რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება

რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება

პირველი საქმე, რომლის ხელახალი გამოძიებაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეა. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პირველი მსხვერპლი 19 წლის ახალგაზრდა გახდა, ის 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, დიდუბის ეკლესიასთან პატრულის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა მოკლა. ძალოვნებმა ეს არ იკმარეს და უდანაშაულო მსხვერპლი და მისი მეგობრები კრიმინალებად შერაცხეს - ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღი და მათი მანქანის საბარგულში ჩადეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. პროკურატურამ საქმის გაყალბებაში ბრალი წაუყენა საპატრულო პოლიციის იმჟამინდელ უფროს ზურაბ მიქაძეს, თუმცა ის მოსამართლემ 16.000-ლარიანი გირაოს ნაცვლად პატიმრობიდან გაათავისუფლა, რასაც დაზარალებულის ოჯახის აღშფოთება მოჰყვა. გვესაუბრება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

- ქალბატონო ია, პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლომდე არ იცის, როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე ან სანდრო გირგვლიანი...

- პრეზიდენტი ამით თავის გულგრილობას და არაადამიანურობას უსვამს ხაზს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არც აინტერესებს ის ოჯახები, რომლებიც ამოწყვიტა და სამუდამოდ გააუბედურა. ამ უბედურებაში ყველაზე დიდი დამნაშავე სააკაშვილია, რადგან მან პირადად გასცა "ნულოვანი ტოლერანტობის" მითითება, ყველაფრის უფლება მისცა პოლიციელებს და მათთვის სასამართლო არ არსებობდა.

- ბუტა და მისი მეგობრები კრიმინალებად შერაცხეს და შემთხვევის ადგილზე ავტომატები "აღმოუჩინეს". მაინც ვინ იყო ამ იდეის ავტორი? ბუტას მამამ, სოსო რობაქიძემ, პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს.

- უშუალოდ მათი მითითებით მოხდა თუ არა ეს, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ისინი რომ დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ, ყველაფერს მალავდნენ და ჩქმალავდნენ, ფაქტია! ჩვენ სააკაშვილი დაგვცინოდა, როცა პოლიციელებს აჯილდოებდა, ზეიმს უწყობდა ჩვენს დასანახავად და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პატრული იყო ყველაზე წარმატებული პროექტი, რისი განხორციელების შედეგად კრიმინალი აღიკვეთა და ამიტომ პატრულს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა ჰქონდა. სააკაშვილს სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, მკვლელია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის აღარ არის ჩვენი პრეზიდენტი და არც უნდა იყოს. მას რომ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია, ეს არის საშინელება.

- რას იტყვით გამოძიებაზე, როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი?

- როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, პირველი საქმე, რომლის გამოძიებაც პროკურატურამ დაიწყო, ბუტას საქმე იყო. დააკავეს კიდეც ზურაბ მიქაძე - საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამ უბედურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა იყო. მისი დაპატიმრების შემდეგ მთელი თბილისი მირეკავდა, რადგან ეს ტრაგედია გასცდა ჩემი ოჯახის ფარგლებს. მიქაძის დაკავებით ხალხში გაჩნდა სამართლიანობის განცდა. თუმცა შემდეგ მიქაძე ცინიკურად გაათავისუფლეს სასამართლოს დარბაზიდან. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ჯერ არ არის გათავისუფლებული­, ისევ კუბლაშვილის ხელშია და მიშას ნაციონალური მმართველობის წნეხის ქვეშაა მოქცეული. ამიტომაც არ გამიკვირდება, მიქაძეს გამამართლებელი განაჩენი რომ გამოუტანონ. ველოდები რეფორმას, რომლის წყალობითაც სასამართლო აუცილებლად გათავისუფლდება. რაც შეეხება გამოძიებას, საქმეში გამოიკვეთა სხვა ბევრი მაღალჩინოსანი, რომლებიც ერთმანეთს ხელს ადებენ და ააშკარავებენ. მიქაძემ ზურაბ ბაქრაძეს (კრიმინალური პოლიციის იმჟამინდელი უფროსი) დაადო ხელი, ბაქრაძე მიქაძეს ადანაშაულებს. მიქაძე ამბობს, ბაქრაძემ მიბრძანა იარაღის ადგილზე მიტანაო, მანვე დაასახელა ლევან გვაზავაც. როდესაც მათ დაიბარებენ დასაკითხავად, ისინი სხვებს დაადებენ ხელს, ის სხვები - სხვებს და ა.შ. მე ისედაც ვიცოდი, რომ ბევრი მაღალჩინოსანი, მთელი მთავრობა იყო ჩართული ამ უბედურებაში.

- გურამ დონაძე ამბობდა, იმხანად გერმანიაში ვიმყოფებოდი და შემთხვევის ადგილზე როგორ ვიქნებოდიო. იგი ახლაც უცხოეთშია და იფიცება, რომ ამ საქმესთან შეხება არ ჰქონია.

- ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ დონაძე შემთხვევის ადგილას იყო. ბაქრაძე, ბუტას მეგობრები, ყველა, ამბობს, რომ ის ვაჟბატონი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. იმ პერიოდში, როდესაც დონაძე გამოვააშკარავეთ, ის მუქარის წერილებს გვიგზავნიდა. ჟურნალისტი, რომელიც დონაძეს ახლდა, ალაპარაკდა. იგი ამჟამად სოზარ სუბარის უწყებაში მუშაობს და ამბობს, რომ ბევრ სხვა რამესაც იტყვის.

- რას ელით გამოძიებისგან?

- ვიმედოვნებ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ღმერთმა ნუ ქნას, ეს იმედიც გამიცრუვდეს. მთავარია, სასამართლო გათავისუფლდეს კუბლაშვილის მარწუხებისგან და მაშინ მართლა აღსრულდება სამართალი. დაკითხავენ შს იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც და მისგანაც გაირკვევა რაღაც. თუმცა მახსოვს, რომ ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ ოქრუაშვილი აღარ იყო მინისტრი, მის ადგილას ვანო მერაბიშვილი დაინიშნა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატში იწყებთ მუშაობას. თქვენი მომავალი საქმიანობა თავს დატეხილმა ტრაგედიამ ხომ არ განაპირობა?

- რა თქმა უნდა. ვერ ვიტან უსამართლობას, ისედაც არაფერი დამრჩენია და ჩემს დარჩენილ ცხოვრებას და ენერგიას უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მოვახმარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მქონდეს საშუალება, დავიცვა ადამიანების უფლებები, მხარში ამოვუდგე გაჭირვებულ ხალხს და სიკეთე ვაკეთო. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ომბუდსმენის მოადგილედ ვინიშნები. ბატონ უჩა ნანუაშვილს უკვე ჰყავს მოადგილე, მე, შესაძლოა, აპარატში დავიწყო მუშაობა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანამდებობაზე.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ