ირაკლი ალასანია იყო იმედი, რომ ახალი ხელისუფლება პროდასავლური დარჩებოდა, მისი ჩამოქვეითება კი შესაძლოა, ცუდი სიგნალი იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.
"ალასანია "ქართულ ოცნებაში" განასახიერებს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი საქმე არ არის, შიგნით რა ხდება, ეს მათი შიდასამზარეულოა - რა მოილაპარაკეს თავის დროზე და ვიღაცას რაღაცა შეეშალა, ჩვენი გასარჩევი არაა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი. თუ არ ნიშნავს ამას, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. ალასანია იყო იმედი, რომ ახალი ხელისუფლება დარჩება პროდასავლური, მისი ჩამოქვეითება კი შესაძლოა, ცუდი სიგნალი იყოს. მხოლოდ ამიტომ არის ეს საყურადღებო", - განუცხადა შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე აზრით, ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენების შემდეგ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მთავრობამ დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს.
"განმარტებები არ გვჭირდება იმის გამო, რატომ ჩამოაქვეითა ალასანია, რა იყო პრობლემა, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს", - აღნიშნა შარაშენიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.
"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.
"მე ასე ფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.