"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია

"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პოვარსკის ქუჩაზე განხორციელდა.

"ინტერფაქსი" კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე განხორციელდა, როდესაც "დედ ჰასანი" რესტორან "კარეტნი დვორ"-იდან გამოვიდა.

დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმისას შემთხვევითი გამვლელი ქალიც დაიჭრა.

"სროლის შედეგად ქალი ფეხში მძიმედ დაიჭრა, ის შემთხვევითი გამვლელი აღმოჩნდა, - აცხადებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. თუმცა სხვა წყაროს ინფორმაციით, ქალი უსოიანთან ერთად რესტორნიდან გამოდიოდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა მონაცემებით, თავდასხმა ბოლშოი ნიკიტსკის ქუჩაზე, N55-ში მდებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რომელიც კაფე "სტარი ფაეტონთან" მდებარეობს. კაფეს "დედ ხასანის" შტაბ-ბინად მიიჩნეოდა, წერს სააგენტო АЖУР-ი.

წინასწარი ინფორმაციით, უსოიანს სნაიპერის იარაღიდან ექვსი ტყვია ესროლეს. ტყვია მას ყბის არეში მოხვდა. მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლის სახურავიდან ისროლეს. თუმცა უცნობია, როგორ მოქმედებდნენ იმ დროს კანონიერი ქურდის დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც უსოიანი გვერდიდან არ იშორებდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. თავდასხმის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიებისა და ჯიხურების თანამშრომელთა თქმით, შემთხვევა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მათ ვერაფრის დანახვა მოასწრეს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ასლან უსოიანის სიკვდილი სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაპირისპირების შედეგია.

ასლან უსოიანი, რომელიც ოფიციალურად პეტერბურგში იყო დარეგისტრირებული, მოსკოველი კილერების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2010 წლის 16 სექტემბერს მას ტვერსკის ქუჩაზე მდებარე სახლის შესასვლელთან ესროლეს.

მაშინ "დედ ხასანთან" ერთად მისი დაცვის თანამშრომელიც დაიჭრა. უსოიანი გადარჩა, თუმცა თავიდან უსაფრთხოების მიზნით, მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაშავებულს ოპერაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაუტარდა. უსოიანს საავადმყოფოში მილიციისა და სპეცსამსახურების ასობით თანამშრომელი იცავდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2010 წელს უსოიანზე თავდასხმის უკან მისი გარემოცვის წევრი იდგა, თუმცა მისი ვინაობის დადგენა კანონიერმა ქურდმა ვერ შეძლო. საქმეს ის გარემოებაც ართულებდა, რომ კრიმინალთა გარდა, უსოიანს მტრობდნენ ბიზნესმენებიც და ჩინოვნიკებიც.

ცნობილია, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ასლან უსოიანს უსიამოვნება მოუვიდა სოჭის ოლიმპიადის საგზაო ინფრატრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ სამუშაოებს უსოიანის მიერ კონტროლირებადი ფირმები ახორციელებდნენ, რაც მოსკოვში ბევრს არ მოსწონდა.

გარდა ამისა, ასლან უსოიანი ყველაზე მთავარ მტრად კანონიერ ქურდ მერაბ ჯანგველაძეს თვლიდა, რომელიც მის ძველ ოპონენტ ტარიელ ონიანთან, მეტსახელად ტაროსთან ახლოსაა. "უსოიანის კლანმა ჩათვალა, რომ ამ ადამიანისგან (ჯანგველაძე) პოტენციური საფრთე მოდიოდა, ფაქტობრივად, მას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი", - აღნიშნავდნენ ადრე სამართალდამცავ ორგანოებში.

ზოგიერთი ინფორმაციით, 1980-იანი წლების ბოლოს უსოიანი დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ აკონტროლებდა. პრესის ინფორმაციით, უსოიანის კრიმინალური იმპერიის ძირითადი შემოსავლები უკანონო სათამაშო ბიზნესთან, ნარკოტიკებისა და იარაღის ბრუნვასთან და ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული.

ასლან უსოიანზე ბოლო თავდასხმას სამართალდამცავ ორგანოებში მისი მეგობრის - კანონიერი ქურდის "რუსული მაფიის მამის" ვიაჩესლავ ივანკოვის მეტსახელად იაპონჩიკის მკვლელობას ადარებენ. იგი 2009 წელს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში მსგავს სიტუაციაში სასიკვდილოდ დაჭრეს.

"ორივე შემთხვევაში მკვლელი მაღალი რანგის პროფესიონალი იყო", - აღნიშნავს "Интерфакс"-ის ინფორმატორი, ძალოვანი სტრუქტურებიდან.

ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წლის 28 ივლისს, რესტორანიდან რომ გამოდიოდა სნაიპერმა დაჭრა.

ექიმები კანონიერი ქურდის გადარჩენას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ 2009 წლის 9 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. სამართალდამცავ ორგანოებში ირწმუნებიან, რომ როგორც დედ ჰასანი, ისე იაპონჩიკი გარკვეული პერიოდის წინ ქართველი კანონიერი ქურდების კლანთან კონფლიქტში შევიდნენ, რომელთაც ტარიელ ონიანი ხელმძღვანელობდა.

წყაროს ინფორმაციით, დედ ჰასანმა დაიფიცა, რომ იაპინჩიკის მკვლელობისთვის შურს იძიებდა. "შედეგად ესპანეთსა და საფრანგეთში დაპირისპირებულ ქურდულ კლანთან დაკავშირებულთა შეკვეთილი მკვლელობები განხორციელდა, ხოლო ამ კლანის ლიდერი მოსკოვის შემოგარენში დააპატიმრეს და გამოძალვის ბრალდებით ციხეში ჩასვეს", - აღნიშნა "Интерфакса"-ის წყარომ.

1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, იგი პირველად 19 წლის ასაკში მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს. მესამე მსჯავრის მოხდისას კი, 1966-1968 წლებში, უსოიანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა: იაპონჩიკის დაკრძალვის ცერემონიალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ