"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”

"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”

რუსული ინტერნეტ-გამოცემა kp.ru კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის ერთადერთ ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელიც დამოუკიდებელმა რეპორტიორმა მაქსიმ გლადკიმ მასთან 2009 წელს ჩაწერა.

- რა ხდება დღეს ქურდულ სამყაროში?

- მე უკვე შორს ვარ ამისგან. ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები ვართ, ხელს არავის ვუშლით. გვსურს, მშვიდობა და არ გვინდა, რომ იყოს უკანონობა. წყნარად ვცხოვრობთ.

- საკუთარ თავს მშვიდობისმყოფელ ადამიანად მიიჩნევთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვუშლი, მე მშვიდობისმყოფელი ვარ.

- თქვენს კრიმინალურ ისტორიას ადამიანები უნდა შეურიგდნენ?

- სად წავიდე, მოხუცი ვარ უკვე, ცხოვრებაში მრავალი რამ ვნახე - ვიცი, რასაც ვამბობ.

- ჯემა გახსოვთ? (კანონიერი ქურდი ევგენი ვასინი, რომელიც 2001 წლის ოქტომბერში ხაბაროვსკის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა).

- ჩვენ ტობოლსკში ერთად ვიხდიდით სასჯელს, შემდეგ მის დაბადების დღეზე ვიყავი: აკორდეონი, დასვენება, ის ძალიან წესიერი ადამიანი იყო.

- ის კანონიერი ქურდია, რა წესიერებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ეს ყველაფერი სისულელეა. თუ ვინმე ბავშვს მოკლავს - თავსაც მოვაჭრით. არსებობს ღმერთი, სამართლიანობა და ის აღდგება.

- ღმერთის გწამთ?

- წლების მატებასთან ერთად, დიახ. ცხოვრება თამაშია. გნებავთ, დაიჭირეთ ქურდი. დაიჭერენ და შემდეგ მომდევნო ეტაპზე გადადის. ციხეში წიგნების კითხვას იწყებს. ჭკვიანური წიგნები უნდა იკითხო და ჭკვიანურ ფილმებს უყურო და არ დაეშვა იმ ადამიანის დონემდე, რომლისთვისაც მხოლოდ მოპარვაა მნიშვნელოვანი. უნდა განვითარდე.

- თქვენ განვითარდით. სერიოზული ავტორიტეტი გაქვთ.

- ჩვენი სამყარო სხვაა.

- რას ფიქრობთ ზაქრო კალაშოვის დაკავების შესახებ? (ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ფულის გათეთრებისთვის ესპანეთში 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს).

- ყველაფერი არასწორად გაკეთდა. რამდენი სიკეთე აქვს მას ადამიანებისთვის გაკეთებული, ამას არავინ დაივიწყებს. მაგრამ ესპანეთში მისი დაკავება არასწორი იყო. მას ბევრი მტერი ჰყავს, ათასგვარ სიბინძურეს სწამებენ, ისე უბრალოდ.

- მას ნათლიმამად მიიჩნევდნენ, თქვენ კი მეორე პირად მის შემდეგ?

- არ არის ეს სიმართლე. ვიღაცას მისი გაშავება და იმის წართმევა სურს, რაც რუსეთში გააჩნია. ის ხომ ბიზნესით იყო დაკავებული. ზოგადად, მსურველები ბევრნი არიან.

- თქვენ არ გსურს ნათლიმამობა?

- მე პენსიონერი ვარ, პენსიაზე ვცხოვრობ.

- ნამდვილად პენსიით ცხოვრობთ?

- შეიძლება ითქვას, კი.

- ოპერატიული მონაცემების მიხედვით, კალაშოვის დაკავებით კრიმინალური სამყაროს მმართველი წრე გაშიშვლდა.

- ყველაფერი, რასაც კალაშოვის შესახებ ლაპარაკობდნენ, ცუდია. ის კარგი, კეთილი ადამიანია, ქურდებთან მუშაობდა, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია. რატომ არავინ კითხულობს: რაც ერთისთვის ნებადართულია, მეორესთვის არ არის? ასე ვართ მე და შაქრო. ის ქურდის კვალობაზე ცუდად მოიქცა, როდესაც თბილისში სასახლე აიშენა. მოკრძალებული უნდა იყო.

- თქვენ არც ისე ცუდად ცხოვრობთ.

- მე მოკრძალებულად ვცხოვრობ. ხელს არავის ვახლებ. მინდა მშვიდად დავასრულო სიცოცხლე.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ