საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე დაკითხვაზე გამოცხადდა.
ებანოიძე დაკითხვაზე დაახლოებით 13:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა მოდულის შენობაში ერთი საათის დაგვიანებით, ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ებანოიძემ მოდულში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, დღეს ბრალს წაუყენებენ.
"ვიცი, რომ ბრალი უნდა წამიყენონ. ბრალს ალბათ, უფლებამოსილების გადამეტებაში წამიყენებენ. გამოძიებას ინფორმაცია უკვე მივაწოდე და მასთან თანამშრომობას ვაპირებ. დანარჩენი, თუ რა იქნება, უკვე მოგვიანებით იქნება ცნობილი", - განაცხადა ებანოიძემ.
ებანოიძე მოდულის შენობაში ბანკი "ქართუს" გაკოტრების სქემის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. მასთან ერთად დაბარებულნი არიან საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შემოსავლების სამსახურის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.
შსს-მ "ქართუს" გაკოტრების სქემის შესახებ განცხადება გააკეთა 2012 წლის 17 დეკემბერს. სამინისტროს ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილისის რაიონის გამგებლად დაინიშნა.