ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სემეკ-ის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩალაგაშვილის ბრალდებულის სახის დაკითხვაზე გამოძახება მის მიერ წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარე რესტორანში ელექტროენერგიის უმიზეზოდ გათიშვის დავალების გაცემას უკავშირდება.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რესტორან "ამირანიდან" დაუკავშირდა სს "ენერგო-პრო-ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. მურადაშვილი, თავის მხრივ, ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა. მორიგე ელექტროტექნიკოსმა, ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან "ამირანისა" და მის მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში ასობით ოჯახსა და ათასამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
არსებული ინფორმაციით, რესტორანში ელექტროენერგიის გამორთვის დროს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით, ამ ეტაპზე, აღნიშნული არ დასტურდება. ჩალაგაშვილის თქმით კი, 12 იანვარს, როცა რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდა, იგრძნო დამწვრის სუნი, რაც სავარაუდოდ, ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა და ელექტროენერგია გაათიშვინა. ადვოკატებისა და სამართალმცოდნეების ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან ეს ბრალი ე.წ. სალდატსკი პრიჩინაა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, "დამკვეთად" ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მიიჩნევენ.
"ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, სემეკ-ის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილიც დაკავებას პოლიტიკურ დაკვეთას უკავშირებს.
- ბატონო გურამ, ბრალი, პრაქტიკულად, იმაში გედებათ, რომ ელექტროენერგია, სატელეფონო ზარით, უსაფრთხოების გამო, გამოართვევინეთ. გამოდის, თქვენს ტელეფონს უსმენენ?
- როგორც დღეს გაირკვა, კანონის მოთხოვნით, იმ ადამიანის ტელეფონი ჰქონდათ მოსმენაზე "ჩართული", რომელსაც დავუკავშირდი.
- მურადაშვილს გულისხმობთ?
- კი.
- ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, ჩალაგაშვილი ხელს უშლიდა ტარიფების დაწევაზე მუშაობას და უნდა დასრულდეს სატელეფონო ზარებით საქმის განხორციელებაო. ფიქრობთ, თქვენზე ძალოვანები გაცილებით ადრე მუშაობდნენ და სამიზნეში რესტორან "ამირანამდე" ამოგიღეს, რათა თანამდებობიდან წასულიყავით?
- კი არ ვფიქრობ, ამაში უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული იმ სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც ბრალდების მხარემ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. პროკურორს ჰკითხეს, ჩალაგაშვილს დენის გამორთვის მოტივაციად რა უნდა ჰქონოდა. მან უპასუხა, მეორედ ვარ სასამართლო პროცესზე და დუმილის უფლებას ვიყენებო. პიროვნულად, ამ პროკურორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გულწრფელად შემეცოდა. შევატყვე, რცხვენოდა. მე, როგორც მოქალაქემ ჩავთვალე, ელექტროსადენებით გამოწვეული საფრთხე იმდენად მაღალი იყო იქ მყოფთათვის, რომ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის უნდა დამერეკა. მიპასუხეთ, სხვა რა მოტივაცია უნდა მქონოდა, თუ არა საფრთხე? ახალი წლის დღეებში, ოჯახის წევრებთან ერთად, რესტორანში გასართობად ვიყავი წასული და ფსიქიკურად შეშლილი ხომ არ ვარ, ჩაბნელებულ და შუქგამორთულ რესტორანში ჯდომა გამხარებოდა? ენერგეტიკის მინისტრსა და სხვებსაც ამ საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სურთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკოსი არ ვარ. რადგან პრეზიდენტის მიერ ვარ წარდგენილი, ამიტომაც ცდილობენ, რამე შემითითხნონ. ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთაა და სხვა არაფერი! "მარეგულირებელს" არ ჰყავს მაკონტროლებელი და ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ. ვინ იდგა ამ აბსურდის თეატრის უკან, რეჟისორი ვინაა - კახი კალაძე თუ სხვა, ამას დრო აჩვენებს...
- სემეკ-ის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებას ელოდებით?
- ამ საკითხს სასამართლო განიხილავს. სამწუხაროდ, უფლებამოსილების შეჩერების პროცესს არ დაგვასწრეს. პროკურატურის ბრალი არაა დადასტურებული და სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, თუკი კანონის ელემენტარული პატივისცემა მაინც აქვთ, წესით, არ შეიძლება, თანამდებობის პირი ეჭვის საფუძველზე, უარგუმენტოდ გადააყენონ.
- მაგრამ, თუ თქვენი გადაყენება კახი კალაძეს სურს?
- თუ ჩემი გადაყენება კახი კალაძეს სურს, მაშინ შევახსენებ, რომ პოლიტიკოსი არ ვარ და ეს კანონის დარღვევაა! იმას მაინც ნუ იტყუება, თითქოს ტარიფების დაწევაში მონაწილეობა არ მივიღე. მარტივად შეიძლება ამის დაზუსტება - სამუშაო ჯგუფის ნებისმიერ წევრს გაესაუბრეთ. ჩვენ არათუ ვმონაწილეობდით, არამედ, მარეგულირებელი კომისია ერთადერთი იყო, რომელმაც იცოდა, რა უნდა გაკეთებულიყო ამისთვის. რომ არა კომისია, ტარიფების დაწევის პროცედურა შესაძლოა, არც განხორციელებულიყო.
- ბატონო გურამ, ისე, პროკურატურა შუქის ჩაქრობის მოტივად რას ასახელებს? შუქის გამორთვის გამო ხალხს რომ იჭერდნენ, მაშინ იყო დრო, როცა საქართველოში ელექტროენერგია 2 საათი გვქონდა...
- დიახ და მაშინ, ის ხალხი, ვისაც საქართველო ლამის დღე და ღამე ჩაბნელებული ჰყავდა, მუდმივ პატიმრობაში უნდა იყოს. შუქი მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო გამორთული და ისიც, იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების გამო. სხვა რა მოტივი უნდა მქონოდა? გამოძიებამ ექსპერტიზას უნდა მიმართოს, რათა დაადგინოს ფსიქიკურად ჯანმრთელი ვარ თუ არა, თორემ ადამიანმა რესტორანში, სიბნელეში ჯდომა სხვა რა მოტივით უნდა მოინდომოს? ორი კვირის წინ, ზუსტად ანალოგიური ფაქტის გამო, ქუთაისში ვერ მოხდა დროული რეაგირება და დიდი რესტორანი დაიწვა. ეს ვიცოდი და სწორედ უსაფრთხოების მიზნით ვიმოქმედე, მაგრამ ხომ გეუბნებით, ეს გამოძიებას არ აინტერესებს, რადგან პოლიტიკური დაკვეთაა. ახალ ხელისუფლებას ვერ გაუგია, პრეზიდენტის მიერ დანიშვნა იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ნაციონალური პარტიის წევრი ხარ. არ ვარ ამ პარტიის წევრი. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვარ და ბრალდებას ნუ მითითხნიან!
ეკა სეხნიაშვილი
გაზეთი "ვერსია"