ვანო მერაბიშვილი - საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო

ვანო მერაბიშვილი - საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო

სამწუხაროდ, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საბიუჯეტო კრიზისი საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული.

მერაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კლებაში, ასევე შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა.

ამავე დროს, მისივე თქმით, საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა და დღეს ქართულ ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ვალები დაუგროვდათ.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით, დღევანდელმა მთავრობამ ძველი, 2003 წლამდე, შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა - გადასახადების წინასწარ გადახდა აღადგინა.

"გადასახადების წინასაწარ გადახდა მასობრივად დაიწყო. კომპანიებს დეკემბერში ახდევინებდნენ იანვარში გადასახადელ გადასახადებს, რაც ძალიან სავალალო მდგომარეობადე მიგვიყვანს", - აღნიშნა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" გენმდივანმა საბიუჯეტო კრიზისის გამომწვევი მიზეზებიც დაასახელა. პირველი, მისი თქმით, ბიზნესების შევიწროვება.

"მიმდინარეობს ყოველდღიური მასობრივი შემოწმება ბიზნესების როგორც ფინანსური პოლიციის, საგადასახადო ინსპექციისა და პროკურატურის, ისე რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტს აკრძალული ჰქონდა გამოძიება და შემოწმება ნებისმიერი ბიზნესის. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს არც ერთი ბიზნესმენი და ბიზნესი არ შემოწმებულა საგადასახადო ან სხვა ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მეორე მიზეზად მან ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა. "ამან უკვე გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების კლება. რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ მთავრობას არ გააჩნია ერთიანი მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა", - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და 22 იანვარს მედიას ბოლო სამ თვესთან დაკავშირებით ყველა ციფრი და მონაცემი გადაეცემა.

"ეს არის ძალიან საგანგაშო და ახალი მთავრობისგან გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს", - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა