მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს

მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს

მოსკოველმა სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის ("დედ ჰასანი") მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს.

"ლაიფნიუსის" ცნობით, ასევე დადგენილია ადგილი, საიდანაც "დედ ჰასანს" ესროლეს. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 და მე-6 სართულებს შორის მდებარე კიბიდან გახსნეს. ადგილზე აღმოჩენილია 9 მმ კალიბრის ვაზნები.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელს, სავარაუდოდ, სამუშაო უნიფორმა ეცვა და რადგან სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა უცხო პირების მოძრაობას შეჩვეულია.

სამართალდამცავების ვარაუდით, "დედ ჰასანი" სპეცსამსახურების იარაღით მოკლეს. ეს არის "ვალ"-ის ტიპის 9 მმ კალიბრიანი სპეციალური ავტომატი, რომლის ლულაც უხმო სროლისთვის აუცილებელი შიდა მოწყობილობებით არის აღჭურვილი. აღნიშნული იარაღი არმიის სპეცრაზმის შეიარაღებას წარმოადგენს.

გამომძიებლებს გასაოცრად მიაჩნიათ ფაქტი, რომ რესტორან "კარეტნი დვორ"-ის სათვალთვალო კამერებიდან არც ერთს ჩამწერი ფუნქცია არ აღმოაჩნდა.

სამართალდამცავები მკვლელობის სურათის აღდგენას უსოიანის დაცვის წევრისა და იმ ქალის მონათხრობით შეეცდებიან, რომელიც მკვლელობის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა და დაიჭრა. მას მკერდისა და ფეხის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და სავარაუდოდ, გამოძიებას ჩვენებას მოგვიანებით მისცემს.

პროზექტურას, სადაც "დედ ჰასანის" გვამია დასვენებული, პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავს. კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარს დაკრძალვამდე დაიცავენ.

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანი" გუშინ მოკლეს. თავდასხმა "პოვარსკის" ქუჩაზე განხორციელდა, როდესაც "დედ ჰასანი" რესტორან "კარეტნი დვორ"-იდან გამოვიდა. ამ რესტორანს კრიმინალური ავტორიტეტის არაოფიციალურ რეზიდენციად მიიჩნევდნენ, რადგან იგი იქ ხშირად იღებდა სტუმრებს და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობებს არკვევდა.

დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. 1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა.

იხილეთ ვიდეო: "როგორ მოკლეს "დედ ჰასანი" - მკვლელობის კომპიუტერული გრაფიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ