ბათუმში გამზადებული სოციალური დახმარება ბენეფიციარების მოლოდინშია

ბათუმში გამზადებული სოციალური დახმარება ბენეფიციარების მოლოდინშია

ბათუმში გამზადებული სოციალური დახმარება ბენეფიციარების მოლოდინშია. ტაბიძის ქუჩაზე "ამბები.გე"-მ აღმოაჩინა, რომ შპს "მაჯას" საწყობში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო პაკეტები 1 თვეა პატრონს ელოდება. შპს "მაჯასა" და ბათუმის მერიას შორის 2012 წლის 19 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, 12 000 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს უნდა გადასცემოდა. თითოეულ ოჯახზე 40 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი განისაზღვრა: 3 კგ ბრინჯი, 2 კგ წიწიბურა, 2 ლიტრი ზეთი, 10 კგ ხორბლის ფქვილი, 5 კგ მაკარონი, 5 კგ შაქარი, 2 ცალი მარილი, 100 გრამი შავი ჩაი.

როგორც შპს "მაჯას" წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი" მერაბ ღოღობერიძე განმარტავს, ხელშეკრულების მიხედვით, სასურსათო პაკეტები 2012 წლის ბოლომდე უნდა გადასცემოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თუმცა ბათუმის მერიამ, არაერთი მიმართვის მიუხედავად, 300-ის ნაცვლად, ორგანიზაციას მხოლოდ 120 ოჯახის სია გადასცა. 2012 წლის 28 დეკემბერს შპს "მაჯას" დირექტორმა ჯამბულ პაქსაძემ ქალაქ ბათუმის მერს, ჯემალ ანანიძეს განცხადებით მიმართა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სიები არასრული იყო და მერიას ორგანიზაციისთვის დროულად მიეწოდებინა სრული სია, რათა არ დარღვეულიყო ხელშეკრულების პირობები:

"შპს "მაჯა" გაცნობებთ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის მუნიციპალური პროგრამის "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერის" ფარგლებში 2012 წლის დეკემბრის თვეში სასურსათო პაკეტი დაურიგდა 60 სოციალურად დაუცველ ოჯახს, 90 დაუცველი ფენის სია არ არის სრული (მითითებულია მხოლოდ ქუჩის დასახელება), დანარჩენი 150 სოციალურად დაუცველი ოჯახის სიები კი არ გაგვაჩნია. მათთვის განკუთვნილი პაკეტები დამზადებულია. გთხოვთ, რეაგირებას დარჩენილი ბენეფიციარების სიების შესახებ, რათა არ დაირღვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ "ამბები.გე"-სთან აღნიშნა, სოციალური დახმარება 120 ოჯახზე იყო განსაზღვრული.

"პროგრამა იყო გაგრძელება სასურსათო მხარდაჭერისა, რომელიც გავეცით ქალაქ ბათუმის მაცხოვრებლებზე 2012 წლის სექტემბერში. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკმარისი რაოდენობა არ იყო. საჭიროდ ჩავთვალეთ, დამატებით გამოგვეყო თანხა. ჩავატარეთ ტენდერი, სადაც შპს "მაჯამ" გაიმარჯვა. მათ გადავეცით 120 კაციანი სია. პროგრამა განხორციელდა და ყველამ მიიღო სასურსათო პაკეტი. დეკემბრის თვეში პროექტი სრულდებოდა", - აღნიშნა სოფო მიქელაძემ.

ხელშეკრულებაში, რომელიც ბათუმის მერიასა და შპს "მაჯას" შორის 2012 წლის 19 დეკემბერს დაიდო, მითითებულია, რომ სოციალური დახმარების პაკეტი 300 ოჯახზე უნდა გაცემულიყო, რისთვისაც 12 000 ლარი მერიამ შპს-ს გადაურიცხა.

სოფო მიქელაძე აღნიშნავს, რომ მათ ორგანიზაციისთვის არ უთქვამთ, რომ 300 პაკეტი შეესყიდათ:

"ჩვენ არ გვითქვამს 300 პაკეტი შეისყიდე და გაამზადეო, რატომ ელოდება კიდევ სიებს, ხელმეორედ ხომ ვერ დავურიგებთ. ორგანიზაციამ რა მომსახურებაც გასწია, ის თანხაც მიიღო. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროგრამის დეკემბერში დასრულებას. სიებთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა", - აღნიშნა სოფო მიქელაძემ.

შპს "მაჯა" სწუხს, რომ ვადების დარღვევის გამო შავ სიაში მოხვდება. ორგანიზაცია ბათუმის მერიას ბენეფიციართა სიების მიწოდებას სთხოვს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში დეკემბრის სოციალური დახმარება ამ დრომდე არ დარიგებულა

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"