კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში

კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში

მითქმა-მოთქმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის საქართველოში დაბრუნება-არდაბრუნების შესახებ დღემდე არ განელებულა. როგორც გავარკვიეთ, კახა თარგამაძე გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა თბილისს. "ყველა სიახლემ" მოიპოვა ინფორმაცია სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, რომ კახა თარგამაძე ოჯახთან ერთად 2012 წლის 23 დეკემბერს, ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავით ჩამოფრინდა თბილისში და 2013 წლის 5 იანვარს, დილით, ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავით დაბრუნდა მოსკოვში. იგი ოჯახის წევრებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში. 2012 წლის 25 დეკემბერს შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, შემდეგ - ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს... ყოფილმა შს მინისტრმა ოჯახთან ერთად მოილოცა სამების საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველი და ქაშუეთი. ასევე, რამდენჯერმე შეხვდა მეგობრებს, პატივი მიაგო ბოლო 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილ კოლეგებს... როდესაც ინტერვიუსთვის კახა თარგამაძეს დავუკავშირდით, მან ჩვენ მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "ამის შესახებ ინტერვიუს არ ვიძლევი, ათასობით ადამიანმა მნახა თბილისში და ჯობია, სხვისგან მიიღოთ ინფორმაცია".

გვესაუბრება კახა თარგამაძის უახლოესი მეგობარი, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე.

- ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე 14 იანვარს უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, "ყველა სიახლემ" კი შეიტყო, რომ კახა თარგამაძე საქართველოში 2012 წლის 23 დეკემბერს ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავით თბილისი-მოსკოვის #929 რეისით შუა­დღისას ჩამოვიდა და 5 იანვარს ისევ "აირზენას" თვითმფრინავით დაბრუნდა მოსკოვში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- დიახ, ვადასტურებ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოჯახთან ერთად 23 დეკემბრიდან 5 იანვრამდე იმყოფებოდა საქართველოში. რაც შეეხება 14 იანვარს მის ხელახალ სტუმრობას საქართველოში, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

- როგორც შევიტყვეთ, კახა თარგამაძე 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ამის შემდეგ კი საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სტუმრობდა, გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა რა საკითხებზე იყო საუბარი, ჩემთვის უცნობია.

- შევიტყვეთ ისიც, რომ კახა თარგამაძემ ამ ორი კვირის განმავლობაში ოჯახის წევრებთან ერთად მოილოცა სამების საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველი, ქაშუეთი. ის საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორ მოხდა, რომ მისი აქ ყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი შეიტყვეს?

- დიახ, კახა თარგამაძე თბილისში თავისუფლად, დაცვის გარეშე დადიოდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად და მას დაბრკოლება არ შექმნია. ის, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი შეიტყვეს, მათივე არაოპერატიულობის ბრალია და არა კახა თარგამაძის. ეს ჟურნალისტების პრობლემაა. თვითონ ვერ დაურეკავდა, ჩამოვედიო და არც პრესკონფერენციას გამართავდა. ვინმე თუ დაინტერესდებოდა, ცხადია, არავის დაემალებოდა და არც არაფერი აქვს დასამალი.

- ვიცი, რომ კახა თარგამაძე მეგობარ პოლიციის გენერლებსა და ახლობლებს რესტორან "წისქვილში" შეხვდა და 50-კაციან სუფრას თქვენ თამადობდით...

- ცხადია, მეგობრები შევიკრიბეთ და ვიქეიფეთ კიდეც, მაგრამ არა რესტორან "წისქვილში". შეკრების სერიოზული მიზეზიც გვქონდა. კახა თარგამაძის დედას, თალიკო ჯაყელს 85 წელი შეუსრულდა, კახაც ამიტომ იყო ჩამოსული თბილისში. ამ რესტორანში კი კახა თარგამაძე რამდენჯერმე იყო, ოღონდ ოჯახის წევრებთან ერთად.

- ბატონი კახა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ შეხვდა?

- არა მგონია. ეს რომ მომხდარიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა.

- სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კახა თარგამაძე საქართველოში იმყოფებოდა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მართალია, კახა თარგამაძეს უფლება აქვს უპრობლემოდ გადაადგილდეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ მასთან შეკითხვები გვაქვსო. ქალბატონი თეა წულუკიანის უწყებიდან ხომ არავინ დაკავშირებია თარგამაძეს?

- ეს კაცი არავის დამალვია, ორი კვირის განმავლობაში თბილისში იყო და, თუკი რაიმე შეკითხვა ჰქონდათ, წესით, უნდა დაესვათ კიდეც. როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი მომხდარა.

- როდის აპირებს თარგამაძე საქართველოში კვლავ დაბრუნებას?

- დანამდვილებით ვიცი, რომ კახა თარგამაძე საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ აპირებს და არც რაიმე თანამდებობაზე აქვს პრეტენზია. რაც შეეხება სამშობლოში სტუმრობას, სადაც ჰყავს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და სადაც არის მისი მამის საფლავი, ამას ვერავინ დაუშლის.

- ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ კახა თარგამაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, არადა, მან სამი თვის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებლად მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას...

- კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნებას რომ არ აპირებს, ამის თქმა კი, დაბეჯითებით შემიძლია.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა