საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ამნისტიის კანონისა და 190 პირისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი ხედვა ასეთია - ეს არის საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა აუცილებელია", - აღნიშნა ნორლანდმა.
რაც შეეხება საკითხს, ეჭვქვეშ ხომ არ დგება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების აღიარებით, აშშ-ის ელჩის განმარტებით, ამ ეტაპზე ასეთი ვარაუდის საფუძველი არ არსებობს.
"ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიული პროგრესი ეჭვქვეშ დგას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაული, არ იყვნენ გაშვებული საზოგადოებაში და ამ მხრივ საზოგადოება რისკის ქვეშ არ დადგეს. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, არსებობს პროცედურა, როცა ამა თუ იმ პირის საქმეს სასამართლო განიხილავს და წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი დანაშაული კრიმინალს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა "ინტერპრესნიუსსთან" საუბარში.