საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს რეზოლუციას მიესალმება

 საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს რეზოლუციას მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის დეტალურ მიდგომას ჰუმანიტარული პრობლემებისადმი და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მასში მოყვანილ პრობლემებზე რეალური პროგრესის მიღწევა მოხერხდება, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, სადაც რეზოლუციაში შეტანილ საკითხებზე და მათ შეფასებაზეა საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განიხილეს მიგრაციის ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის მომხსენებლის, თინა აკეტოფტის მიერ მომზადებული ანგარიში: რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ. ანგარიში მომხსენებელმა მოამზადა საქართველოში გასული წლის სექტემბერსა და დეკემბერში განხორციელებული ვიზიტების შედეგად.

აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული სიტუაცია ომისგან დაზარალებულ რეგიონებში" (Georgia and Russia: the humanitarian situation in the conflict- and war-affected areas Doc 13083).

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული რეზოლუცია განსხვავდება პოლიტიკური რეზოლუციებისაგან "რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების შესახებ" (1633 (2008) და 1683 (2009)) იმით, რომ ის ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე, რაც ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების დაცვასა და განხორციელებას.

ევროპის საბჭოს მიერ დღეს მიღებულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება დევნილების პრობლემატიკას. ამავე დროს, დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსულ მხარეს, უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანაწერი ევროპის საბჭოს არც ერთ ჰუმანიტარული სახის რეზოლუციაში არ ყოფილა აქამდე დაფიქსირებული. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება დღემდე დიდწილად უგულვებელყოფილია და მოუწოდებს მხარეებს: შეასრულონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღებული წინა, 1648 (2009) 1664 (2009) რეზოლუციები და შესაბამისი რეკომენდაციები. ინტენსიურად იმუშაონ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის მონიტორინგის განხორციელებაზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

შეინარჩუნონ დევნილებისა და ლტოლვილების საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების მეორე ჯგუფის დღის წესრიგში, უზრუნველყონ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უზრუნველყონ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება, დაიცვან გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებთა უფლება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ ინფორმაციების საერთაშორისო გამოძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს და დადებითად აფასებს იმ გარემოებას, რომ ანგარიშის განხილვისას საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი შენიშვნები გაითვალისწინა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა