ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

პოლიტიკოსები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ერგნეთში, დე ფაქტო საზღვართან, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს სამშენებლო სამუშაო უკვე დაწყებულია. გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით და გვენახა, რა მდგომარეობაა კონფლიქტურ რეგიონში, საზღვრისპირა სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება; როგორ ცხოვრობენ აქაურები და რას ფიქრობენ ერგნეთში ბაზრობის აღდგენაზე.

ერგნეთში ჩასულები ქართული პოლიციის საგუშაგოს მივადექით, რომელიც რუსების საგუშაგოს ისე ახლოს ესაზღვრება, რომ ერთმანეთის გვერდით აღმართული რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ოსეთის დროშები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქართული პოლიციისგან ვცდილობთ გავარკვიოთ ადგილი, სადაც ახალი მთავრობა თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნას აპირებს. სამართალდამცავები გაოცებული გვიყურებენ და ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად ესმით. მათგან ვიგებთ, რომ ერგნეთის ბაზრობა უწინ იქ იყო, სადაც ახლა რუსების საგუშაგოა, სხვა კითხვებზე კი ერთი პასუხი აქვთ: გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას მიმართეთო.

რა თქმა უნდა, მათ რჩევას არ ვითვალისწინებთ და საგუშაგოს გვერდის ავლით, სოფელ ერგნეთში ვიპარებით.

ხუთი წლის წინანდელი ომის კვალი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. თითქმის ყველა სახლი გადამწვარია, ჭიშკარი - დაცხრილული, აქა-იქ აფეთქებულ ჭურვებსაც წააწყდებით. სოფელში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ, ისიც კანტიკუნტად. ბავშვები და ახალგაზრდები აქ მათ მოსანახულებლად ჩამოდიან. არადა, ომამდე სოფელში 180 ოჯახი ცხოვრობდა. ოკუპანტებმა 120 სახლი დაწვეს, ვინც სოფელი 2008 წლის აგვისტოს ყველაზე "ცხელ" დღეებშიც კი არ დატოვა, მოკლეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც სახლებში ამოწვეს.

რობინზონ კასრაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ამდენი უბედურების შემდეგ გაგვიჭირდება ოსებთან შერიგება. ბაზარში ვიღაცას ნახავ, რაღაც შეიძლება გაგახსენდეს და შესაძლოა, თავს ვერ მოერიო. უმრავლესობას სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მათთვის კაცის კვლა არაფერია და გვეშინია, რამე უბედურება არ მოჰყვეს ამ ყველაფერს. ხომ ნახეთ, ჩვენი სამართალდამცავები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დგანან, რუსები ან ოსები შემოვლითი გზით რომ შემოვიდნენ სოფელში, ვინ არის განმკითხავი? აქედანაც შეიძლება იქით გადასვლა, მაგრამ რისკია, დაგიჭერენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მოგისჯიან. დიდი თხრილი გააკეთეს და ასე შემოავლეს ცხინვალს დე ფაქტო საზღვარი. დღედაღამ ძაღლით დადიან რუსი მესაზღვრეები, ცხინვალის მხრიდან ხშირად ისმის სროლის ხმა. ახალ წელს ცაზე 2013 დაწერეს. პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა მანათობელი ტყვიები და სახურავებზე ცვიოდა. ხშირად ისმის სროლის ხმა ქართული სოფლებიდანაც - აჩაბეთიდან, თამარაშენიდან, მძიმე ტექნიკიდანაც ისვრიან. ამბობენ, იქ რუსებს პოლიგონები აქვთო.

ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ხალხი დაუბრუნდება ამ კუთხეს. შეშას შეგვპირდნენ და არ მოგვიტანეს. ცოტა ხილსა და ბოსტნეულს მოიყვანდა კაცი, მაგრამ სარწყავი წყალი არა გვაქვს, არხის სათავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მრავალწლიანი ნარგავები ხმება და შეშად ჭრის ხალხი. ვაშლის ბაღები რომ არ გამხმარიყო, წყლის ცისტერნა ვიქირავეთ და 50-50 ლიტრი წყალი დავუსხით თითო ხეს. ეს იგივეა, გულწასულ ადამიანს რომ მოასულიერებ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც არა გვაქვს. რაც ჰქონდა სოფელს, ომის დროს წაიღეს".

ნუნუ ჯოხაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ინვალიდი მეუღლე მყავდა, მოვკიდე ხელი და გავიყვანე სახლიდან. რომ დავბრუნდი, სახლი გადამწვარი დამხვდა. ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა - 110 ლარი, ეს მაშინ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 46 ლარი ღირს. ძლივს გაგვაქვს თავი. ომის დროს დანგრეული სახლის სანაცვლოდ, 6-მეტრიანი კოტეჯები აგვიშენეს და სამი სული ვცხოვრობთ. მე კი ვდგავარ და ყოველდღე ამ ჩემს ნანგრევებად ქცეულ სახლს შევყურებ. სოფელი თუ არ აღდგა, ბაზრის აღდგენას რა აზრი აქვს? მე თვითონ ხუთი წელი ვვაჭრობდი ერგნეთის ბაზრობაზე. მდგმურებიც მყავდა. დღეს მდგმურები კი არა, შვილიშვილებიც რომ ჩამოდიან, ამ კოტეჯში ძლივს ვეტევით".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?