სამართალდამცველებმა აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე დააკავეს. პატარიძის ადვოკატის, თემურ მესხის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსით მეორედ დაიკითხა, რის შემდეგაც დააკავეს.
პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ადვოკატი პატარიძის დაკავებას უსამართლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის ჩვენებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა.
თემურ პატარიძის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, 2012 წლის 28 სექტემბერს Youtube-ით გავრცელდა ვიდეო სათაურით "სააკაშვილი ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს". ვიდეოს ახლდა ვრცელი ტექსტიც, რომლის ავტორი საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ სხვა სენსაციური მასალების გამოქვეყნებასაც ჰპირდებოდა.
ვიდეოში აჭარის კუდ-ის მაშინდელი უფროსი თემურ პატარიძე ფიგურირებდა.
28 სექტემბერსვე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, თემურ პატარიძის ძმა ოთარ პატარიძე მოსკოვში მართლაც ჰყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს გამოძიება დაიწყო.
"იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული, ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ მის ნათესავს, კერძოდ კი სიმამრს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა გადაეხადა, რათა ოთარ პატარიძე გაეთავისუფლებინათ. გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.