მელორ ვაჩნაძე: "მე თვითონ ვნახე, როგორ შემოვიდნენ იარაღით დათა და ბაჩო ახალაიები გლდანის ციხეში"

მელორ ვაჩნაძე: "მე თვითონ ვნახე, როგორ შემოვიდნენ იარაღით დათა და ბაჩო ახალაიები გლდანის ციხეში"

მელორ ვაჩნაძე წლების წინ საზოგადოებამ რეალური შოუ "ჯეობარიდან" გაიცნო. სკანდალურმა პერსონამ შემდეგ პოლიტიკურ ფლანგზე გადაინაცვლა და 7 ნოემბრის აქციებში ჩაერთო. თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ "სირცხვილის დერეფნის" დროს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. მაშინ ჟურნალისტ ნიკა ავალიანსა და მელორ ვაჩნაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა დაპირისპირებული მხარეები შეარიგა, ნიკა ავალიანი კი მალევე გადაიყვანეს დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში მინისტრის მოადგილედ. მელორ ვაჩნაძე ამ ამბიდან ორ თვეში დააკავეს და ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით წაუყენეს, თუმცა მოგვიანებით მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 15 დღის ნაცვლად ციხეში წლები გაატარა და საპატიმრო წელს, 13 იანვარს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა.

- 2009 წლის 20 ივლისს დამაკავეს, ადმინისტრაციული ბრალი წამიყენეს, შეკრებებისა და მანიფესტაციების დარღვევის მუხლით, მაშინ ჩვენი მეგობარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვდით. 2009 წლის აქციების შემდეგ მუხტი დაეცა და საქართველოს მასშტაბით ორგანიზაცია "არას" ფარგლებში აქციები ჩავატარეთ. იმ დღეს ჯოზეფ ბაიდენი იყო ჩამოსული და პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო. აქციას პარლამენტის წინ ვატარებდით, როდესაც ჩიტაძის ქუჩაზე დაგვარბიეს და დამაკავეს. ვიფიქრე, რომ ადმინისტრაციული სასჯელით გამასამართლებდნენ და რამდენიმე კვირის შემდეგ გამომიშვებდნენ. ნიკა ავალიანთან კონფლიქტი უკვე მოგვარებული იყო, რადგან პატრიარქმა შეგვარიგა. ჩემთან ერთად რამდენიმე მეგობარიც დააკავეს და ადმინისტრაციულ სასჯელს თბილისის სამმართველოში სამარტოო საკანში ვიხდიდი. მერვე დღეს კარი გაიღო და მორიგე ბადრაგმა დამიძახა, გამოდიო. უცებ ხელზე პატარა გამომძიებელი გოგონა მეცა და მითხრა, დაპატიმრებული ხარო. ვშიმშილობდი და ეიფორიაში ვიყავი, ხუმრობით ვუთხარი, ალბათ არ იცით, უკვე დაპატიმრებული ვარ-მეთქი. კიდევ ერთხელ დაგაპატიმრეთო. რომელიღაც ოთახში შემიყვანეს და რამდენიმე ბრალი წამიყენეს. ვიღაცების სახელებს და გვარებს მეუბნებოდნენ, ერთ-ერთი მეცნო, იმ ადამიანს წლების წინ ვიცნობდი, "სოდში" მუშაობდა. აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლებას დამპირდნენ, რაზეც არ დავმალავ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. 28 წლამდე მუხლს მედავებოდნენ. შემდეგ "საიას" იურისტი მიხეილ ღონღაძე მოვიდა და საქმე რომ წაიკითხა, უთხრა, ეს საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს, თუ ვინმეს ვალი აქვს, სამოქალაქო დავაა და საბუთი წარმოადგინეთო. 2008 წლის საქმე იყო და დაზარალებული 2009 წლის 7 მაისს ჰყავდათ დაკითხული. ხელი არაფერზე მომიწერია. ადვოკატმა მითხრა, გირაოზე შევიტან საქმეს და პრობლემები არ გექნებაო. საბოლოოდ გირაოზე უარი თქვეს და გლდანის საპყრობილეში გადამიყვანეს. იქ ჩემი მეგობრები იყვნენ, პოლიტპატიმრები კობალაძე, ოთანაძე, გოგიჩაიშვილი, მაისაია. ყველანი სამარტოო საკანში ვისხედით. წელიწადი და ცხრა თვე გავატარე გლდანში. საბოლოოდ რამდენიმე ბრალი წამიყენეს, ზოგიერთში გავმართლდი და ბოლოს "სოდის" გარდაცვლილი თანამშრომლის ჩვენებით გამასამართლეს, რომელიც ამბობდა, რომ ვითომ მისთვის ავტომობილი უნდა მიმეყიდა და თანხა გამოვართვი. მეგონა, სასამართლო დარბაზიდან გამიშვებდნენ. ამაში ყველა დარწმუნებულები ვიყავით, მაგრამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რა ეპიზოდშიც გამამართლა, იმავე ეპიზოდში ოთხი წელი მომისაჯა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მეწყინა, რადგან 16-დან 28 წლამდე მუხლი მქონდა წარდგენილი, მაგრამ ბევრ ეპიზოდში გავმართლდი. ვიფიქრე, მერე ამასაც გავასაჩივრებდი და საქმეს მოვიგებდი, მაგრამ საბოლოოდ თითქმის ოთხი წელი ვიჯექი.

- რამდენი თვე გქონდა დარჩენილი გამოსვლამდე?

- ივლისში უნდა გამოვსულიყავი. სასაცილო ის არის, რომ ნიკა ავალიანთან ჩხუბის ინციდენტი ყველას კარგა ხნის დავიწყებული ეგონა და გასულ წელს არჩევნებამდე უწყება მომივიდა, რომ სასამართლო მქონდა ჩანიშნული ხულიგნობის მუხლზე. ადვოკატებს დავურეკე და ვუთხარი, რომ სასჯელს დამიმატებდნენ. სასაცილოდ არ ეყოთ, პატრიარქს ამას ვერ აკადრებენო. სამი სასამართლო ჩაატარეს და საბედნიეროდ, ვიმარჯვებ. პოლიტიკური პროცესები სხვანაირად რომ განვითარებულიყო, ალბათ კიდევ ბევრი წელი მომიწევდა ციხეში ჯდომა. ავალიანმა ახლაც აღიარა სასამართლოზე, რომ მაშინ პოლიციისთვის არ მიუმართავს და თავად მიაკითხეს სახლში, დაზიანებები არ მქონია და ორივეს ბრალი იყო, ნერვები ვერ მოვთოკეთო.

- გლდანის ციხის შემდეგ სად გადაგიყვანეს?

- იქ პრესა არ იყიდებოდა და მე და ვახტანგ მაისაიამ ვიშიმშილეთ, რის შემდეგაც რუსთავის მე-17 საპყრობილეში გადაგვიყვანეს დაუმორჩილებლების ჯგუფი. საჩვენებელი ზონასავით ვიყავით.

- ციხის ცნობილი კადრების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას ხშირად უჩნდება კითხვა, რა ხდებოდა რეალურად გლდანის ციხეში...

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია, ჯერ კიდევ როდის ვაცხადებდით, რა ხდებოდა იქ. ჩვენი ადვოკატები ხშირად ლაპარაკობდნენ ციხეში არსებულ მდგომარეობაზე. სეფსისი მქონდა და მთელი წელი ვითხოვდი საავადმყოფოში გადაყვანას. მე, ლევან გოგიჩაიშვილი, ვახტანგ მაიასაია წერილებს ვაპარებდით. რამდენჯერ ვუთხარით თუნდაც ეკა ხერხეულიძეს, რა ხდებოდა გლდანის ციხეში, ხათუნა კალმახელიძეც ყველაფრის საქმის კურსში იყო. ვერ ვიტყვი, რომ მას პირადად ჰყავს ვინმე ნაცემი, რადგან არ მინახავს, მაგრამ გულგრილობა ამ ქალბატონს ნამდვილად შემიძლია დავაბრალო. პირადად შევხვდი რამდენჯერმე და მთხოვდა დავწყნარებულიყავი. ადმინისტრაციაში დავყავდი გაგა მკურნალიძეს, დავით ჭაკუას, ყოფილ მთავარ ექიმ დავით ასათიანს და მაშინებდნენ. ფიზიკურად ვერ მეხებოდნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ არ გამომიკვლევდნენ, ტკივილგამაყუჩებლებს არ მომცემდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სხვა პატიმარს დამიპირისპირებდნენ და გამამწარებდნენ.

- ამბობენ, რომ რა კადრებიც გამოქვეყნდა, რეალურად იმაზე უარესი ხდებოდა. ხანდახან გვიჭირს წარმოდგენა, კიდევ რა შეიძლება იყოს უარესი.

- გლდანი არის ციხე, სადაც სამარტოო საკანში ზიხარ და მეორე ადამიანს შენთან საუბარი აკრძალული აქვს. ამ დროს გესმის პატიმრის კივილი, მაგრამ ვერ ხედავ, რას უშვრებიან. შემდეგ ყველაფერზე ხელს აწერდნენ ეს ადამიანები, საპროცესო გარიგებებს აფორმებდნენ და ბიუჯეტს ავსებდნენ.

- პატიმრები ამბობდნენ, რომ ბაჩო ახალაია მათ პირადად უსწორდებოდა?

- მე მყავს ნანახი, როგორ შემოვიდნენ დათა და ბაჩო ახალაიები იარაღით გლდანის ციხეში. იქ აკრძალულია იარაღით სიარული და ორივეს ორ-ორი იარაღი ეკიდა, კისრის ტკაცუნით და თვითტკბობით დადიოდნენ დერეფანში. ფანჯრებიდან სათნო სახით ეკითხებოდნენ პატიმრებს. "ოჯახი გაქვს?" თანხმობის შემდეგ ოჯახს უგინებდნენ. ბევრი თავმოყვარე იყო და უკან უბრუნებდათ, მეც დამიბრუნებია. შემდეგ კი მათ გინებაზე უამრავ ადამიანს დაუმატეს სასჯელი.

- რა განსხვავება იყო რუსთავის და გლდანის ციხეებს შორის?

- ყველგან ძნელია სასჯელის მოხდა, მაგრამ არსებობს პატიმრების სოლიდარობა. მით უმეტეს, პოლიტპატიმრებს ეს გრძნობა გაათმაგებული გვქონდა. რუსთავში გახსნილი სისტემა იყო და შედარებით მარტივი გახლდათ, მაგრამ უფლებების დარღვევა ყველგან ხდებოდა.

- როგორ გათენდა ციხეში 18 სექტემბერი, როდესაც წინა საღამოს პატიმართა წამების უმძიმესი კადრები გავრცელდა?

- უცებ ტელევიზიები გათიშეს, მაგრამ რადიომიმღებები გვქონდა და იქიდან გავიგეთ კადრების გავრცელების შესახებ. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ყველა პატიმარს საშინელი გრძნობა დაგვეუფლა. გვინდოდა, ვიღაც მოსულიყო და ჩვენც ვეცემეთ, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა იმ ადამიანების მიმართ. სამი ათასმა პატიმარმა რამდენიმე დღე ვიშიმშილეთ. ყველა დაიზაფრა. გამარჯობას ვერ ვეუბნებოდით ერთმანეთს. ორი-სამი დღის შემდეგ, მომხდარი რომ გავაანალიზეთ, ადამიანები შეიცვალნენ, სხვანაირები გახდნენ. პატიმრებს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა გაუჩნდათ. ყველას რაღაც დოზით ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს საუბრობდნენ, რადგან ზოგისთვის ეს ყველაფერი ღირსების შემლახველი იყო, გულჩათხრობილები დადიოდნენ.

- საკმაოდ გაიწელა ამნისტიის მიღების პროცესი, პრეზიდენტი კანონპროექტში პოლიტპატიმრების და რამდენიმე მუხლის არსებობას ეწინააღმდეგებოდა...

- რა თქმა უნდა, ამნისტიას მივესალმები. იმედი მქონდა, რომ პარლამენტი "ვეტოს" დაძლევდა, რადგან უმრავლესობით არის არჩეული და ხალხშია ძალა. იმის იმედი არ გვქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს მოაწერდა და ჩემთვის შეურაცხყოფა იქნებოდა, მას რომ მოეწერა ხელი. არც ლევან გოგიჩაიშვილი გამოვიდა მანამდე შეწყალებით. პირადად მე ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ვთქვი უარი, სანამ პოლიტპატიმრად არ გამომიშვებენ, არ გამოვალ-მეთქი. ახლა თავისუფლებაზე მყოფი პოლიტპატიმრები ოკუპაციის მუზეუმთან შევიკრიბეთ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოვითხოვეთ. ასევე ვითხოვთ, რომ ოკუპაციის მუზეუმს სახელწოდებაში დაემატოს ტერმინი პოლიტრეპრესირებული ადამიანები. ამ ბოლო პერიოდის შემოქმედი სააკაშვილია.

- რა გრძნობაა, როცა პოლიტპატიმარი ხარ?

- ციხეში ადამიანს სტატუსი არ აქვს. ერთადერთი, რაც პატიმარს პატიმრისგან განასხვავებს, პრინციპულობაა, თორემ იმას მნიშვნელობა არა აქვს, ვის რა აცვია და რამდენი თანხა აქვს. ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძეც. ციხეში თამაშობდა იმ ბიჭებთან ერთად, ვინც იქ ისწავლა ფეხბურთის თამაში. ყველა ტიპის ბრალდებულთან ერთად ვიჯექი, გარდა სექსუალური დანაშაულებებისა.

- მელორ, ცოტა ხომ არ დაგაკომპლექსა იმან, რომ ამ მთავრობამ პოლიტპატიმრად გაღიარა და მათი გაკრიტიკება გაგიჭირდება...

- პირიქით, გამაძლიერა. მეგობრობით არავის არავინ გამოუშვია. გასაკრიტიკებელს ყოველთვის გავაკრიტიკებ, მაგრამ როგორც ყველა, მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რატომღაც მგონია, რომ გასაპროტესტებელი ბევრი არ მექნება. მაგრამ თუ ვინმეს ოდესმე სადმე დავჭირდები, ყველას გვერდით დავუდგები. ჯერჯერობით ახალი გათავისუფლებულები ვართ და გაათკეცებულ რეჟიმში ვცხოვრობთ, შემდეგ ალბათ ნორმაში ჩადგება ცხოვრება. ზოგი სწავლას გავაგრძელებთ, იმ წლებს ავინაზღაურებთ, ციხეში რომ დავკარგეთ. სამი წელი და შვიდი თვე გავატარე ციხეში და ხუთ თვეში გამოვიდოდი, მაგრამ, მაგალითად, ჩემს მეგობარ შაკო გოგინაშვილს თერთმეტ-ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაისაიას - თექვსმეტი წელი, გოგიჩაიშვილს - ოთხი. "ქართულ ოცნებას" რომ არ გაემარჯვა, ნიკა ავალიანის საქმეზე დამატებით კიდევ ხუთ წელს მომისჯიდნენ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ