მოსწონთ მინისტრი ლექტორი?

- მე თავადაც მყავდა მინისტრი ლექტორი (იღიმება). ძალიან მოსწონთ. თუ კარგად მოიქცევიან, შეუძლიათ, ფინანსთა სამინისტროში სტაჟირება გაიარონ. სხვათა შორის, კარგად იქცევიან. საუკეთესო სტუდენტები მყავს.

- განტვირთვას როგორ ახერხებთ, სასმელი გიყვართ?

- სასმლის სიყვარული ცოტა გაზვიადებული ნათქვამია. სანამ მინისტრის მოადგილე გავხდებოდი და ცოლს მოვიყვანდი, მანამდე კიდევ ვახერხებდი იმას, რაც ძალიან მიყვარს და განტვირთვის საშუალებაა - ქუჩაში ხეტიალს. ეკონომიკის სამინისტრო ალექსანდრეს ბაღთან არის. იქიდან რომ გამოვიდოდი ხოლმე, სამარშრუტო ტაქსები ან ავტობუსი ჩამოივლიდნენ და ნაძალადევში, ჩემს საცხოვრებელ სახლამდე მივდიოდი, თუმცა მაინც ფეხით სიარული მანიჭებდა დიდ სიამოვნებას, რუსთაველზე მივსეირნობდი ხოლმე. მთელ რუსთაველს ჩავივლიდი და მერე მეტროთი ვბრუნდებოდი შინ. ამ დროს ფიქრობ, ხალხს ათვალიერებ, ძალიან საინტერესო რაღაცები შეიძლება შენიშნო ადამიანების გამოხედვისას. ბევრი ადამიანი შეგხვდება, ბევრი ნაცნობი... სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, ფეხით რუსთაველზე ბოლოს როდის ვისეირნე. ძალიან კარგი იქნებოდა... ხანდახან მძღოლს ვთხოვ ხოლმე, რომ რუსთაველით წამიყვანოს სახლში, რათა პიონერთა სასახლეს შევავლო თვალი, რომელსაც ჩემი ბავშვობის უბედნიერესი წლები უკავშირდება, პარლამენტსაც შევხედავ ხოლმე, რომლის წევრიც მხოლოდ ხუთი დღე გახლდით, მინისტრობამდე, პირველ სკოლასთან რომ ჩავივლი, მახსენდება, კარგი შურით რომ მშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ.

- თქვენ რომელი სკოლა დაამთავრეთ?

- მე-14 სკოლა, ნაძალადევში. ძალიან საინტერესო და კარგი სკოლა იყო. იმ გამოშვებაში, რომელიც მე დავამთავრე, უკვე მეორე ფინანსთა მინისტრია. პირველი მიხეილ ჭკუასელი გახლდათ, რომელიც ამ თანამდებობაზე 1997 წელს დაინიშნა. მე კი იმ გამოშვებიდან მეორე გახლავართ. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. თუკი სეირნობის თემას გავაგრძელებთ, მიყვარდა წიგნების მაღაზიაში შესვლა, რუსთაველზე "საუნჯეში", რომელიც ახლა აღარ არსებობს, ტექნიკის მაღაზიაშიც სიამოვნებით შევივლიდი ხოლმე.

- საკმაოდ ბევრი ინტერესის სფერო გქონიათ.

- მიყვარს წიგნები. ამ თაროზე, სადაც გრიგოლ რობაქიძის ტომეულები აწყვია, ასევე საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, უწმინდესის ნაჩუქარი გამოცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ ინგლისურიდან ნათარგმნი მაკროეკონომიკის წიგნთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ წიგნებით მიდგას სული. ჩემი ინსტრუმენტი წიგნი, კალამი და ცოდნაა.

- ისე რომანტიკულად დახატეთ რუსთაველზე სეირნობის ამბავი, რომ არ შემიძლია, არ გკითხოთ, როგორ გაიცანით მეუღლე?

- მის დაბადების დღეზე (იცინის). თუმცა იქ იმ მიზნით არ მოვხვედრილვარ, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. ეს იყო 2003 წლის 20 აგვისტო. მაშინ 33 წლის გავხდი, ჩემი მეუღლე ნინო ცირეკიძე კი 24 წლის იყო.

- დაგგვიანებიათ დაქორწინება...

- ასეა. სანამ მინისტრის მოადგილე არ გავხდი, ცოლად არავინ გამომყვა (იცინის). ნინო გაცნობიდან სამ თვეში მოვიყვანე ცოლად. ესეც საინტერესო ამბავია. ის დღე ყოველთვის მემახსოვრება, 2003 წლის 2 ნოემბერი. არჩევნების დღე გახლდათ, რომელსაც ვარდების რევოლუცია მოჰყვა. მაშინ შედარებით მეტი დრო მქონდა და ნაკლები პასუხისმგებლობა. გავიხსენებ ერთ ისტორიას - ფინანსთა მინისტრის მოადგილეობისას, როდესაც ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივანი გახლდით, მივლინებით პეტერბურგში გავემგზავრე. საქართველო მაშინ დსთ-ს წევრი იყო და პეტერბურგში დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა. იქიდან საჩუქრად "მატრიოშკები" ჩამოვუტანე. ასეთი რაღაცების ჩამოტანა მიყვარდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს სიმბოლური საჩუქარი იყო, მას შეიძლება, სხვა რამ გახარებოდა, თუმცა არ შეუმჩნევია (იცინის). ახლა ჩემი სახელფასო ბარათები მის განკარგულებაშია, მართალია, არ არის ბევრი, მაგრამ... მე ბარათი არაფერში მჭირდება, რადგან ფინანსთა სამინისტროში ჩემს კაბინეტში ბანკომატი არ დგას და სხვაგან არ დავდივარ (იცინის).

- მეუღლე რას საქმიანობს?

- ექიმი გახლავთ. ვიდრე ცოლად მოვიყვანდი, მუშაობდა. ჩვენ გლდანში ვცხოვრობთ, ჩემი გოგონა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს, ასე რომ, სკოლამდე გზა შორია, მას მიყვანა და მოყვანა უნდა, ასევე დადის ინგლისურსა და სიმღერაზე. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს შვილებს ჰყავთ მძღოლი უმაღლესი სამედიცინო განათლებით.

- არ უნდა მუშაობის დაწყება?

- რა თქმა უნდა, სურს, მაგრამ სანამ მინისტრი ვარ, მუშაობის დაწყება არ გამოუვა, რადგან ყველა იტყვის, რომ მე დავაწყებინე სამსახური. მე არ მივეხმარები. მომავალ წელს ნიკოლოზი სკოლაში წავა და ნინოს დატვირთვა კიდევ გაეზრდება. ცხადია, ნინომ უნდა იმუშაოს, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან სინთეზში უნდა მოახერხოს.

- როგორი მეუღლე ხართ? საკუთარი თავისთვის გვერდიდან თუ შეგიხედავთ?

- შეუძლებელია, ადამიანმა საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს. ყოველთვის ძალიან სუბიექტური იქნება საკუთარი თავის შეფასებისას.

- ეს სუბიექტური შეფასება გვითხარით.

- არ გეტყვით (იცინის)!..

- თქვენი მეუღლე რას გეუბნებათ?

- გაჩვენოთ, რას მეუბნება?.. ესეც არავისთვის მიჩვენებია (სამუშაო მაგიდისკენ მიგვიძღვება, სადაც დევს პატარა ფურცელი წარწერით - "ნოდარიკო, მიყვარხარ!.."). ნინო ერთ დღეს აქ იყო მოსული, ხომ უნდა მნახოს ხოლმე ხანდახან (იცინის) და დამიტოვა ეს ფურცელი, რომელიც აქ იქნება ყოველთვის, სანამ მე აქ ვარ.

- მინისტრი რომ აღარ იქნებით, როგორ ფიქრობთ, ეს გარკვეული სტრესი არ იქნება თქვენთვის?

- პროფესორი გახლავართ და საქმე ყოველთვის მექნება. სულ მინისტრი ხომ არ ვიქნები?!. სხვათა შორის, ეს სურათი ჩემმა სტუდენტებმა დაახატვინეს ზაალ სულაკაურს, ჩემი კარიკატურაა, ჩუმად გადამიღეს ფოტო და მიუტანეს. ეს დიდი სურათი იყო, სადაც ყველა ლექტორი გამოსახეს, მე კი ჩემი ფოტო დავასკანირებინე და ახლა ჩემს კაბინეტში მიკიდია. მიხარია სტუდენტებთან ურთიერთობა და მათგანაც იმავეს ვგრძნობ.

- რა კომპლიმენტს გეუბნებიან?

- ბატონო ნოდარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი არ დამიწერეთ, მაინც ძალიან ჯიგარი ლექტორი ხართო, - ერთმა სტუდენტმა დამიწერა "ფეისბუქზე" (იცინის). მყავს სტუდენტები, რომლებიც კურსზე დარჩნენ იმის გამო, რომ ნიშანი არ დავუწერე, მაგრამ როდესაც მხვდებიან, დიდ სიყვარულს გამ­ოხატავენ ჩემ მიმართ. ვფიქრობ, ამისი მიზეზი ჩემი ობიექტურობაა, ნიშანი პირად ურთიერთობებზე არ აისახება. ჩემი ამოცანა სტუდენტის კურსზე დატოვება, ჩაჭრა და ორიანის დაწერა არასდროს ყოფილა, ბევრი კარგი სტუდენტი მყავს.

- როგორ ფიქრობთ, როცა მინისტრი აღარ იქნებით, ხალხი კარგად გაგიხსენებთ? ამაზე თუ ფიქრობთ?

- ამაზე ნამდვილად ვფიქრობ. ლილოს ბაზრობაზე გახლდით, სადაც სიტუაცია დაიძაბა, იქ საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, საყიდლებზე გახლდათ მისული, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ჯარიმის გამო გარდაიცვალა. გადავწყვიტე, ყოველგვარი კამერების გარეშე წავსულიყავი. მაინტერესებდა, იმ ხალხს შევხვედროდი. ძალიან თბილად შემხვდნენ. იციან, რომ სახელმწიფო არასდროს იქნება ჩასაფრებული მათ მიმართ. ხანდახან, როცა ქუჩაში გამოსვლა მიწევს, ვხვდები ხალხს და კარგი დამოკიდებულება აქვთ. ვიცი, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და დიდი იმედით უყურებენ ახალ მთავრობას. ეს დიდი ავანსია ჩვენთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შრომითა და თავდადებით ასმაგად დავუბრუნო ეს სიყვარული. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მინისტრობის შემდეგ ქალაქში თავისუფლად ვიარო. ვერავინ ვერასდროს იტყვის, რომ მე კორუმპირებული მინისტრი ვიყავი და აქ ფული ვიშოვე, ან რაღაც პრივილეგია ჩემთვის გამოვიყენე.

- დაბოლოს, არ შემიძლია, არ გკითხოთ იმ არამიზნობრივი ხარჯების შესახებ, რომლებზეც თქვენს პოლიტიკურ ძალას და პირადად თქვენ არაერთხელ გილაპარაკიათ. საახალწლო კონცერტი, რომელიც ყოველ წელს იმართებოდა, აღარ ჩატარდა და მომღერლები ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

- ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ ნათქვამი და განხორციელებული ღონისძიებების სპეციალურად დამახინჯებული ინტერპრეტაციაა. არასდროს გვითქვამს, რომ კონცერტი არ უნდა ჩატარდეს, ჩვენ ის ვთქვით, რომ არ შეიძლება, ერთ მომღერალს გადაუხადო 2 მილიონი, ან ერთ სპექტაკლში გადაიხადო ამდენივე. ეს არის უაზრო ხარჯი, როდესაც ჩამოგყავს მომღერალი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში არავინ უსმენს და უხდი 2 მილიონს. კონცერტებს რაც შეეხება, უნდა იყოს კონცერტიც და სხვა საახალწლო ღონისძიებებიც. არასდროს გვითქვამს, რომ ასკეტური ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, კულტურის დაფინანსება ისევე გაგრძელდება, თუმცა არ უნდა იმართებოდეს პოლიტიკური კონცერტები, არ შეიძლება, შენს მხარდამჭერ მომღერალს ყველა კონცერტზე დაუძახო და ის, ვინც მხარს არ გიჭერს, საერთოდ არ ამღერო. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატარონ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი წლის კარგად შეხვედრას სულაც არ სჭირდება ტოტო კუტუნიოს ჩამოყვანა. ამისთვის ჩვენი რესურსები სავსებით საკმარისია. ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმას, რომ კონცერტები არ გვინდა, პირიქით, ძალიანაც გვინდა. გვსურს, რომ ქართული კულტურა განვითარდეს და მომღერლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გნებავთ ახალ წელს და არა ახალ წელს, მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნონ.

- ახალ წელს რა სურვილი ჩაუთქვით?

- მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - მომავალ წელს ვიყო კმაყოფილი ჩემი საქმიანობით და ბედნიერი ოჯახთან ერთად.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"