რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი

რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა, 17 დეკემბრიდან კი "საიას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - კახა კოჟორიძე. რა პოსტს იკავებს ამჟამად ორგანიზაციაში უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და როგორ აფასებს ასოციაციის ხელმძღვანელობის წლებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. გარდა ამისა, თამარს ოჯახზე, ქმარზე - გიორგი მიხანაშვილზე და შვილზეც ვესაუბრეთ.

- მოგეხსენებათ, ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან აქტიური პერიოდია, ამიტომ დღესასწაულებს დიდი დრო ვერ დავუთმე, მალევე დავუბრუნდი სამსახურს. სიმართლე რომ ვთქვათ, იანვარში შედარებით თავისუფლი გრაფიკი მაქვს, რადგან "საია"-ს თავმჯდომარე აღარ ვარ. ისე, ზოგადად, დილის ათ საათზე უკვე სამსახურში ვარ, მთელი დღის განმავლობაში მიწევს შეხვედრებზე სიარული, რაც დასაწერი და წასაკითხი მაქვს, დღის ბოლოსთვის ვინახავ, პრინციპში, სხვა დრო ამისთვის არც მრჩება. რაც შეეხება თავმჯდომარეობის წლებს, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, ფაქტობრივად, ღამის ოთხ საათზე ვიძინებდი და დილით ათზე უკვე სამსახურში ვიყავი, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა ეს ორი წელიწადი მართლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდით და ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან პროცესებში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ეს ყველაფერი კი არაადამიანურ ენერგიას, შრომას მოითხოვდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ამაზე სასარგებლოდ და ნაყოფიერად როგორ უნდა გამეტარებინა ის დრო. მართალია, იმ პერიოდში ჩემი შვილი, ფაქტობრივად, უდედოდ დავტოვე, მაგრამ მაშინ ჩვილი იყო, თბილ გარემოში იზრდებოდა და ნაკლებად განიცდიდა უდედობას, ახლა კი უკვე ვგრძობ, რომ მისთვის აუცილებელია ჩემთან ყოფნა.

- რა სტატუსით დარჩით ორგანიზაციაში?

- ორგანიზაციის გამგეობის წევრი ვარ, ასევე მაქვს ძველი, გადმოყოლილი ფუნქციები, ჯერ კიდევ საკონსტიტუციო საჯარო განხილვის კომისიების წევრი ვარ, შესაბამისად, ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებში აქტიურად მიწევს მონაწილეობა, ასევე ვმუშაობ ამნისტიის თემაზეც. მოგეხსნებათ, ძალიან ბევრი საქმეა თავიდან გამოსაძიებელი და ამ პროცესში შეიძლება უფრო მეტი დანაშაული გამოვლინდეს. მსგავს საკითხებზე იანვრის ბოლომდე ვიმუშავებ, შემდეგ უკვე ახალ ფუნქციებზე ვიფიქრებ (იღიმება).

ოჯახი და საოჯახო საქმეები

- თავმჯდომარეობის პერიოდში გაღვიძებისთანავე სამსახურში გავრბოდი, ყოველგვარი საუზმისა და ყავის გარეშე, ახლა შედარებით მეტი დრო მაქვს, თუმცა მაინც დაკავებული ვარ. იმ პერიოდში ოჯახისთვის, ფაქტობრივად, არ ვარსებობდი, კვირეები ისე გადიოდა, ბავშვს ერთ დღესაც ვერ ვუთმობდი, რაც ძალიან რთული იყო. ახლა სახლში უფრო ხშირად რომ მხედავს, გაოცებას ვერ მალავს (იცინის). მინდა გითხრათ, რომ სამზარეულოსგან ძალიან შორს ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ქმრის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ, არც მიწევს სადილების კეთება, თან ამის დრო თითქმის არასდროს მაქვს. საახალწლო სამზადისშიც არ ჩავრეულვარ, ერთადერთი, რაზეც ვიზრუნე, თოვლის ბაბუის სტუმრობა იყო, ჩემი შვილი 2 წლისაა და წელს პირველად ესტუმრა თოვლის ბაბუა.

თავის მოვლა

- საერთოდ, მიყვარს სპორტულ-თავისუფალ სტილში ჩაცმა, მაგრამ ამის ფუფუნება არ მაქვს, საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად კლასიკურად ჩაცმა მიწევს. ბევრჯერ გადმომიღია ჯინსი, მიფიქრია, შედარებით მსუბუქი დღე მაქვს და ხომ არ გამერისკა ამის ჩაცმა-მეთქი, მაგრამ ხან გადაცემაში მიწევს მისვლა, ხან ისეთ შეხვედრაზე, სადაც ჯინსით ვერ მივალ და ამიტომ ვერ ვიცვამ. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყოფნისას შოპინგისთვის ვერ ვიცლი, ამაზე მივლინების დროს უფრო ვფიქრობ. შესაბამისად, ძირითადად საზღვარგარეთ დავდივარ მაღაზიებში და საჭირო ნივთებს ვყიდულობ.

მეუღლე

- 13 იანვარს ჩვენი ქორწინებიდან ექვსი წელი შესრულდა და სხვათა შორის, სწორედ ამ დღეს ვაჯამებდით ჩვენს თანაცხოვრებას (იღიმება) ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გავიცანით და მალავე დავქორწინდით, შვილი გვიან გაგვიჩნდა, ნინიკო მხოლოდ 2 წლისაა. როგორც წესი, ოჯახის შექმნისას უფრო ძლიერი ემოციებითაა წყვილი ერთმანეთთან დაკავშირებული, მომდევნო პერიოდი უკვე ყოველდღიურობაში გადადის. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო, ისე უცებ მივიღეთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გაცნობიერებულიც არ გვქონდა, თუმცა მერე და მერე უფრო დავმეგობრდით და გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. თანაც, გიორგი იმ მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ოჯახზე აფანატებენ, რაც საშუალებას მაძლევს, მასთან თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემი მეუღლე რომ არ დამხმარებოდა და გვერდით არ დამდგომოდა, ასეთ რეჟიმში ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. როდესაც ჩემს თავმჯდომარეობაზე იყო ლაპარაკი, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ეს, რადგან ორი თვის ბავშვი მყავდა და მიჭირდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მეუღლემ მითხრა, თუ გინდა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო, ხშირად მოგიწევს ასეთი რთული ეტაპების გავლა, ამიტომ უარი არ თქვაო. როცა დაძაბული სამსახური გაქვს, ოჯახში რომ არ გქონდეს სიმშვიდე, ვერ შეძლებ შენი საქმის კეთებას. ჩემი მეუღლე ყოველთვის უყურებს ჩემს გამოსვლებს და რჩევებს მაძლევს, ამ მხრივ ასევე "მაკონტრილებს" დედა, ის მედიამონიტორინგზე მუშაობს, თან ჟურნალისტია და ხომ ხვდებით, როგორ მიუდგება ამ საკითხს?!

ნინიკო

- 2 წლისა და 4 თვის ნინიკოს ძალიან გამოკვეთილი და ძლიერი ხასიათი აქვს. თუ თვითონ არ აქვს სურვილი, ვერაფერს გააკეთებინებ, იცის, რაც უნდა და საწადელს აღწევს კიდეც. ძალიან უყვარს წიგნები, სულ რაღაცის წაკითხვას გვთხოვს. როგორც ვატყობ, ვენატრები ხოლმე და როცა მხედავს, ჩემ გარდა არავინ უნდა, მაგრამ მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ხშირად დადიან ერთად, უყურებენ საინტერესო მულტფილმებს, კითხულობენ წიგნებს და ერთმანეთს გადასარევად უგებენ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"