მიხეილ სააკაშვილი - "არც პრემიერის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტერმინოლოგიაში აღარ ისმის სიტყვა ოკუპაცია"

მიხეილ სააკაშვილი - "არც პრემიერის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტერმინოლოგიაში აღარ ისმის სიტყვა ოკუპაცია"

არც პრემიერ-მინისტრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტერმინოლოგიაში უკვე სამი თვეა აღარ ისმის სიტყვა ოკუპაცია, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს ღირსების შემლახველია.

"იცით რა არის ღირსების შემლახველი? როცა არც პრემიერ-მინისტრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტერმინოლოგიაში უკვე სამი თვეა აღარ ისმის სიტყვა ოკუპაცია. ღირსების შელახვაა ის, რომ შენ თვითონ არ ილაპარაკო შენი ქვეყნის ოკუპაციაზე, მაშინ, როცა დეპუტატები ბალტიის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, მთელი ეს წლები საუბრობდნენ დეოკუპაციის აუცილებლობაზე. ესაა პრობლემა და ჩვენ სირაქლემასავით თავი ქვიშაში არ უნდა ჩავყოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის აზრით, მთავარია იმის შესუსტება არ მოხდეს, რაც უკვე არსებობს. "ჩვენ გვაქვს მყარი იურიდიული ბაზა, რაც პატარა ქვეყნისთვის მთავარია. ეს თუ შევინარჩუნეთ, ოკუპაციას მოჰყვება დეოკუპაცია და ბოლოს, ყველა იმპერია უკან იხევს. მთავარია, რომ თავად იმან, ვისაც ეს ბაზა შეუქმნეს, არ თქვას უარი, როგორც ოკუპირებულმა და დაზარალებულმა ქვეყანამ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ამისთვის "დრაკონული ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ".

"არავინაა წინააღმდეგი რუსეთთან ურთიერთობის, მაგრამ ნათელ ქუჩაზე, ყველას თანდასწრებით. ჩვენ გვინდა ეს ურთიერთობა სინათლეში, გამჭვირვალობაში, ვაჭრობაში, ტურიზმში, მაგრამ იმას, რომ რაღაცეები გვერდზე გავწიოთ, არ დავთანხმდებით. თავის დროზე შევარდნაძე რომ არ დათანხმებულიყო სამშვიდობო ხელშეკრულებებს, არც 2008 წელი მოხდებოდა, თუ ახლა ისევ წავალთ დრაკონულ ნაბიჯზე, ამას მოჰყვება ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაც კატასტროფული იქნება, ამიტომ, ახლა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა