ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში პრიორიტეტებს შეცვლით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "რადიო თავისუფლების" სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტებზე არაერთხელ ისაუბრეს და ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი.
"ჩვენ ურყევად მივყვებით ამ კურსს. პარალელურად, ჩნდება კითხვა - შესაძლოა თუ არა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და ამავდროულად, გქონდეს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან, ისწრაფოდე მისკენ, გქონდეს კარგი ურთიერთობა ამერიკასთან და ნატო-ს წევრ-ქვეყნებთან. მე ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ-ქვეყნებთან.
შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია და მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის შეთავსებას შევძლებთ",- განაცხადა ივანიშვილმა.