ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალსაზრისს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი გამოხატავს.
- ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისადმი წაყენებული ხუთპუნქტიანი გეგმა უფრო ულტიმატუმს ჰგავს.
- ასე ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, შესაძლებელია თუ არა ქვეყნის განვითარება ამ არცთუ იოლ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა - როცა სახელისუფლებო შტოები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ხელშია. უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომ ქვეყნის აღმშენებლობა გაგრძელდეს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" გაზაფხულზე მთავრობის დათხოვნას აპირებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მერაბიშვილს განიხილავს და ა. შ.
- ეს არის ჭორი, რომელსაც ისევ "ქართული ოცნების" მომხრეები ავრცელებენ, იმისათვის, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვიონ. "ნაცმოძრაობას" არ სურს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდეს, ამგვარი ნაბიჯი კი სწორედ კრიზისს გამოიწვევს, რადგან "ქართულ ოცნებას" ჰყავს მომხრეების დიდი რაოდენობა და ეს საზოგადოებაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოებრივი მონაპოვარი შევინარჩუნოთ, 2003 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო შედგა, და არა მარტო ქაღალდზე.
- ანუ, "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის არ ემზადება?
- არც საკონსტიტუციო და არც სხვაგვარი გადატრიალებისთვის ნაცმოძრაობა არ ემზადება. სამწუხაროა, რომ მათ, ვინც თავის დროზე გადატრიალებისთვის ემზადებოდა, ახლა პოლიტპატიმრები, პატიოსანი ადამიანები უწოდეს, ხოლო ისინი, ვინც ამ დამნაშავეებს ებრძოდა, დამნაშავეებად გამოაცხადეს. თუ ასე გაგრძელდა, საზოგადოება თავისთავად აღმოჩნდება კრიზისში.
- პრეზიდენტი სააკაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ამნისტიას, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა 1544 პატიმარი შეიწყალა, მათგან 723 მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდადებული.
- არ ვიცი, ვის გულისხმობთ მძიმე დანაშაულის ჩამდენებში. როცა პრეზიდენტი იწყალებს პატიმრებს, მათი საქმეები ინდივიდუალურად განიხილება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენის რისკი არ გაიზარდოს. საქართველოში დამნაშავეობამ ისე იკლო, ბევრ ევროპულ ქვეყანას შურდა ჩვენი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ციხეებში არ იყო ის ვითარება, რაც ცივილიზებულ ქვეყანას შეჰფერის, ეს უნდა გამოსწორდეს, თუმცა, ამის გამო დამნაშავეები გმირებად არ უნდა გამოაცხადო.
- საკუთარი გუნდის მინისტრების არაკორუმპირებულობაზე საუბრისას სააკაშვილმა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ხეთაგურზე თქვა: გირაო ძლივს გადაიხადაო, თუმცა საზოგადოებას ახსოვს, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მაღალჩინოსანი იყო.
- ბევრი ყოფილი მინისტრი თუ ამჟამინდელი დეპუტატი ვიცი, ვისაც მართლა უჭირს ყოველთვიური საოჯახო ხარჯების დაფარვა და სულაც არ გამიკვირდება, თუ ხეთაგური მათ შორის არის.
- საშობაო არდადეგების შემდეგ პარლამენტმა მუშაობა განაახლა. რა საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს უმცირესობა საგაზაფხულო სესიაზე?
- უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში დიდ კითხვის ნიშანს აღძრავს. ჩვენ გვინდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება შევიდეს და ეჭვმიტანილის დაკითხვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
- როგორ შეაფასებთ იმ სკანდალურ კადრებს, რომელიც პროკურატურამ ახლახან გაავრცელა? "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხშირად საუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში კი ნათქვამია: "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია".
- ამ პიარკამპანიისას ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ის მეთოდები გამოიყენა, რასაც ჩვენს ხელისუფლებას უწუნებდა, გაიძახოდნენ: ეს კადრები რა არის, ეს ჩანაწერები რა არისო? ახლა თვითონ პროკურატურა ავრცელებს ამგვარ კადრებს; ყველაფერი გაირკვევა, - რა დგას ამის უკან, ვინ არიან ამ კადრებში.
- არის თუ არა ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა?
- დიახ, მაგრამ ვისი ჩარევაა? ერთია ის, ვინც ჩაწერა, მაგრამ პროკურატურაც განაგრძობს კომპრომატების ომს. გამოძიების დასრულებამდე ამ კადრების გასაჯაროება პროპაგანდისტული ხერხია, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება და არა სიმართლის დადგენას.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)