"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"

"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"

ამნისტიას საზოგადოება სხვადასხვაგვარი განწყობით შეხვდა. პატიმართა ოჯახებისთვის 12 იანვარი, როდესაც ამნისტიის შესახებ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, ერთ-ერთი ბედნიერი დღე იქნება, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამნისტიის ამოქმედებას სიფრთხილით ეკიდება და უჩნდება კითხვა - ხომ არ გაუარესდება ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა? ამ ფონის შექმნაში დიდი როლი ითამაშა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც კანონს "ჯაბას ამნისტია" უწოდა - პარალელი 1992 წელთან გაავლო, როდესაც პატიმარს ხელში ავტომატს აძლევდნენ. თუმცა ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პარალელების გავლება აბსურდულია და ქვეყანაში საგანგაშო არაფერი მოხდება.

- ნაციონალების სტრატეგიაა, რომ მოსახლეობას შეახსენონ ის მოვლენა, რომელიც ცუდ ასოციაციებს იწვევს. ამნისტიას "ჯაბას ამნისტიას" იმიტომ უწოდებენ, რომ 1992 წელს, გადატრიალების შემდეგ, ყოველგვარი გადახედვა-გადმოხედვის გარეშე, გახსნეს ციხის კარი და ყველა პატიმარი გამოუშვეს. მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მთლიანად დემორალიზებული იყო მილიცია. უფრო ზუსტად, სამართალდამცველები არ არსებობდნენ - იყო გვარდია, "მხედრიონი" და ათასგვარი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მაშინ მხოლოდ პატიმრების გამოშვება არ გამხდარა კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ამიტომ დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას შორის პარალელების გავლება აბსურდია. თუმცა ნაციონალები პარალელებს კი არ ავლებენ, საზოგადოებაში დარჩენილ ნეგატიურ ფონზე იწყებენ თამაშს. დღევანდელი ამნისტია ფართომასშტაბიანი კი არის, მაგრამ ყველას ციხიდან გამოშვებას არ ითვალისწინებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, - პრეზიდენტმა ამნისტიას ხელი განა იმიტომ არ მოაწერა, რომ თითქოსდა კრიმინოგენული ვითარების გაუარესების შეეშინდა. ამნისტია ორ ნაწილად რომ ყოფილიყო გაყოფილი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ხელს მხოლოდ პოლიტპატიმრების ნაწილს არ მოაწერდა. თუ პრეზიდენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ხელს მოაწერდა, ლოგიკურად, ეს იქნებოდა აღიარება, რომ ქვეყანაში არ არის სამართალი და ასეთი კატეგორიის მსჯავრდადებულები არსებობენ. რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ შიშს თუ სიფრთხილეს, რომ ამნისტია კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, უკვე ვილაპარაკე 1992 წლის ამნისტიაზე და ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში მსგავსი სიტუაცია არ არის, სტაბილური მდგომარეობაა. ამავე დროს, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარდამავალ პერიოდს ახასიათებს კრიმინოგენული ვითარების გართულება. საქართველოშიც იყო მსგავსი მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებულს ჰგავდა. თავად ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეთქვა ის ცნობილი ფრაზა - შეიძლება გართულებები იყოს და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთო, ეს თემა წინა პლანზე არ წამოიწევდა. ივანიშვილის ეს განცხადება გამოიყენეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და ამას მოჰყვა ეს ამბავი.

- თქვით, რომ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით სირთულეები პროვოცირებულს ჰგავდა. სხვათა შორის, როდესაც ნაციონალები ამნისტიის მომხრეებს აკრიტიკებენ, მათ კონტრარგუმენტად ის მოჰყავთ, რომ თავად პრეზიდენტი უწყობს ხელს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას - იწყალებს რეციდივისტებს თუ ე.წ. კანონიერ ქურდებს.

- ნაციონალებმა კარგად იციან პიარით ფონის შემზადება. მათ ამნისტიასთან დაკავშირებით კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ფონი შეამზადეს, რასაც, როგორც აღვნიშნე, ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით. ვისი შეწყალებული რას ჩაიდენს, ეს ალბათ, სამართალდამცველებმა უნდა არკვიონ, თუმცა არსებული ვითარება პროვოცირების საშუალებას იძლევა. თუ რომელიმე შინაური თუ გარეული ძალა ამ თემით თამაშს მოინდომებს, სამწუხაროდ, ნიადაგი მზად არის. თუმცა ამავე დროს, უნდა მოემზადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კატასტროფული არაფერი მოხდება.

- ამნისტირებულებზე ადრე ციხე ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა. პროკურატურამ ორ საქმეზე ბრალდება მოუხსნა, ორზე კი ამავე სამართალდამცავი უწყების შუამდგომლობით, გირაო შეეფარდა. სხვათა შორის, ამან გააძლიერა ვერსია, რომ როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ბრუნდებოდა, მას ჰქონდა გათავისუფლების გარანტია. ბევრი მომხრე ჰყავს იმ ვერსიასაც, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს პური ჭამა.

- ჯერ ვნახოთ, მას გირაოც აქვს შეფარდებული, შესაბამისად, საქმე ჯერ არ დახურულა და სასამართლო განაჩენს უნდა დაველოდოთ. პროკურატურას ყველა ბრალდება არ მოუხსნია, თუმცა მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის ციხეში ჯდომა საჭირო არ არის და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, აქვს თუ არა ოქრუაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, მაგრამ მან ქვეყნის წინაშე ჩაიდინა დიდი დანაშაული. ოქრუაშვილი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო იმ პროცესებისა, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას აუცილებლად ეკისრება.

- არ არის გამორიცხული, რომ ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ჟურნალისტებისა და ექსპერტების მიერ მინიჭებული "ოქროს მოწმის" სტატუსი შეელახა. ყოველ შემთხვევაში, იყო მოლოდინი, რომ ოქრუაშვილი თავისი ჩვენებებით გახმაურებულ საქმეებსა თუ ელიტარული კორუფციის ფაქტებს ახდიდა ფარდას.

- როდესაც საჭირო გახდება, ოქრუაშვილი დაიწყებს ჩვენებების მიცემას. როდის დადგება ეს დრო, ვერ გეტყვით, რადგან პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა. დარწმუნებული ვარ, მას უამრავ ფაქტზე შეუძლია საუბარი. რაც შეეხება ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - მეეჭვება, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს სერიოზული ფიგურის რანგში შეძლოს. მისი პოლიტიკური რეანიმაცია რთული იქნება და გულწრფელად შემიძლია ვურჩიო - არც ღირს.

- დავაზუსტოთ - ოქრუაშვილი ჩვენებების მიცემას მაშინ დაიწყებს, როდესაც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ, თუ ახალი ხელისუფლება?

- ახალი ხელისუფლება.

- თქვით, რომ პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა. ძველი ხელისუფლების საჯარო მოხელეების შესაძლო ამნისტირების შესახებ ივანიშვილის განცხადებას გულისხმობდით?

- დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობ. ისე, არის მეორე მომენტიც. ოქრუაშვილმა შესაძლოა, გუდას პირი ახალი ხელისუფლების გარეშეც მოხსნას, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი გზა ესეცაა.

ოქრუაშვილმა რაღაც გზით საკუთარი თავის რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს. იმასაც იტყვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას არ ეთანხმებოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების ქმედებებს, მაგრამ მარტო იყო და თავისი ვერ გაიტანა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა