"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ აკაკი ბობოხიძეს იმედი აქვს, "დღეს მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილება ისეთ პროცესებს დაუდებს სათავეს, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო პროექტების მიღებას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატების მხარდაჭერითაც ვეღარ შეძლებს".
სწორედ ასე უპასუხა ბობოხიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვას, უკავშირდება თუ არა უმცირესობაში შემავალი ორი ექვს-ექვს კაციანი ფრაქციის შემადგენლობის თითო დეპუტატით გაზრდა, რომელიმე წევრის უმცირესობიდან შესაძლო გასვლისა და ფრაქციების დაშლის თავიდან აცილებას.
"იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც ზემოქმედებას ემორჩილებიან და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველანაირ ზემოქმედებას გაუძლებს. იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას ვერ შესძლებს; უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილება იმედს მაძლევს, რომ ეს ისეთ პროცესებს დაუდებს სათავეს, უმრავლესობამ საკონსტიტუციო პროექტების მიღება შესაძლოა, ჩვენი მხარდაჭერითაც ვეღარ შესძლოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბობოხიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ზაზა კედელაშვილი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარებში" გადავიდა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი კი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონებს" შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით მაჟორიტარებისგან დაკომპლექტებული ფრაქციები მინიმალურ, ანუ დაშლის ზღვარზე აღარ არიან და თუ მათ თითო წევრი ისევ გამოაკლდება, ფრაქციის ფორმატს მაინც შეინარჩუნებენ.
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" 8 მაჟორიტარი ოფიციალურად გაემიჯნა. კულუარებში სახელდება რამდენიმე დეპუტატის გვარი, რომლებმაც შესაძლოა, უმცირესობის რიგები დატოვონ.
რაც შეეხება მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყდა.