ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება

ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება

საქართველოში არაერთი უცხოელი ახალგაზრდა იღებს განათლებას და ახლა სწორედ მათ შესახებ მინდა, მოგითხროთ. ალბათ საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა თითოეულ მათგანს აქ ჩამოსვლა? კმაყოფილები არიან თუ არა ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლით? როგორ ცხოვრობენ და საერთოდ, რას ფიქრობენ საქართველოში უცხო ქვეყნებიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდები. ამისთვის რამდენიმე მათგანს შევხვდი.

არაშ ღასემლოუ, ირანელი სტუდენტი:

- თავდაპირველად საქართველოში ბიზნესის ასაწყობად ჩამოვედი. მე და ჩემს ძმას ტურისტული კომპანია გვაქვს და ირანელებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ვთავაზობთ. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელშიც ვსწავლობ... ისე, პროფესიით ელექტროინჟინერი ვარ, ეს ფაკულტეტი მალაიზიაში დავამთავრე. საქართველოში მაგისტრის ხარისხის დაცვა მინდოდა, მაგრამ ჩემი დიპლომის აღიარება დროში გაიწელა. ამიტომაც გადავწყვიტე, საქართველოში ბიზნესის მენეჯმენტი შემესწავლა და საბუთები ერთ-ერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში შევიტანე. ნორმალური სტუდენტი არ ვარ, მუშაობა და ლექციებზე დასწრება მიძნელდება, მაგრამ ჩასაბარებელი საგანი არასოდეს დამრჩენია... სხვათა შორის, ირანელებისა და ქართველების წარმოდგენა განათლებაზე ერთმანეთს ემთხვევა. ყველა მშობელს შვილი პროფესორი უნდა, რომ ჰყავდეს (იღიმის). ჩემი მშობლებიც ასე არიან.

- აღნიშნე, ნორმალური სტუდენტი არ ვარო...

- (მაწყვეტინებს) ნორმალური სტუდენტი კი არა, ნორმალური ადამიანიც არ ვარ (იცინის)... ქართველები მაგარი ხალხი ხართ. საქართველოს გარშემო ყველა ქვეყანა მაქვს შემოვლილი, მაგრამ თქვენნაირი ადამიანები არსად შემხვედრია. თავდაპირველად კურსელებთან ურთიერთობის პრობლემა მქონდა, რატომღაც ყველა ისე მიყურებდა, თითქოს მათგან განსხვავებული ვიყავი. თუ სადმე მიდიოდნენ, არასოდეს მატყობინებდნენ. არც იმას მეუბნებოდნენ, ლექცია თუ გვიცდებოდა. თითქოს მეგობრები ვიყავით, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა. ეს ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქართველებს ინგლისურად ლაპარაკს, თავის ენაზე საუბარი ურჩევნიათ.

- ქართული ვერ ისწავლე?

- ცოტა-ცოტა (ქართულად მპასუხობს). წელიწად-ნახევრის განმავლობაში თქვენი ენა კარგად ვისწავლე... ისე, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ლექტორებთან, იმდენად კარგი, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დაბადების დღეზეც კი დამპატიჟა. სხვათა შორის, პედაგოგები არ ცდილობენ, რომ ჩაგჭრან, პირიქით, გეხმარებიან. ამან გამაკვირვა. მახსოვს, მალაიზიაში სწავლისას ზედმეტი თანხის მიღების მიზნით, სტუდენტებს გამოცდაზე ხშირად ჭრიდნენ.

ნადიშ სამარანაიკე, შრილანკელი სტუდენტი:

- უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოში ვსწავლობ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდები და საზღვაო ფლოტში ექიმად ვიმსახურებ. ვეცდები, გამოცდილება მივიღო და პროფესიონალიზმი ავიმაღლო.

- როგორც ვიცი, ბრიტანეთშიც სწავლობდი...

- კი, ლონდონში ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად, ვფიქრობდი, ჩემი ძმისთვის მიმებაძა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესორია, მასავით ხარისხის დაცვაზე მეზრუნა, მაგრამ მერე გეგმა შევცვალე. შრილანკაში სპეციალური სააგენტოა, რომელიც მსურველ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გზავნის. მივმართე იმ სააგენტოს და მათი მეშვეობით საქართველოში სწავლა გადავწყვიტე.

- რატომ მაინცდამაინც საქართველოში?

- მთავარი მიზეზი სწავლის საფასური იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან შედარებით ორმაგ ფასს ვიხდით, სწავლა მაინც იაფია. ასე რომ, სტუდენტისთვის, რომელსაც განათლების მიღება სურს, საქართველო მისაღებია... აქ ჩამოსვლამდე თქვენს ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ჩვენთვის აქ ყველაზე დიდი პრობლემა ენის უცოდინარობაა. დღესდღეობით ქართულად ასე თუ ისე, ლაპარაკს ვახერხებ, მაგრამ დამერწმუნეთ, რთულია, უნივერსიტეტში თან, მედიცინას სწავლობდე და თან, ურთულეს ენას, ქართულს ეუფლებოდე. ხანდახან თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაქსის მძღოლებს ველაპარაკები (იცინის).

- სწავლა ხომ არ გიჭირს?

- სწავლის ხარისხს რაც შეეხება, ბევრი კარგი ლექტორი გვყავს, მაგრამ მაინც, სწავლის დონე ფასის შესაბამისია. სიმართლე გითხრათ, მეტს არც ველოდი... ერთი ლექტორი გვყავდა, რომელიც სტუდენტებს თავისი დაწერილი წიგნით ასწავლიდა. ის წიგნი ჩვენც ვიყიდეთ, მაგრამ მასში იმდენი გრამატიკული შეცდომა იყო, ვერაფერი გავიგეთ. ვისხედით კომპიუტერთან და იმ საგანს ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდით. ხანდახან კი ყველაფერი ძალიან იოლია. ამას წინათ ერთ-ერთმა ლექტორმა ქართული სექტორის სტუდენტებს საგამოცდო ტესტის პასუხები წინასწარ ჩააწერინა. იმ ჯგუფელმა გოგონებმა პასუხები ჩვენც მოგვცეს, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ უნდა გადამეწერა პასუხები იმ ფურცლიდან? სხვათა შორის, ქართველი გოგონები კარგად სწავლობენ, ბიბლიოთეკაში რომ შეიხედოთ, იქ 80 პროცენტი გოგონა ზის. ბიჭებზე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, უნივერსიტეტის ეზოში დგომისა და სიგარეტის მოწევის მეტს, არაფერს აკეთებენ. როგორც წესი, გამოცდების დროს ისინი გოგონების იმედზე არიან.

- როგორია შენი თბილისური ცხოვრება?

- საკმაოდ დატვირთული და ოდნავ ძვირი, ვიდრე ქართველებისთვის. როგორც წესი, ბინის დაქირავებისას 20-30 პროცენტით მეტს ვიხდით, ვიდრე ქართველები. არაჩვეულებრივი ქვეყანა და ბუნება გაქვთ. იმედი მაქვს, საქართველო საერთაშორისო სტანდარტების ქვეყანა გახდება...

- ქართველი მეგობრები თუ გყავს?

- კი, არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს, რომლებსაც უნდათ, რომ ქართული ენა მასწავლონ, თვითონ კი ინგლისურად ლაპარაკს ცდილობენ. ქართველი გოგონები თბილები და კეთილები არიან.

კეროლაინ სრომეკ, გერმანელი სტუდენტი:

- ბევრმა მირჩია, რომ სწავლა აქ გამეგრძელებინა. საქართველოში ჩამოსვლამდე აქ ნამყოფ არაერთ ადამიანს ველაპარაკე. ყველა ისეთი აღფრთოვანებული იყო, მივხვდი, სწორ არჩევანს ვაკეთებდი. დღეს თბილისში არაერთი უცხოელი მეგობარი მყავს. მათ შორის, ერთი მხოლოდ 2 კვირით აპირებდა დარჩენას და უკვე 2 წელია, აქ ცხოვრობს. დედაჩემი პოლონელია და საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა. მასაც უყვარს თქვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი.

- გაამართლა საქართველომ შენი იმედი?

- მოლოდინსაც კი გადააჭარბა. თავდაპირველად ქართულ ოჯახში ერთი ოთახი ვიქირავე. იმ ადამიანებმა ახლობელივით მიმიღეს, მშობლებივით მეპყრობოდნენ. ცდილობდნენ, გამოეკვლიათ, ვინ იყვნენ ჩემი ქართველი მეგობრები, სად ცხოვრობდნენ, რა ერქვათ, რომ ჩემთვის რამე ზედმეტი არავის გაებედა... როცა ვმეცადინეობდი, ოჯახის დიასახლისს ჩაი და ხილიც კი შემოჰქონდა ჩემს ოთახში. მათი სითბოთი და მზრუნველობით გაოგნებული ვიყავი. თურმე ჩემი ნაცნობები საქართველოზე სიმართლეს ამბობდნენ. ქართველებმა თან კარგი გართობა იციან. არა აქვს მნიშვნელობა, ორშაბათია თუ შაბათი, ყოველ დღეს ყველა გასართობი ადგილი გადატენილია (იცინის).

- სწავლით კმაყოფილი ხარ?

- ასეთ ხარისხს არც ველოდი. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ლექტორებთან. ხანდახან მათთან ერთად სტუდენტები სავახშმოდაც კი დავდივართ. მათ ჩვენი პირადი ამბებიც კი იციან. საქართველოში გაცილებით თავისუფალი სტუდენტები არიან, ისევე, როგორც ამერიკაში. ლექციის დროს ყველას შეუძლია ოთახში სიარული (იღიმის). ერთი წელი ამერიკაში კოლეჯში ვსწავლობდი და იქაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო.

- რამეს თუ გაუკვირვებიხარ საქართველოში?

- (ფიქრობს) გამაკვირვა ბიჭების დამოკიდებულებამ გოგონებისადმი. ძალიან უცნაურად ეპყრობიან. რა თქმა უნდა, ყველა ბიჭს არ ვგულისხმობ, მაგრამ რამდენჯერმე უნივერსიტეტში შეყვარებულების კამათს შევესწარი და შოკი მივიღე. გოგონებს უყვირიან, ეჯიკავებიან, აგრესიულები არიან, ეს ალბათ მათი ტემპერამენტის ბრალია. ასევე გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ქართველი მამაკაცი ქალს არც საოჯახო საქმეებში ეხმარება და არც ბავშვების მოვლაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართაც განსხვავებულია. რატომღაც მიიჩნევენ, რადგან ევროპელი ვარ, ჩემი მონადირება იოლია. ხშირად მეკითხებიან, მარტო ვცხოვრობ თუ არა, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, ხალხი თბილია. ერთხელ მახსოვს, სახლში სადილის მომზადება დამეზარა და საჭმელად რესტორანში წავედი. გვერდით რამდენიმე მაგიდა იყო გაერთიანებული და მოწიფული ადამიანები ქეიფობდნენ. გამომკითხეს, საიდან ვიყავი, მერე მაგიდასთან მიმიპატიჟეს, მაგრამ შემრცხვა და ვიუარე, მერე აიღეს ჩემი მაგიდა და თავისას შეუერთეს. აღმოჩნდა, რომ იმ მაგიდასთან ქართველი ექიმები ისხდნენ, რამდენიმე მათგანი ჩემს უნივერსიტეტშიც ასწავლიდა. მოკლედ, ის საღამო უჩვეულოდ და ხალისიანად გავატარე. სახლში მთვრალი დავბრუნდი (იცინის). წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყანაში პოლიციელებმა ქალაქის დასათვალიერებლად რომ წაგიყვანონ? რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა, ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება. მე და ჩემს მეგობრებს ქართველმა პოლიციელებმა მთელი თბილისი შემოგვატარეს.

როზელინ ბალევა, ნიგერიელი სტუდენტი:

- ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და აქ სწავლა კურიოზს უკავშირდება. ნიგერიაში სპეციალური სააგენტოა, რომელიც მომავალ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უნივერსიტეტს ურჩევს. ბავშვობიდან მინდოდა ბიზნესის შესწავლა და ჩემი ოცნება იყო ამერიკაში სწავლა. ალბათ იკითხავთ, ამერიკაში თუ მინდოდა სწავლა, საქართველოში როგორ აღმოვჩნდი? ეს ამბავი მეც ძალიან მიკვირს... ამერიკის შტატი ჯორჯია და საქართველო ერთნაირი დასახელების გამო ერთმანეთში ამერია და თავი საქართველოში ამოვყავი.

- სააგენტოს წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ საქართველოში კი არა, ამერიკაში გსურდა სწავლა?

- არა, როცა მათ პირველად მივაკითხე, რამდენიმე უნივერსიტეტი დამისახელეს, სადაც სწავლა შემეძლო. მათ შორის ყველაზე იაფი, ჯორჯიის უნივერსიტეტი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე თქვენი ჯორჯია ამერიკული ჯორჯია მეგონა და არც კი მიკითხავს, დაბალი ფასით გახარებულმა იმ სააგენტოს დაუფიქრებლად გადავუხადე მთელი ჩემი დანაზოგი. ისინი ჩემი სწავლის გადასახადს 4 წლის განმავლობაში დაფარავენ, რადგან მათ თანხა წინასწარ მივეცი. ახლა ამერიკის ნაცვლად საქართველოში ვზივარ და მშობლების წვალებით ნაშოვნი და გამოგზავნილი ფულით განათლებას ვიღებ...

როცა მივხვდი, რაც დამემართა, ისეთი იმედგაცრუება დამეუფლა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თან სააგენტო ფულს უკან აღარ დამიბრუნებდა და იძულებული გავხდი, თქვენს ქვეყანაში ცხოვრებასა და სწავლას შევგუებოდი. სიმართლე გითხრათ, აღარც სწავლა მინდა და არც - აქ ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მთელი ჩემი დანაზოგი სწავლაში გადავიხადე და სახლში ვეღარ დავბრუნდები.

- როგორია შენი ქართული სტუდენტობა?

- არც ისე იოლი. პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა მაქვს. ქართული ენის სწავლა რთულია, ცოტა კი ვიცი, მაგრამ ისე არა, რომ ადამიანებთან კონტაქტი დაუბრკოლებლად შევძლო. ამის გარდა, სააგენტო მპირდებოდა, რომ ქვეყანაში ჩასვლისთანავე სამსახურს იოლად ვიშოვიდი და სწავლის პარალელურად, მუშაობის საშუალებაც მექნებოდა, მაგრამ საქართველოში ჩემნაირი გოგონა სამსახურში არავის უნდა. ასე რომ, ისევ ჩემი ოჯახი მინახავს.

- ძვირია თბილისში ცხოვრება?

- ნიგერიასთან შედარებით, ყველაფერი გაცილებით ძვირია. ამასთან ერთად, მეჩვენება, რომ ქართველებისთვის უცნაური ხალხი ვართ და ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. მინდა მათ ვუთხრა, აქ მხოლოდ სასწავლებლად ვარ ჩამოსული და გაუგებრობის გამო მოვხვდი. ხშირად, ზურგს უკან, რასისტული შეძახილებიც მესმის, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, უნდა ავიტანო და შევეგუო. უნივერსიტეტს რაც შეეხება, კარგი ლექტორები მყავს და ამაში ნამდვილად გამიმართლა. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობენ, ქართველი მეგობრებიც მყავს, მაგრამ - მხოლოდ გოგონები.

- როზელინ, ქართული დიპლომი შენს ქვეყანაში გამოგადგება?

- ეგ საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კი. წელს უკვე მეორე კურსზე ვარ და ერთი სული მაქვს, სწავლას როდის დავასრულებ, სახლში წასვლა რომ შევძლო. იმედია, სხვებს ჩემი გამოცდილება გაკვეთილად გამოადგებათ და სწავლის დაწყების წინ კარგად გაარკვევენ, სად მიდიან.

მიკაელ ჰორნი, შვედი სტუდენტი:

- ყველა, ვისაც ვეუბნები, რომ შვედი ვარ და თბილისში ვსწავლობ, გაოგნებული მიყურებს. ზოგი პირდაპირ მეუბნება, ევროპიდან აქ რამ ჩამოგიყვანაო? თქვენს ქვეყანაში ქართველი გოგონას გამო ჩამოვედი, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეუღლეა. მინდოდა, ცოტა ხანს მის ქვეყანაში მეცხოვრა, ტრადიციებს გავცნობოდი... ამიტომაც აქ სწავლა გადავწყვიტე. შვედეთში სწავლა უფასოა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, როცა სხვა ქვეყანაში ვსწავლობ. ვიცოდი, ყველაფერი იოლი არ იქნებოდა, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო, ვიდრე წარმომედგინა.

- რა იყო რთული?

- ენის არცოდნა. იყო შემთხვევები, როცა მინდოდა, ადამიანებს გავსაუბრებოდი, მაგრამ არ შემეძლო და თავს "ხეიბრად" ვგრძნობდი. ახლა მონდომებით ვსწავლობ ქართულს, მაგრამ სანამ დაუბრკოლებლად ვილაპარაკებ, დრო დამჭირდება. საბედნიეროდ, გვერდით ჩემი გოგო მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება. სხვა შემთხვევაში აქ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.

- როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება?

- იმედგაცრუებული ვარ, ოღონდ - არა სწავლის ხარისხის გამო. შეიძლება ითქვას, რომ სწავლის ხარისხმა ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სტუდენტური ცხოვრებისადმი სრულიად სხვა წარმოდგენა მქონდა. სწავლა პროცესია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ერთობლივად უმკლავდებიან პრობლემებს... მაგრამ აქ არ არის მსგავსი კულტურა. შვედეთში ყველამ იცის, რომ სტუდენტები ყველაზე გაჭირვებულად ცხოვრობენ, რადგან მუშაობის საშუალება ნაკლებად აქვთ და ყველა სტუდენტი ერთნაირად შრომობს სწავლისთვის, მაგრამ ჩემს უნივერსიტეტში როგორც წესი, სწავლის ქირას სტუდენტებს მშობლები უხდიან. ამიტომ ჩემს კურსელებს წარმოდგენაც არა აქვთ, ფული როგორი მოსაპოვებელია... აღმოვაჩინე, რომ გოგონები და ბიჭები სწავლის მხრივ განსხვავდებიან. გოგონები ძალიან მოტივირებულები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მაღალ თანამდებობაზე თითქმის მამაკაცები არიან დანიშნულები. არადა, წესით, გაცილებით მეტი ქალბატონი უნდა მუშაობდეს მაღალ თანამდებობაზე. დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ საქართველოში არ არის სისტემა, რომელიც ამა თუ იმ საქმეს შენი ჩარევის გარეშე მოგიგვარებს. ვინც ბევრს ყვირის, მეტს იღებს, ვინც არა - არაფერი ხვდება (იცინის). შენი საქმის გასაკეთებლად ბევრი უნდა იწვალო, რომ არ დაგივიწყონ და გამორჩეთ. შვედეთში ვინმემ ასე რომ იაქტიუროს, ცუდ ტონად ითვლება. აქ კი სხვანაირად არც შეიძლება. ამ ყველაფერს ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, საქართველო არაჩვეულებრივი და დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც მშვენიერი ბუნება და ამინდია. შვედეთთან შედარებით აქ თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ. თანაც ყველაფერი უფრო იაფია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ დიდ სუპერმარკეტებში ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე პატარა მაღაზიებში. როგორც წესი, ევროპაში პირიქითაა. ზოგადად კი, თუ ამ უჩვეულო მდგომარეობას შეეჩვევი, საქართველოში ცხოვრება მართლაც სასიამოვნოა.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"