ფატი ხალვაშისთვის უცნობია, როგორ მოხვდა ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში. როგორც ქიბარ ხალვაშის დამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.
მისივე თქმით, ძმას გუშინ ესაუბრა, რომელსაც მსგავსი არაფერი უთქვამს.
"დღეს აღარ დავკავშირებივარ, რადგან წვდომა არ მაქვს. დღეს არ ვიცი სად არის, ისე ოჯახთან ერთად იყო გერმანიაში, სადაც თავშესაფარი აქვს. აზერბაიჯანში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ჩვენი პატარა ძმა ნიაზი. შესაძლოა, ის დააკავეს და აერიათ. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქიბარი აზერბაიჯანში იმყოფებოდა", - განაცხადა ფატი ხალვაშმა.
მისივე ინფორმაცით, ქიბარ ხალვაში საქართველოში დაბრუნებას ორ თვეში აპირებს.
"ვიდრე იგი არ მოაგვარებს ურთიერთობას გერმანიის სახელმწიფოსთან, სადაც თავშესაფარი აქვს, ვერ დაბრუნდება. ეს პროცედურები კი დროს მოითხოვს", - აღნიშნა ფატი ხალვაშმა.
ქიბარ ხალვაშის დაკავების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ დღეს გაავრცელა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ ქიბარ ხალვაში მესაზღვრეებმა მცირე ხნით შეაყოვნეს და საქართველოს პროკურატურის სწრაფი რეაგირების შედეგად მალევე გაათავისუფლეს.