როდის ეძინა გიორგი კალანდიას 4-დოლარიან სასტუმროში

როდის ეძინა გიორგი კალანდიას 4-დოლარიან სასტუმროში

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა და თუ როგორ აღინიშნა ის წელს თბილისში, ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას ვესაუბრეთ. ის ამ თანამდებობაზე 2009 წლის 17 მარტს დაინიშნა და დღემდე არაერთი გამოფენის ორგანიზატორად მოგვევლინა. საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, მან ისიც გაგვიმხილა, რომ 26 იანვარს ქართველ რეჟისორ ელდარ შენგელაიას 80 წელი უსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით "ელდარ შენგელაია - არაჩვეულებრივი გამოფენა"...

- 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, მაგრამ წელს ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქართული თეატრალური საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის იმითაც იყო, რომ გიორგი ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილე გახლავთ. აქედან გამომდინარე, ვთვლიდით, რომ ეს დღე განსაკუთრებულად უნდა აღგვენიშნა. ალბათ ტრაგიკულია ის ფაქტიც, რომ ერს არ აქვს საშუალება თავისი პირველი დრამატურგის საფლავთან მივიდეს, ყვავილები მიიტანოს და სანთელი დაანთოს. ბევრი ვიფიქრეთ, სად შეიძლებოდა გიორგი ერისთავი გაგვეხსენებინა და ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი აღმოჩნდა პირველი გიმნაზიის სააქტო დარბაზი, ანუ იქ, სადაც პირველად დაიდგა "გაყრა". სხვათა შორის, მაშინ პირველ წარმოდგენას მიხეილ ვორონცოვი ესწრებოდა და მან ასეთი წერილი მისწერა იმპერატორს: წარმოდგენამ კარგად ჩაიარა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველებს შევუქმნათ ქართული თეატრი, რაც დაგვეხმარება ტუზემცების რუსებში ათქვეფაშიო. ამ დროს პირიქით მოხდა, ქართული თეატრი აღმოჩნდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში და ის ოცნება, რომელიც ვორონცოვს ჰქონდა, ქართულმა თეატრმა ჩაშალა.

ძალიან მიყვარს გიორგი ერისთავი, მისი დრამატურგია და მისი შვილი დავითი, რომელმაც "სამშობლო" შექმნა. "გაყრიდან" - "სამშობლომდე" არის მთელი ის ეპოქა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიტანა. არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იუნესკოსთან, გვინდა, გიორგი ერისთავის იუბილე იუნესკომაც შეიტანოს თავისი იუბილეების ნუსხაში. ვფიქრობთ, რომ გიორგი ერისთავი მსოფლიო მნიშვნელობის თუ არა, კავკასიაში პირველი პროფესიული თეატრის შემქმნელი და დამაარსებელია და მისი იუბილე რეგიონული მასშტაბით მაინც უნდა აღინიშნებოდეს.

- ორიოდე სიტყვა ექსპო­ნატების შესახებაც გვითხარით...

- ჩვენ ვთქვით, რომ ამ დღეს საზოგადოების წინაშე ქართულ თეატრთან დაკავშირებული ბრწყინვალე ხუთეული გამოვიტანეთ. მოგეხსენებათ, გიორგი ერისთავის პორტრეტებით განებივრებულები არ ვართ. მისი ერთ-ერთი პორტრეტი 1930-იან წლებში ცნობილმა ქართველმა პორტრეტისტმა ქეთევან მაღალაშვილმა შექმნა და სწორედ ის იყო გამოფენილი. ასევე - ქართული რეალიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ბერიძის მიერ შექმნილი ფარდის ესკიზი. სამწუხაროდ, პირველი ქართული თეატრი დაიწვა, მაგრამ ეს არის პირველი ქართული თეატრალური ფარდის ესკიზი, რომელიც ჩვენს მუზეუმში ინახება. გარდა ამისა, გამოფენილია პირველი ქართული დრამატული დასის ფოტოც. ჩვენ ვიცით, რომ გიორგი ერისთავს სპექტაკლი "გაყრა" პროფესიულ დასთან არ დაუდგამს და წარმოდგენაში ნათესავები დააკავა. ამასთან დაკავშირებით ერთ კურიოზულ ამბავს გიამბობთ. ერისთავმა ერთ-ერთ ნათესავს, რევაზ ერისთავს, სპექტაკლში თამაშის საშუალება არ მისცა. ამაზე რევაზი ძალიან გაბრაზდა და ერთ-ერთი რეპეტიციის დროს იქ მესტვირეებთან ერთად მივიდა, ერისთავს სტვირის დაკვრით შეუვარდა და რეპეტიცია ჩაშალა. მოგვიანებით ამ თემაზე პეტრე უმიკაშვილმა სპექტაკლიც გააკეთა და მას "სამზადისი" ერქვა.

ეს იმას მოვაყოლე, რომ პროფესიული დრამატული დასი მოგვიანებით გაჩნდა და სწორედ ის ფოტომატიანე გამოვფინეთ. ასევე საინტერესო იყო იმ დარბაზის ფოტო, სადაც უწინ "გაყრა" დაიდგა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი გახლდათ ასევე ქართული თეატრალური საზოგადოების პირველი ყრილობის ფოტო, რომელიც 1914 წელს ჩატარდა. თავმჯდომარედ აკაკი წერეთელი აირჩიეს. ფოტოზე ის შუაში ზის და მის გარშემო - 174 დელეგატი, მაშინდელი საქართველოს ღირსება, მათ შორის არიან: შალვა დადიანი, ალექსანდრე წუწუნავა, დიმიტრი შევარდნაძე, იოსებ გრიშაშვილი, ლადო გუდიაშვილი და სხვები.

- ბატონო გიორგი, პროფესიით ისტორიკოსი ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდით?

- ვამბობ ხოლმე, რომ ისტორიკოსებში მეძახიან ჟურნალისტს და ჟურნალისტიკაში პირიქით (იღიმის). სულ მქონდა სურვილი, რომ საქართველოს ისტორიაში არსებული არაერთი თემა ფართო საზოგადოების ინტერესებში მოქცეულიყო. თუმცა საზოგადოებას საინტერესო თემები ღრმა სამეცნიერო ენით არ უნდა მივაწოდოთ და ამის ბრწყინვალე საშუალებას ჟურნალისტიკა იძლევა. შეგიძლია გააკეთო დოკუმენტურ-პუბლიცისტური, ადვილად გასაგები, საინტერესო თემები. ამ სურვილით მივედი ტელევიზიაში. ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და მეგონა, რომ იქ მხოლოდ ერთი წელი დავრჩებოდი, მაგრამ დღემდე ვერ შევეშვი და სულ მინდა ამ სფეროსთან კონტაქტი. მუშაობა "აუდიენციაში" დავიწყე, სადაც კონკურსის შედეგად მოვხვდი. არასოდეს არსად არ მყოლია პროტექციონერები. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი არც ერთი გზის დასაწყისში ასეთი ადამიანები არ მყავდა. დამკვიდრება ყოველთვის საკუთარი თავითა და ენერგიით მიწევდა.

- მშობლები რა პროფესიის არიან?

- მამაჩემი ეკონომისტია, ხოლო დედა - მედიკოსი. ასე რომ, ხომ გეუბნებით, ყველა გზაზე, რასაც ვირჩევდი, ყველაფერს ჩემით ვაღწევდი.

- ისტორიკოსობა ბავშვობიდან გსურდათ?

- არა, ისტორიკოსობა სკოლის დამთავრების დროს გადავწყვიტე, როცა დედამ დადიანების სასახლეში წამიყვანა. სასახლის ძველმა კედლებმა და საგანძურმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე, მომავალში ამ საქმესთან კონტაქტი მქონოდა. თავიდან სიუჟეტებსა და ფილმებს სულ დადიანების სასახლეზე ვაკეთებდი. ამას მოჰყვა ლოგიკური ინტერესი ქართული კვალისადმი უცხოეთში. მაშინ ჩვენთვის აკრძალული ხილი იყო ოშკი და ხანძთა, ისინი მხოლოდ წიგნის ფურცლებზე შეგვეძლო გვენახა და როგორც კი მათი ნახვის რეალური შანსი მომეცა, მათ მოსანახულებლად გავემგზავრე. ეს დაახლოებით ათი წლის წინ მოხდა. გურამ პატარაიას შემდეგ, ეს იყო პირველი ფილმები თურქეთისა და საქართველოს შესახებ. თუმცა ჩვენ ბევრი ისეთი ისტორიული ადგილი გადავიღეთ, რომელიც იმ ლეგენდარულ ფილმში "შორია გურჯისტანამდე" არ მოხვედრილა. სულ მიკვირდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად უკვე გახსნილი საზღვრებისა, ქართული ჟურნალისტიკის ლოგიკური ინტერესი იმ მხარისადმი მაინც არ არსებობდა.

- თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა იყო?

- არ ვიცი, ჩვენ ხომ უცნაური საზოგადოება ვართ. ამას ჩემი ჩათვლით ვამბობ, რადგან მეც საზოგადოებისგან განყენებულად არ ვდგავარ. მაშინ აჩვენებდნენ და ძალიან პოპულარული იყო მაგალითად, სიუჟეტები ნიანგებზე ნადირობაზე, მაგრამ ოშკს, ხანძთას და სხვა ძეგლებს არავინ იღებდა.

- შეიძლება იმიტომ, რომ რთული სამუშაოა, მასალებია მოსაძიებელი, რაც დროს მოითხოვს...

- შეიძლება, არ გამოვრიცხავ. თან, არავინ იფიქროს, რომ ეს კომფორტული "პაესტკაა", თუმცა, ესეც ვისთვის როგორ. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია, რადგან საფრანგეთში ეიფელის კოშკის გადაღებას ოშკის გადაღება მირჩევნია. ამას თან არ ახლავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, დიდი სამივლინებო თანხები და სხვა კომფორტი. მახსოვს, როცა გადაღებებზე მივდიოდით, 4-დოლარიან სასტუმროში ვიძინებდით. ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა პირობები იქნებოდა, მაგრამ თავი მაინც ყველაზე ბედნიერად მიმაჩნდა. თქვენ თქვით, რომ ამგვარ თემებზე მუშაობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, გეთანხმებით. კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ალბათ საჭიროა ცოტა ისტორიკოსის განათლებაც. ანუ ყველაფერი ერთად, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ ეს ფილმები გაკეთდა და ამ ყველაფერში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე.

- რამდენ ხანს გაგრძელდა "ჩვენებურები"?

- "ჩვენებურები" ექვსი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ამ პროექტისთვის, რადგან გასართობი გადაცემებიც კი ვერ ძლებენ 6-7 წელი. პირველად ვამბობ და არასოდეს მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ამ პროექტს დახურვა არ დაემუქრებოდა, რომ არა თავის დროზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ძალიან გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ყველას ჰგონია, რომ მებრძოლი ადამიანი ვარ, მაგრამ...

- აბა, როგორი ხართ სინამდვილეში?

- ნათქვამია, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და მეც ასე მოვიქეცი. მახსოვს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მაშინდელი ხელმძღვანელობა მეუბნებოდა, რომ პროექტი არავითარ შემთხვევაში არ დაიხურებოდა, მას მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა. რამდენიმე სატელეფონო ზარზე მაშინდელმა დირექტორმა, ბატონმა გია ჭანტურიამ არ მიპასუხა. ჩავთვალე, რომ პროექტი აღარ უნდოდათ და მუშაობა აღარც გამიგრძელებია. მახსოვს, მზადდებოდა ფილმი თურქეთში ცნობილ საზოგადო მოღვაწე აჰმედ მელაშვილზე. ის ძალიან დიდი ქართველია, რომელსაც თურქეთში ილია ჭავჭავაძეს ადარებენ. ის მოკლეს, ტრაგიკულად დაიღუპა. აჰმედ მელაშვილის საფლავზე არის ასეთი წარწერა: "მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის". ამ ადამიანს საქართველოში კარგად არ იცნობენ. მასზე გადაღებული მქონდა ფილმი, მხოლოდ მონტაჟი აკლდა და გული ძალიან მწყდებოდა, რომ ამ ფილმის გაშვებას ვერ ვახერხებდი.

მოგვიანებით დავწერე წიგნი "აჰმედ მელაშვილი, ჩვენებურთა ბელადი" და ის, რაც მოგიყევით, წიგნის შესავალში დავწერე. ანუ, ვთქვი, რომ ეს იყო არა მხოლოდ ჩემდამი, არამედ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, რადგან მიმაჩნია, რომ "ჩვენებურები" აუცილებელი პროექტი იყო. არ ვარ ხელმოცარული ადამიანი, ბევრი საქმე მაქვს: მუზეუმი, უნივერსიტეტი, ვიღებ ფილმებს, მაგრამ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს საზღვრებს მიღმა ისტორიული კოლონიები გააჩნია, ისეთები, როგორებიცაა თურქეთი, ფერეიდანი და საინგილო, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქ მცხოვრებლებისთვის ერთი გადაცემა მაინც უნდა გქონდეს. თურქეთში არ დავბადებულვარ, მაგრამ იქ გავიზარდე და კარგად ვიცი, რომ თურქეთში არსებობს ერთი ცალკე არხი, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თურქებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენს ქვეყანაში კი ერთი გადაცემა რა გაგვიხდა?! ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ჩემი მოვჭამე, როგორც იტყვიან, მაგრამ ქვეყანას თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გადაცემა ემიგრანტებისთვის. ის ადამიანები ამას იმსახურებენ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"