"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

მერაბ რატიშვილი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვისთვის დააპატიმრეს. ციხეში 5 წელი და 3 თვე გაატარა. რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა როგორც პოლიტპატიმარი. რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 2007 წლის 24 ოქტომბერს გავაფრთხილე ახლობლები, რომ დამიჭერდნენ. ერთი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, მიმანიშნებდნენ, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. არადა, სააკაშვილი ყველას გვეძახდა, სამშობლოში ჩამოდით, აქ ყველა პირობა გექნებათ ინვესტიციების განსახორციელებლადო. ეს თვალთმაქცობა იყო, მას ფული სჭირდებოდა და არა ჩვენი დაბრუნება. ციხეში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დავინახე, სააკაშვილმა ჩაკლა პოლიტიკური პროცესი, მოკლა ოპოზიცია და მე ამ მკვდრების გაცოცხლება მოვინდომე. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ვცდილობდი. ვხედავდი, სხვაგვარად ქვეყანას მომავალი არ ექნებოდა.

2006 წლიდან გამძაფრდა ანტირუსული პოლიტიკა. როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა ხალხი, ვინც გაამყარებდა მის ბრალდებებს რუსეთისადმი. აგვისტოში ჩატარდა კოდორის სპეცოპერაცია და კვიციანი გაიქცა. არადა, სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე კვიციანი ოქრუაშვილს შეხვდა. "მონადირე" რომ დაიშალა, მას მერე იარაღით გაიძეძგა კოდორი. კვიციანი ითხოვდა, იარაღი გაიტანეთ, პრობლემებს ნუ ქმნით და სოჭის ხელშეკრულებას ნუ არღვევთო. კოდორის სპეცოპერაცია წყლის დასხმა იყო რუსეთის წისქვილზე.

ამის მერე, სექტემბერში, იგორ გიორგაძის ხალხი დააპატიმრეს. გიორგი მეტრეველი, რომელიც გიორგაძის მომხრეობის გამო დააკავეს, ჩემს საკანში იჯდა. მითხრა, წინა დღეს დაკავებული ხალხი მანქანებში ვყავდით, ღამე იქ გაგვათენებინეს, რომ მეორე დღეს სოდ-ის ეზოში შვეულმფრენის მონაწილეობით ჩვენი დაკავება დაედგათო.

სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2005 წლის მაის-ივნისში ტელეეთერში თქვა, - რუსეთში მცხოვრები ქართველების 10% რუსეთის ჯაშუშიაო. მაშინ რუსეთში დაახლოებით 800 000 ქართველი ცხოვრობდა და მათგან 80 000 სააკაშვილმა ჯაშუშად გამოაცხადა.

2007 წლის 27 სექტემბერს ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე "სეპარატიზმი, როგორც ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა", სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის კლუბის" პრეზიდენტად ამირჩიეს, რომელიც სეპარატიზმის აღმოფხვრაზე მუშაობდა. იმ დღიდან ჩათვალეს, რომ პოლიტიკაში შევდგი ფეხი და თვალთვალი დამიწყეს. ეს კონფერენცია ოქრუაშვილის დაპატიმრებით გადაიფარა.

ამერიკულ პოლიტტექნოლოგიურ კომპანიასთან (რომელიც როკფელერის ჯგუფის წევრი იყო) დიალოგს ვაწარმოებდი, რომელსაც პოლ მანაფორტი ხელმძღვანელობს. მათ საქართველოში ჩამოსვლა და დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ჩატარება ვთხოვე. ოქრუაშვილის დაპატიმრებამ ჩემი გეგმები არია. მისი დაპატიმრების მერე ოპოზიციამ სპონტანურად დაიწყო გაერთიანება, მაგრამ

მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ერთიანი იყვნენ, ეროვნული საბჭოს ლიდერები ერთმანეთს ჭამდნენ.

როდესაც რეგიონებში მანქანებით დაიწყეს სიარული, მათ ვოიაჟებს ვაფინანსებდი. მივეცი ფული დროშების და პლაკატებისთვის და პარალელურად პოლ მანაფორტისთვის ვამზადებდი მასალას. ოპოზიციონერების ფსიქოლოგიური პორტრეტები შევქმენი (რაც ჩემი დაპატიმრების მერე ამოიღეს კომპიუტერიდან). ამ მასალაში ავსახე ქვეყანასა და ოპოზიციაში არსებული ვითარება. ვწერდი, ვითარება მომწიფებულია, რომ ოპოზიციისაგან რაღაც გამოიძერწოს და შიდაპოლიტიკური პროცესები დაბალანსდეს-მეთქი. არავინ აპირებდა სააკაშვილის დამხობას, არც მე და არც ამერიკელები. ჩვენ მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება გვინდოდა.

ამასობაში ნოემბრის აქციები დაანონსდა და შეშინებული ხელისუფლებისთვის რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი აღარ კმაროდა. დაიწყეს ისეთი პირების ძებნა, ვისაც ოპოზიციასთანაც ჰქონდა კავშირი და რუსეთთანაც. დაინახეს, რომ მე გოგა ხაინდრავას, პაატა დავითაიასა და სხვებს ვხვდებოდი, ჩემთან მოსული ხალხი კი - უსუფაშვილსა და ბერძენიშვილებს და დაასკვნეს, ამისგან შეიძლება ისეთი ფიგურა გამოიძერწოს, როგორიც გვჭირდებაო, თანაც, რუსეთის მოქალაქე ვიყავი. მე შემარჩიეს და მიშამაც ჩემი დაკავების თანხმობა მისცა.

- მაგრამ თქვენ დაახლოებული იყავით ხელისუფლების წევრებთან.

- გია ბარამიძესთან ვმეგობრობდი, მაგრამ მას ანგარიშს არავინ უწევდა. ადეიშვილსაც ვიცნობდი. მოსკოვში, როდესაც სამთავრობო დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთად ვისადილეთ. რამდენჯერმე შევხვედრივარ მერაბიშვილსაც. ამასობაში მოამზადეს ფირები, სადაც ბერძენიშვილები, ხაინდრავა, ნათელაშვილი და კოკო გამსახურდია რუსეთის ჯაშუშებად გამოიყვანეს. ოპოზიციის წინააღმდეგ შეკერილ საქმეს ჩემი დაპატიმრებაღა სჭირდებოდა, მაგრამ რაზე უნდა დავეჭირე? იცოდნენ, რომ გოლფს ვთამაშობდი, მაგრამ ვერ გაიაზრეს, რომ გოლფის მოთამაშის დაკავება ნარკოტიკების გამო უაზრობაა. გოლფი რეფლექტორული სპორტია და ნარკომანი ბურთსაც ვერ დაარტყამს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა