თეა წულუკიანი - თუ შეცდომას დავუშვებ, პრემიერს უფლება აქვს, საჯაროდ გამკიცხოს

თეა წულუკიანი - თუ შეცდომას დავუშვებ, პრემიერს უფლება აქვს, საჯაროდ გამკიცხოს

თუ იუსტიციის მინისტრი შეცდომას დაუშვებს, პრემიერს უფლება აქვს, მე საჯაროდ გამკიცხოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიცე-პრემიერის თანამდებობას ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ჩამოშორდა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჩაითვალა, რომ ალასანიას აკისრია ისეთი დიდი ტვირთი, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართულ ჯარზე ზრუნვა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.

"აქედან გამომდინარე, პრემიერმა მასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, ალასანიას მოხსნოდა ის ზედმეტი ტვირთი, რაც არის ვიცე-პრემიერობა. თუ ორ ადამიანს შორის იყო ერთი-ერთზე შეხვედრა და ე.წ. მძიმე საუბრები, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაფერია. ამ დიალოგიდან რამეც რომ ვიცოდე, საჯაროდ ამაზე მაინც ვერ ვისაუბრებდი. თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთა, პრემიერმაც უფრო მეტი დეტალი გახადა საჯარო, შესაბამისად, მე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე არ მევალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არ დასწრებია "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს იმ სხდომას, რომელზეც, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიაზე, როგორც მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე იმსჯელეს.

"თუმცა ირაკლი ალასანიამ მკითხა აზრი და მე ვუპასუხე, თუ იქნება იგი კოალიციის ერთიანი კანდიდატურა და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, რატომაც არა. იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული ეს, ჩემთვის უცნობია. პარტიაში გამართულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაზეც არაფერი ვიცი, რადგან მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი ვარ, ხშირად ვერ ვნახულობ დროს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებზე დასასწრებად", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.

"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.

"მე ასე ფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა