დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის დიმიტრი მედვედევის შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
"დაგეგმილი არაფერი არ არის. ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დავოსში ვიზიტის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს გამართავს რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, მათ შორის უკრაინის, შვეიცარიის და პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურებთან. საქართველოს პრემიერი გაერო-ს გენერალურ მდივანსაც შეხვდება.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 23 იანვარს იხსნება და მასში მონაწილეობას ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს.