საქართველოს მთავრობა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ დავალიანებას გაისტუმრებს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა
ნოდარ ხადურმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტმა 2002 წელს მიიღო კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ. ხადურის განცხადებით, ეს ითვალისწინებდა როგორც დაცვის, ასევე კომუნალურ ხარჯებს, მათ შორის სატელეფონო მომსახურებას.
მინისტრის განმარტებით, ეს ხარჯები 2003 წლის ბიუჯეტში ჩაიდო, რაც 130 000 ლარს შეადგენდა.
"თუმცა მოგეხსენებათ, 2003 წელს საქართველოში იყო საფინანსო კრიზისი და ბიუჯეტმა აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გასული წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს მომართა ქალბატონმა მანანა არჩვაძემ და ითხოვს 130 000 ლარის გადაცემას. ჩვენ ვიმსჯელეთ და აბსოლუტურად კანონიერად შესაბამისი აღებული ვალდებულების გასტუმრება ხდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.