ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა

ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა

სერჟანტი გიორგი კიკაძე მეცხრამეტე ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში დაიღუპა. გიორგიმ მუსა კალას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზა "ლაზიკა" 19 დეკემბერს დატოვა... 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინ, მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.

გიორგი პირველი ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში არასაბრძოლო ვითარებაში დაიღუპა. ჯერ კიდევ დაუდგენელია, რატომ დატოვა ქართველმა ჯარისკაცმა სამხედრო ბაზა, რა ვითარებაში აღმოჩნდა თალიბი მებრძოლების ხელში და რას ითხოვდნენ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ. რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თავდაცვის სამინისტრომ უფლება არ მოგვცა, გიორგის შესახებ მის თანამებრძოლებს გავსაუბრებოდით. იმის გასარკვევად, თუ როგორი ადამიანი იყო გიორგი, როგორ მოხვდა არმიაში და რა მიზნები ჰქონდა სამომავლოდ, - დაღუპული ჯარისკაცის დედას, ნინო მეყანწიშვილსა და ძმას, ნიკა კიკაძეს შევხვდი.

- ქალბატონო ნინო, როგორი იყო გიორგი, რითი გამოირჩეოდა თქვენი დანარჩენი ორი ვაჟისგან?

- ყველაფრით. გამორჩეული და განსაკუთრებული შვილი იყო - თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი. ყველაზე მეტად მას ვეცოდებოდი, მუდამ გვერდით მედგა, ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებდა. მისი სახით მხოლოდ შვილი კი არა, მეგობარიც დავკარგე. განსაკუთრებული დედაშვილობა გვქონდა. ჩემი შვილი რომ იყო, იმიტომ არ ვამბობ, - ყველა დაგიდასტურებთ, რომ ზრდილობიანი, ძალიან კეთილი, ალალი და უეშმაკო ბიჭი იყო. ბოლო თეთრსაც კი სხვას დაახარჯებდა. ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც: ყველას სატკივარი შენ როგორ უნდა მიიტანო გულთან-მეთქი?! მორწმუნე იყო... ავღანეთიდან მისი ნივთები რომ ჩამოიტანეს, მათ შორის, ბიბლია და სახარებაც იყო. ვიცი, რომ ეს წიგნები აქედან არ წაუღია, ალბათ იქ იყიდა. მის ნივთებში თავისი ძმისთვის ნაყიდი თავსაკრავი, ბრელოკი და წინდებიც ვნახე. გული მომიკვდა - იქაც კი თავის ძმებზე, ჩვენზე ფიქრობდა... ძმებსაც ძალიან უყვარდათ გიორგი. ნიკა ცდილობს, რომ ხალხში არაფერი შეიმჩნიოს, სისუსტე არ გამოავლინოს, მაგრამ მე დედა ვარ და ვიცი, მის გულში რა ცეცხლიც ტრიალებს. რამდენჯერმე შევუსწარი, თავის ოთახში ლოგინზე დამხობილი რომ ტიროდა...

- გიორგიმ არმიაში წასვლა რატომ გადაწყვიტა?

- ძალიან უყვარდა ეს საქმე. სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით, მათემატიკა და გერმანული უყვარდა. "გეპეიში" ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სამხედრო სამსახურშიც თავისი ცოდნა გამოავლინა. საარტილერიო ცეცხლის კორექტორი იყო. მტრის კოორდინატებს, მისი ჯავშანმანქანების მოძრაობის სიჩქარეს და მსგავს რაღაცებს ადგენდა. ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია ჰქონდა. გიორგის ერთ შეცდომას შესაძლოა, მთელი ბატალიონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ სამსახურის მისაღებად ურთულესი კონკურსი გაიარა. 11 კაციდან 5 შეარჩიეს. ხუთ საუკეთესოს შორის აღმოჩნდა ჩემი გიორგი. ძალიან გახარებული იყო, მუშაობა რომ დაიწყო. სამი წელი იმსახურა არმიაში და არ მახსოვს, რომ სამსახურში ერთი დღე მაინც დაეგვიანებინოს, გაცდენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დილით ერთს რომ დავუძახებდი, მაშინვე მპასუხობდა, - უკვე მღვიძავს, დედი, ვემზადებიო. თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ხშირად უწევდა მეგობრებთან ერთად მოლხენა. თავადაც უყვარდა ქეიფი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დალევდა, თუ მეორე დღეს სამსახურში იყო წასასვლელი. საოცრად მოწესრიგებული იყო. ფორმა უყვარდა ძალიან. უამრავი ფორმა აქვს შინ მოტანილი - შარვლები, მაისურები, პერანგები, ჟილეტები, ფეხსაცმელები, ზურგჩანთები... მის ოთახში რომ ვეღარ დავატიე, სარდაფში ჩავიტანე. ვეჩხუბებოდი, - რად გინდა ამდენი ფორმა, კოლექციას ხომ არ აგროვებ-მეთქი. კიდევ ის მაგიჟებდა, რომ სულ მუხათგვერდში იყო - აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებს არ სცილდებოდა. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, თავის ძმაკაცებთან ერთად იქ მირბოდა. აგვისტოს გმირებზე ლეგენდებს ჰყვებოდა. ერთხელ ვუსაყვედურე, - რა დაკარგე ამ მუხათგვერდში, რას ეძებ-მეთქი?.. რა ვიცოდი, რომ მალე ჩემი შვილის საფლავზე სხვა ჯარისკაცებს მოუწევდათ სიარული.

ნიკა კიკაძე:

- გიორგი მოწოდებით იყო ჯარისკაცი. სამხედრო კარიერის გაკეთებაზე როდესაც დედა უსაყვედურებდა, რაღა ეს პროფესია აირჩიეო, ის პასუხობდა, არმიაში ჩემი თავი ვიპოვე, ეს ის საქმეა, რისი კეთებაც არასოდეს მომწყინდებაო.

- როგორც ვიცი, ავღანეთში უკვე მეორედ იყო წასული.

- კი, მეორედ იყო და მესამედაც აპირებდა წასვლას.

- პირველად რომ დაბრუნდა ავღანეთიდან, რას ამბობდა?

- თქვენ ის მკითხეთ, რას არ ამბობდა: სულ ჯარი და ავღანეთი ეკერა პირზე. მეგობრებთან დაჯდებოდა, ნათესავებთან თუ მეზობლებთან სულ თავის სამსახურზე ლაპარაკობდა. რამდენჯერ უთქვამთ მისთვის, - დაგვანებე შენი ჯარით თავი, გული ნუ გაგვიწყალეო. რა ექნა, სხვა არაფერი აინტერესებდა. ეს საქმე იყო მისთვის ყველაფერი. ავღანეთიდან ახალი ჩამოსული იყო, ისევ წასვლაზე რომ ალაპარაკდა. დედას ძალიან არ უნდოდა მისი გაშვება, ალბათ გული ცუდს უგრძნობდა. გიორგიმ არ დაიშალა, მაინც თავისი გაიტანა. სულ ორი თვის წასული იყო. 24 ოქტომბერს წავიდა, 29 დეკემბერს კი დაიღუპა... ავღანეთში პირველად რომ წავიდა, 23 წლის იყო. 24 წელი რომ შეუსრულდა, ყველა ერთად ვიყავით, წელს კი... 16 იანვარს 25 წლის უნდა გამხდარიყო.

ნინო:

- სიცოცხლით სავსე იყო ჩემი ბიჭი. ყველაფერს თავისით მიაღწია, სამსახურიც თავისით იშოვა.

- თუ გახსოვთ, პირველი ხელფასით რა შეიძინა?

- ამ სახლში რასაც ხედავთ, ყველაფერი გიორგის ნაყიდია. მისით გვედგა სული. ბავშვობიდან გვერდით მედგა. მეშვიდე კლასში იყო, ფიზიკურად რომ შრომობდა, თავისი ოჯახისთვის.

- მეშვიდე კლასის მოსწავლე სად მუშაობდა?

- ბორჯომში სოფელი გვაქვს. ხან ტყეში დადიოდა, ხან მიწაზე მუშაობდა. ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო და თავსაც არ ზოგავდა. ახლა რაღა მეშველება, ასეთი შვილის დამკარგავ დედას?!

- არასდროს გითხოვიათ, არმიისთვის თავი დაენებებინა?

- მაგას როგორ ვეტყოდი, როცა ვიცოდი, როგორ უყვარდა თავისი საქმე?

- ავღანეთში წასვლის წინ თქვენთვის რაიმე განსაკუთრებულად საგულისხმო ხომ არ უთქვამს?

- ჩემთვის არაფერი უთქვამს. როგორც დედა-შვილს სჩვევიათ, ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ძმაკაცებისთვის კი უთქვამს, - გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, ასე მგონია, აქაურობას მეტად ვეღარ ვნახავო. ჩემი დისთვისაც უთქვამს, - თუ ცოცხალი დავბრუნდი, მერე მე ვიცი, როგორ მივხედავ შენს შვილებსო!.. ერთხელ ხუმრობით მითხრა, - შენზე არ ვნერვიულობ, მე თუ რამე დამემართება, აგერ, კიდევ ორი ბიჭი გყავს და მოგხედავენო. გავუწყერი, - რა სისულელეებს ამბობ-მეთქი!

- გავიგე, რომ შეყვარებული ჰყავდა და დაოჯახებას აპირებდა...

ნიკა:

- კი, შეყვარებულიც ჰყავდა და ოჯახის შექმნაზეც ფიქრობდა. სხვათა შორის, მალევე აპირებდა დაქორწინებას. ამბობდა, ავღანეთიდან რომ ჩამოვალ, პირველ რიგში, ცოლს მოვიყვან, ცოტა ხანს ოჯახური სიმყუდროვით დავტკბები და მერე ისევ ჩემს საქმეს მივხედავო...

ნინო:

- ავღანეთიდან, სკაიპით რომ მელაპარაკებოდა, მაშინ მითხრა, მესამედაც უნდა წავიდე ერაყშიო. გადავირიე, - ჯერ ჩამოდი და მესამედ წასვლაზე მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. ვეღარ ჩამოვიდა...

- როდის გაიგეთ, რომ დაიკარგა?

- 18 დეკემბერს მე და ნიკა ტელეფონით ველაპარაკეთ. მერე ტელეფონზე ანგარიში ამოგვეწურა და სკაიპი ჩავრთეთ. ერთი-ორი სიტყვა იქაც მოგვწერა. ჩვეულებრივი, ოჯახური საუბარი გვქონდა. განსაკუთრებული არაფერი შეგვიტყვია. გვითხრა, კარგად ვარო. ჩემზე დარდობდა: ავად ვარ და მეუბნებოდა, - თავს მიხედე, ექიმთან მიდი და წამლები დალიეო. მეორე დღეს, ხუთის ნახევარზე მისი ნაწილიდან მოვიდნენ და გვითხრეს, გიორგი დაიკარგაო. ათი დღის შემდეგ კი თავზარდამცემი ამბავი შემატყობინეს. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავიდა ბაზიდან. გიორგის ბაზიდან გარეთ გასვლა არ ევალებოდა, კომპიუტერთან უნდა მჯდარიყო...

ნიკა:

- 19 დეკემბერი იყო, თავდაცვის სამინისტროდან რომ მოვიდნენ და გიორგის დაკარგვის ამბავი გვითხრეს. იმედიანად გველაპარაკნენ, ამბობდნენ, ცოცხალია და ვეძებთო. ამ საქმეში თავად ბატონი ირაკლი ალასანია იყო ჩართული. გამუდმებით გვეკონტაქტებოდა, ყოველ ახალ ინფორმაციას გვაწვდიდა, თან გვანუგეშებდა. გიორგის დაღუპვის ამბავი პირადად მე მისგან გავიგე. დამირეკეს და მითხრეს, - ეზოში ჩამოდი, ბატონი ირაკლი მოდისო. ავტომობილიდან რომ გადმოვიდა, ფერი აღარ ედო. მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მითხრა, გამაგრდიო, და ეს სამწუხარო ამბავი გადმომცა. მერე კიდევ მელაპარაკებოდა რაღაცებს, მაგრამ მის სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. აღარც კი მახსოვს, ბატონ ირაკლის როგორ ავყევი ჩემს ბინამდე. აზრზე მაშინ მოვედი, როდესაც დედაჩემმა იკივლა. დედასაც პირადად ბატონმა ირაკლიმ შეატყობინა გიორგის დაღუპვა... მერე ბოდიშს გვიხდიდა იმის გამო, რომ გიორგი ცოცხალი ვერ დაგვიბრუნა. მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. უბრალოდ, იმედს გამოვთქვამ, რომ გიორგი ავღანეთში დაღუპული ბოლო ქართველი სამხედრო იქნება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"