კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი გვქონდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტებში" სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად.
"მე ვეთანხმები მას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კოალიციასთან, მის ლიდერთან შეჯერებული. აქედან გამომდინარე, იყო საუბარი ამ თემაზე. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხულობის მიზეზი გაჩნდა",- აღნიშნა ალასანიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, ეს არ ნიშნავს კოალიციაში რაიმე დაძაბულობას, არამედ ეს იყო ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მის გუნდს შორის.
"რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი", - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ ახლაც მომხრეა, საქართველოში იყოს ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით. მისი თქმით, ეს არის ის განსხვავება, რომელიც არის კოალიციაში შემავალ პარტიებთან, კერძოდ, "რესპუბლიკურ პარტიასთან".
"ჩემი აზრით, ეს უნდა გახდეს საზოგადოების გადასაწყვეტი. შეიძლება ეს საკითხი რეფერენდუმზე ან პლებისციტზე იქნას სამომავლოდ გატანილი. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, არ დაგიმალავთ, ჩვენს პარტიაში, "თავისუფალ დემოკრატებში" გვქონდა პოზიციების გაცვლა, ვაპირებთ თუ არა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი", - დასძინა ალასანიამ.