ქვითრები არ არის სარეკლამო ბარათი, თუ მერიას რეკლამა და რეკლამის განთავსება უნდა, ამისთვის ქალაქში ბილბორდები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ "ინტერპრესნიუსს" მერიის კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით განუცხადა, მერიას აქვს საშუალება, მას დაეწეროს უბრალოდ ვაუჩერი და მითითებულ იქნას თანხა, როგორც ეს კახეთის მოსახლეობასთან მიმართებაში მოხდა, როდესაც მთავრობამ სუბსიდირება გააკეთა.
კახი კალაძის განმარტებით, იქ არ არის მითითებული, რომ ეს მოხდა სახელმწიფოს, ახალი მთავრობის ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მხოლოდ მითითებულია, რომ ეს არის სუბსიდირება.
"მათ თუ მერიის რეკლამა და რეკლამის განთავსება უნდათ, არსებობს ქალაქში ამისთვის ბილბორდები, არსებობს ტელევიზიები, სადაც შეუძლიათ, გააკეთონ რეკლამა. ქვითარი, რომელიც მოსახლეობასთან მიდის, სარეკლამო ბარათი არ არის", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
ამასთან, მან დედაქალაქის მერია თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.
"მინდა, განმარტება გავაკეთო ვაუჩერებთან დაკავშირებით, თუ როგორ აქვთ პრიორიტეტები განაწილებული. ამ 20 ლარიდან პირველად დასუფთავების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს და ეს აბსურდია. საერთოდ, ნაგვის გადასახადი ამოსაღებია და ამასთან დაკავშირებით ზოგადად კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები. თუ რატომ გაკეთდა პრიორიტეტად ნაგავი და ეს თანხა სად მიდის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ამის შემდეგ როდესაც ნაგვის გადასახადი იქნება გადახდილი, თუ დარჩება რამე თანხა, ეს მიმართული იქნება დენის ან გაზის გადასახადთან. ასეთი ხრიკებით ცდილობს თბილისის მერია, თბილისის მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, თუმცა დღეს ყველამ ყველაფერი იცის, ყველაფერი ნათელია, თუ რისთვის აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს. ცდილობენ, აღიდგინონ დაკარგული რეპუტაცია, თუმცა 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობამ" თავისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ეს შეუძლებელია", - მიაჩნია კახი კალაძეს.
ამასთან, მინისტრმა ვაუჩერებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის განცხადების შეფასებაც არ ისურვა.
"მაჭავარიანს პასუხის ღირსად ნამდვილად არ ვთვლი. მაჭავარიანიც იმ ბინძური პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელსაც დღეს სააკაშვილი წარმოადგენს", - დასძინა მან.
თბილისის მერია ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდებს, საკუთარი უფლებამოსილებისამებრ იმოქმედოს.
როგორც დედაქალაქის მერიის პრეს-სპიკერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, დაწყებულია პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თითოეული თბილისელი აბონენტი 100 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს იღებს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაუჩერზე შესაბამისი წარწერა და თბილისის მერია ნახსენები არ იქნება.
"ჩვენ გვსურდა, გადახდის ქვითარზე ყოფილიყო წარწერა, - თბილისის მერიის ვაუჩერი, თუმცა სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ თბილისის მერია ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია საერთოდ არ იქნება ნახსენები, თუმცა თითოეულმა მოსახლემ იცის, რომ აღნიშნული ვაუჩერი და ინიციატივა სწორედ თბილისის მერიას ეკუთვნის", - აღნიშნა დოლიძემ.
მისივე თქმით, მერიისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ერევა ენერგეტიკის სამინისტრო თვითმმართველი ერთეულისა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.
"ჩვენთვის ეს მიუღებელია და ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას", - განაცხადა მერის პრეს-სპიკერმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობისა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, თბილისის მერიას სურვილი აქვს, მის მიერ შემოღებულ 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით გადახდის ქვითარზეც იყოს მითითებული, მაგრამ შესაბამისი წარწერის გაკეთების შესაძლებლობას მას მთავრობა, კერძოდ კი, ენერგეტიკის სამინისტრო არ აძლევს.
"მიდის პოლიტიკური ბრძოლა. არ უნდათ, რომ ქვითარზე თბილისის მერია გაჩნდეს და ბატონი კალაძე მთელს თავის ენერგიას ამაში ხარჯავს. კი ბატონი, არ დააწერენ და ნუ დააწერენ, ვაუჩერი იქნება და ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით", - განაცხადა მაჭავარიანმა.