გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"

გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"

-წინ დაჯექი, მანქანის ღვედი შეიკარი, პოლიციამ არ დაგაჯარიმოს, -უთხრა გიორგი დემეტრაძეს ბიძამ და შავი ჯიპი ადგილიდან დაძრა...

გათავისუფლებული ფეხბურთელი პირველად ბიძის სახლში, ატენის ქუჩაზე მივიდა.

13 იანვარს მის გათავისუფლებას სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ნათესავები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ველოდით. როგორც ყოველთვის, ფეხბურთელის ქომაგი, ოთარ მამასახლისი ძალიან აქტიურობდა, მაისურზე გიორგის ფოტო ჰქონდა გამოსახული. "დემეზე ლექსი დავწერე, მოდით, მის გამოსვლამდე წაგიკითხავთ..." მისმა ლექსმა ყველა კარგ განწყობაზე დააყენა. "ახლა ერთად დავდგეთ და როგორც კი გამოჩნდება, დავიძახოთ: -დემე, დემე", -თქვა მან და დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მართლაც შეძახილებით დახვდნენ გიორგის.

გიორგის მამა, ბატონი შალვა მის გათავისუფლებამდე ძალიან ნერვიულობდა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა და ციხის შესასვლელთან განმარტოებით იდგა. შვილის დანახვაზე სახე გაებადრა და მონატრებულ ვაჟს გადაეხვია. 11-ის წუთებზე რკინის კარი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა გააღეს და მე-12 დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით ორმა პატიმარმა -გიორგი დემეტრაძემ და ზურაბ ნოღაიდელის ნათესავმა, დავით ძნელაძემ დატოვეს...

2 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში ფეხბურთელმა. როგორც კი ბიძის სახლში ფეხი შედგა, ღიმილით თქვა, -ახლა ცრემლები არ დამანახოთო! -და მონატრებულ ნათესავებს გადაეხვია. მერე ისევ ბიძას მიუბრუნდა: "იქნება ახლა პურმარილი? იმდენი ძეხვი მაქვს ციხეში ამ წლებში ნაჭამი, რომ მეტი აღარ შეიძლება".

ნელ-ნელა ახლობლები შეიკრიბნენ. გიორგი დის შვილიშვილებს მოესიყვარულა, მათ შორის, 3 წლის ულამაზეს გოგონას, რომელიც 4 თვის დატოვა. ფეხბურთელის დისშვილმა -ანამ გაიხსენა, როგორი შოკი იყო მათთვის გიორგის დაკავება: "სახლში პოლიციელები შემოიჭრნენ, ყველაფერი გადაატრიალეს, იარაღს ეძებდნენ. ჩემი უფროსი გოგოს შარვლის ჯიბეებიც კი ამოაბრუნეს, იქიდან რვეულის დაკუჭული ფურცლები ამოიღეს და დაიწყეს გარკვევა, იქნებ "ობშიაკის" ფურცლები არისო? სახლის ჩხრეკას რომ მორჩნენ, ჩემი პატარა გოგონას ეტლთან მივიდნენ, 4 თვის ბავშვის ამოყვანა მომთხოვეს, ესეც უნდა გავჩხრიკოთო; ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი... დღეს ძალიან გახარებულები ვართ, რომ გიორგი დაგვიბრუნდა".

ციხიდან გამოსულ ფეხბურთელს ხელში გათავისუფლების ფურცელი ეჭირა.

-არ ვიცი, სად წავიღო, ნეტავ უნდა შევინახო? -იკითხა მან. ამ ერთგვერდიან ფურცელში მითითებული იყო მისი ბრალი და ის, რომ ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

-გიორგი, რა განცდაა, როცა ციხის კედლებს ტოვებ და თავისუფალი ხარ?

-ყველა იმ პატიმრისთვის, რომელიც ციხეს ტოვებს, ეს დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სხვებიც მალე დატოვებენ იქაურობას, რადგან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს. რა თქმა უნდა, მე უდანაშაულო ვიყავი. ახლა ნამდვილად ეიფორიაში ვარ. ბუნებრივია, ემოციები უხვადაა, როცა პატიმარი ქუჩაში პირველად გამოდიხარ. ახლა ძალზე ვცდილობ ემოციისგან თავის შეკავებას. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება.

-როგორი იყო პატიმრებთან დამშვიდობება?

-იცით, ყველაზე რთულია, როცა შენ გადიხარ და სხვები იქ რჩებიან. მინდა, ისინიც იმედიანად იყვნენ და მალე გამოვიდნენ იქიდან, როგორც უდანაშაულო ადამიანები. იმ იმედით დავემშვიდობე მათ, რომ მალე გარეთ შევხვდები. ახლა ძალიან კარგი დირექტორი დანიშნეს, დარახველიძე. პატიმრებს კარგად ექცევა. რაც ის მოვიდა, კონფლიქტი არ მომხდარა. იცის ადამიანებთან მიდგომა, ძველი, გამოცდილი კადრია.

-როდის გაგიჩნდა იმის იმედი, რომ ციხეს სასჯელის მოხდამდე დატოვებდი?

-1-ელ ოქტომბერს, როგორც კი არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, ვიცოდით, რომ გამოვიდოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაშინ ვიგრძენი თავი თავისუფალ ადამიანად. ამ დღის შემდეგ უკვე აღარც ვნერვიულობდი. რაც მთავარია, არჩევნები მოგებული იყო და ცხადი გახდა, ისინი ქვეყანას მოშორდებოდნენ. დაკავების დღიდან ფიზიკურად არ შემხებიან, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ნამდვილად ხდებოდა. მაშინებდნენ, რომ ყველაფერს წამართმევდნენ. ციხეში ჩაგაკლავთ, გარეთ არ გაგიშვებთ, თუ სხვას არ ამხელო!.. ყველაფრის მიუხედავად, ვერ გამტეხეს, ვერ შემაშინეს. ახლა თქვენც ხედავთ, ბოლოს შეშინებული ვინ დარჩა: ადეიშვილი გაქცეულია, ზოგი ციხეშია, ბევრი დაჭერას ელოდება და ზოგიერთი შიშით "პადვალში" იმალება.

შეგახსენებთ: გიორგი დემეტრაძე 2010 წელს თბილისში დააკავეს. იმ დროს მეგობარს, დავით გაგნიძეს უნდა შეხვედროდა და მას ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. მაშინ მხოლოდ მასთან ერთად დაკავებული პოლიციელი, კახა მისირელი გამოუშვეს თავდებით და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. უჩვეულოა, მაგრამ ძალოვან მისირელსაც ქურდული სამყაროს წევრობა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა ედებოდა ბრალად. კახა მისირელიც დახვდა 13 იანვარს ციხესთან დემეტრაძეს. თავიდანვე ყველა იმაზე საუბრობდა, რომ დემეტრაძე კრიმინალად შერაცხილ ვატო ყიფიანთან მეგობრობის გამო დაისაჯა, თუმცა საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ ციხეში მყოფი ვატო ყიფიანი 2008 წელს თავად ხელისუფლებამ გაუშვა პატიმრობიდან და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც მისცა.

საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე დავით კვიჟინაძემ ვასილ ლურსმანაშვილთან 140.000 დოლარი წააგო. კვიჟინაძემ დახმარება ცნობილ ავტორიტეტს, ვახტანგ ყიფიანს სთხოვა. შეთანხმებით გადაწყდა, რომ 70.000 დოლარი ლურსმანაშვილის მეგობარ დავით ფეიქრიშვილს ჩაჰბარდებოდა, დანარჩენ თანხას, ქურდების სახელით, ყიფიანი აიღებდა და თანხა მთლიანად დაფარულად ჩაითვლებოდა. ფეიქრიშვილი კვიჟინაძისგან თანხას ითხოვდა. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ გარჩევაში დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი მონაწილეობდნენ.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას დემეტრაძეს ხელში ჰქონდა ცელოფანში ჩადებული 30.000 დოლარი, ხოლო გაგნიძეს -10.700. თავად გაგნიძე ირწმუნება, რომ ეს თანხა სრულად მისგან ამოიღეს, რადგან დემეტრაძესთან შეხვედრამდე დააკავეს. იმავეს ამბობდა დემეტრაძეც, აღნიშნავდა, რომ მეგობარმა დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა, მაგრამ გზაში პოლიციელებმა დააკავეს, ხელები გადაუგრიხეს და ძირს დააგდეს. "მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ და მითხარით, საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი? მაშინ დამიდასტურეთ, რომ რაიმე ქურდულ გარჩევაში მივიღე მონაწილეობა", -აცხადებდა სასამართლოზე იგი. პროცესზე ისიც გაირკვა, რომ მას ვატო ყიფიანთან სატელეფონო საუბარიც კი არ ჰქონია, არათუ რაიმე სახის შეთანხმება.

მოგვიანებით, ძალოვნებმა ამ საქმეზე კიდევ ერთი პირი, დავით ფეიქრიშვილიც დააკავეს. კვიჟინაძის წაგებული თანხა სწორედ მისთვის უნდა გადაეცათ. მან თქვა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა ყიფიანთან და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს -დემეტრაძესა და გაგნიძეს, ისინი გამართლებას ითხოვდნენ. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას გიორგიმ მოსამართლეს ასე მიმართა: "სამართლიან განაჩენს ვითხოვ, მეტს არაფერს!" მაგრამ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გიორგი დემეტრაძეს 6 წელი მიუსაჯეს, ხოლო დავით გაგნიძეს -8 წელი.

-გიორგი, დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევ. მაშინ ვატო ყიფიანთან შენს მეგობრობას დაუკავშირეს ეს დაკავება, რას ითხოვდნენ შენგან?

-ითხოვდნენ, დამესახელებინა ვატო ყიფიანი და მისთვის ხელი დამედო. უარი ვთქვი. კიდევ სხვა პირებზე ითხოვდნენ ჩემგან ჩვენებებს, მაგრამ როცა ვერ გამტეხეს და არაფერზე წავედი, ახალი ულტიმატუმი წამიყენეს, -ახლა მილიონი მოიტანე და ერთ წელს მოგისჯითო. მერე ესეც შეცვალეს და მითხრეს, -ეს თანხა გადაიხადე და გაგათავისუფლებთო. ვუპასუხე, -მილიონი თქვენ მომეცით და კიდევ ერთი წელი დამიმატეთ-მეთქი... პროკურორები ვაჭრებად იყვნენ გადაქცეულები. ადეიშვილი ჰალსტუხიანი ვირთხაა, ის გზავნიდა ამ ხალხს. საპროცესო შეთანხმებაზე მიდიოდა მოლაპარაკება, მაგრამ ჩაიშალა, რადგან ჩვენგან კატეგორიული პასუხი მიიღეს, რომ ხელი ვინმესთვის დაგვედო... მთელი საქართველო აღმოჩნდა მათი სამიზნე -ბევრი ნაცნობი შემხვდა იქ; ბევრი უდანაშაულოდ ზის, როგორც მე.

-რამდენიმე დაწესებულება გამოიცვალეთ. ისიც ვიცი, რომ ციხეში ცუდ პირობებში გამყოფებდნენ. იქნებ გვიამბოთ, რა გზა გამოიარეთ დაკავების დღიდან დღემდე?

-გლდანის დაწესებულებაში 10 თვე ვიყავი. საშინლად მძიმე პირობები იყო. თუმცა ფიზიკურად არ შემხებიან. თუ არ აღიარე დანაშაული, მათ მოთხოვნებს არ ემორჩილები, ბუნებრივია, გემუქრებიან, რომ გადაგიყვანენ უფრო მძიმე ადგილას და ასეც მოხდა. მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაგვიყვანეს უმეტესად ის ადამიანები, რომლებიც არ ვაღიარებდით ბრალს. მათ შორის, მუხროვანის ამბოხის წევრებიც იყვნენ. ერთი თვე იქ საშინელ მდგომარეობაში გავატარე. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. დამიბლოკეს ბარათი და მისი სარგებლობის უფლება არ მქონდა. ბუნებრივია, ფული არ მქონდა და ფაქტობრივად, ერთი თვე მაშიმშილეს. ესეც არაფერი. დაუბანელი ვიყავი მთელი თვე, რადგან არც საპონი მქონდა, არც ჯაგრისი და კბილის პასტა, ჰიგიენისთვის არანაირი საშუალება არ არსებობდა, ტუალეტის ქაღალდიც კი არ გვქონდა, -წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით. სამი ადამიანი ვიყავით ერთ საკანში და სამივე -ასეთ მდგომარეობაში. ღორებივით გამოგვკეტეს. დაგვაწვინეს რკინის საწოლზე და არაფერს გვაძლევდნენ. ამაზე მეტი რა უნდა გიქნან?! იმ დაწესებულებაში ერთი წელი გავატარე. ჩაკეტილი ხარ საკანში, არანაირი ვარჯიშის საშუალება არ გაქვს, დღეში მხოლოდ ერთ საათი გამოჰყავხარ სასეირნოდ, თუ ამას სეირნობა ჰქვია. ფართობი 4 კვ.მ-ია და იქ დადიხარ. შაბათ-კვირას არავინ გასეირნებს...

იქიდან რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადამიყვანეს. იქ ნორმალური პირობები იყო. ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდით. დაწესებულების უფროსი ლაშა ბრეგვაძე თავადაც იყო ფეხბურთის მოყვარული. დიდი სტადიონი გვქონდა და თამაშით ვერთობოდით, სხვა რითი უნდა დაკავდე იქ, თუ არა სპორტით?! მერე იქიდან ორთაჭალაში, მე-12 დაწესებულებაში მიმიყვანეს, საიდანაც გავთავისუფლდი. ამას "გამშვებ ზონას" ეძახიან. ფაქტობრივად, მთელი ციხეები მომატარეს, ერთი გეგუთის კოლონია არ მინახავს. მძიმე იყო გლდანში გატარებული პერიოდი. მართალია, ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ როცა გესმის, შენ გვერდით საკნებში ადამიანებს როგორ აწამებენ, სცემენ, გესმის მათი განწირული ხმები, ყვირილი, ამის გაძლება ძნელია. ყველაფერი ეს ადამიანის ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს.

-სასამართლოს შენობაში ცალკე ჰყავდით გამოკეტილი; ასეთი სასჯელი რატომ დაიმსახურეთ?

-პროცესზე გადაყვანის დროს ბადრაგთან მომივიდა შეკამათება და ხომ უნდა დავესაჯე?!. მას მერე მარტო მოვყავდი სასამართლოში და ცალკე ოთახში მკეტავდნენ, საშინელ სიცივეში. ასე, მარტო გამოკეტილს, რამდენიმე საათის გატარება მიწევდა. მერე პროცესზე სიცივისგან გალურჯებული შევდიოდი. ასეთები იყვნენ: თუ გააპროტესტებდი მათ უკანონობას, ასე გექცეოდნენ. უბრალოდ -გსჯიდნენ. როგორც მივხვდი, მათაც ავალებდნენ და ისინი შემსრულებლები იყვნენ -ალბათ ადეიშვილი და დეპარტამენტიდან ავალებდნენ.

-გლდანის დაწესებულებაში ვენა გადაიჭერი. რა იყო ამის მიზეზი? დეპრესია?

-კარცერში სრულიად უმიზეზოდ გადამიყვანეს. ეს დასჯის ერთ-ერთი მეთოდი იყო. წამების სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ და ეს მეთოდები იცვლებოდა. მარტო დავრჩი და 5 დღე კარცერში გავატარე. ვცდილობდი, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და ამაზე არ მეფიქრა, მაგრამ როცა მარტო დავრჩი, მომეშალა ნერვები და ხელი გავიჭერი. მერე ექიმს დაუძახეს და ჩემს საკანში დამაბრუნეს. როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება: როცა კარცერიდან ამოგიყვანენ, სხვა საკანში შეჰყავხარ. ამის მერე იყო, მკაცრ რეჟიმში რომ გადამიყვანეს.

-დრო როგორ გაგყავდა?

-ვკითხულობდი გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, ვუსმენდი რადიოს, დღეში რამდენიმე საათს ვვარჯიშობდი.

-კვება როგორი გქონდათ?

-იქაურ საჭმელს ვერ შეჭამ. ერთი თვე ბარათის გარეშე რომ დამტოვეს, სხვა გზა არ მქონდა და იძულებით ვჭამდი. ისე, სამჯერ მომწამლეს. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ... ყველაფერს მაღაზიაში ვყიდულობდი. ოთხშაბათს და პარასკევს ლობიო გვქონდა.

-როგორც მახსოვს, მამაშენს ფეხბურთის ფედერაციაში შენი დახასიათებაც არ მისცეს. რა რეაქცია გქონდა ამაზე? ბევრმა მეგობარმა გაქცია ზურგი?

-ფედერაციიდან ფეხბურთელს დახასიათებას რომ არ მისცემდნენ, ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და მართლა გავოგნდი. ეტყობა, შეაშინეს და დღემდე აშინებენ ფედერაციის პრეზიდენტს. ფაქტია -მამას ეს საბუთი არ მისცეს. რეზიკო არველაძეს მადლობა მინდა გადავუხადო -შეძლებისდაგვარად, მამას ეხმარებოდა პრობლემის გადაწყვეტაში, მაგრამ დომენტი სიჭინავა რამ შეაშინა, არ ვიცი. რაც შეეხება მეგობრებს, ისინი დამიდგნენ გვერდში, მაგრამ ზოგიერთებმა ჩემი იმედი ვერ გაამართლეს. ზოგს შეეშინდა, ზოგს სხვა მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ არ ეაქტიურა. არ ვიცი, მათი აზრი აღარ მაინტერესებს და მათ მოსმენას არ ვაპირებ. ბოლომდე დამიდგა კახა კალაძე და სხვები.

-რეაბილიტაციას მოითხოვ?

-აუცილებლად. ხელახლა უნდა მოხდეს ამ საქმის განხილვა და სიმართლის დადგენა. მართალია, გარეთ ვარ, მაგრამ ჩემი მეგობარი დათუნა გაგნიძე სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში. თან ავადმყოფობს. რაც მალე დაინიშნება პროცესები და გავმართლდებით, მით მალე დატოვებს ციხეს. პირველ რიგში მას უნდა მივხედო და პროცესებზე ყველანი დარწმუნდებით ჩემს უდანაშაულობაში.

-შობას თქვენთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა...

-წლევანდელი ახალი წელი ყველაზე გამორჩეული იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიცოდი, მალე დავტოვებდი იქაურობას. 1-ელ იანვარს დილამდე არ გვეძინა. მართალია, სასმელი არ იყო, მაგრამ საჭმელი ბევრი გვქონდა. შობას თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად დაესწრო წირვას. ძალიან ჭკვიანი გოგოა და კარგი ადამიანი. პატიმრების პრობლემები გულისყურით მოისმინა.

-შენი სამომავლო გეგმები როგორია?

-ახლა ეიფორიაში ვარ. შეგატყობინებთ, რას ვიზამ. ჩემთვის საფეხბურთო კარიერა დასრულდა. 36 წლის ვარ, 2 წელი და 7 თვე ციხეში ვიყავი. აქტიური ფეხბურთი მორჩა. ხანდახან ეზოში ვითამაშებ მეგობრებთან ერთად. როცა დამაკავეს, მაშინ ვვარჯიშობდი და გადაწყვეტილი იყო, სამწლიან კონტრაქტზე ხელი უნდა მომეწერა, მივდიოდი საქართველოდან, მაგრამ ეს ყველაფერი ჩამიშალეს და ციხეში უდანაშაულოდ გამომკეტეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ