კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისთვის 12 265 272 ლარი იყო გამოყოფილი.
კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული სოციალური და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალს და დაფინანსების ოდენობას "ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ თებერვალში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე მსხვილი თანხები - 385 500 ლარი გამოიყო მიუზიკლ "ქეთო და კოტე"-ს ორგანიზებისთვის, ბათუმში ლუჩია და ლამერმურის ოპერის დადგმისთვის 412 800 ლარი და ბათუმში ჯაზ-ფესტივალის ჩატარებისთვის 460 000 ევრო. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საჩხერეში 13 იანვარს გამართულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებული ხარჯების (76 058 ლარი) ანაზღაურება მოხდა თითქმის ერთი თვის შემდგომ, 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მარტში 310 000 ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის "30 წლის აღსანიშნავი" ღონისძიება და აგრეთვე 180 000 ლარით – მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის საკონცერტო ტურნე პოლონეთსა და იტალიაში.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აპრილში 12 ღონისძიება დაფინანსდა, რომელმაც 120886 ლარი შეადგინა.
მაისის თვეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ოდენობით თანხა - 564 972 ლარი და 207 298 აშშ დოლარი გამოიყო 26 მაისს ქუთაისში საზეიმო კონცერტის გამართვისთვის.
500 000 ლარით დაფინანსდა საერთაშორისო ფესტივალი თბილისი Open Air Altervision. 298 705 ლარი გამოიყო მიუზიკლ "ქეთო და კოტე"-ს ორგანიზებისთვის, 30 575 ლარით დაფინანსდა მომღერალ მერაბ სეფაშვილის კონცერტი.
ივნისის, თვეში ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოიყო ახალციხეში კონცერტის ჩატარებისთვის. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა რაბათის კომპლექსის გახსნას. ღონისძიების ჩასატარებლად სამინისტროს ხელშეკრულება შპს "ისთერნ პრომოუშენთან" აქვს გაფორმებული.
ამავე პერიოდში 480 000 ლარით დაფინანსდა პროექტი "მე მიყვარს საქართველო", რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავდა და პატრიოტული სიმღერების ავტორებისა და მათი კომპოზიციების აღმოჩენით იყო დაკავებული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის თვე გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების კუთხით. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" განხორციელებისთვის გამოიყო 1 716 985 ლარი. მოცეკვავე ხოაკინ კორტესის კონცერტი კი ბათუმში 550 000 ლარი დაჯდა.
აგვისტოში ყველაზე მსხვილი დაფინანსება, 698 399 ლარი მიიღო პროექტმა "მეამაყება საქართველო". ასევე 208 004 ლარი გამოიყო მომღერალ ლექსო ქავთარაძის (ლექს-სენის) სამი მუსიკალური კლიპის გადაღების, ორი ახალი სიმღერის ჩაწერისა და 2012 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში ორსაათიანი კონცერტის ჩატარებისთვის.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველად მიიღო სრული ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა იმ სოციალური და კულტურული ღონისძიებებისა, რომლებიც 2012 წლის განმავლობაში განახორციელა სამინისტრომ.
"ვფიქრობთ, აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმის გასარკვევად, თუ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რა მიმართულებების განვითარებას უწყობდა ხელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მომავალში სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით და ყველა შესაბამისი ღონისძიება განახორციელოს გამჭვირვალე პროცედურებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვაზე დაყრდნობით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა საზოგადოებაში არ არსებობდეს განცდა იმისა, რომ კულტურის სფეროს დაფინანსება შესაძლებელია დამყარებული იყოს პატრონაჟის, თანამდებობის პირთა პირადი თუ პოლიტიკური სიმპათიების საფუძველზე", - ნათქვამია სტატიაში.