რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს რუსთაველის თეატრის უკვე ყოფილმა მმართველმა, ზაალ ჩიქობავამ განუცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლის მიზნით მასზე ზეწოლა არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის თვეშივე დაიწყო.
"დღეს ლაპარაკობს მინისტრი, რომ ჩვენ ვერტიკალური გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ არ ლაპარაკობს იმ ზეწოლებზე, რომლებიც მოდიოდა კულტურის სამინისტროდან - ჩვენ დაგვეწერა განცხადებები და დაგვეტოვებინა თანამდებობები. აქედან გამომდინარე, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი და მინისტრი მიდიან ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც ჩემთვის შექმნიდა კრიზისს, მე ვამჯობინე, დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი. პირდაპირ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ აჯობებს დატოვო თანამდებობა და დაუთმო ასპარეზი ამ შემთხვევაში დიდ რეჟისორ რობერტ სტურუას. როგორ შეიძლება ეს განიხილებოდეს, თუ არა ზეწოლად", - განაცხადა ჩიქობავამ.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თეატრი უკვე ჩიხში იყო შესული და არც ერთი ახალი სპექტაკლი არ ჩაშვებულა.
როგორც ჩიქობავა ამბობს, მის მიერ განცხადების დაწერის ერთ-ერთი მიზეზი გახდა დასისთვის სამთვიანი კონტრაქტების შეთავაზებაც.
"ოთხი თვის განმავლობაში არც ერთი ახალი სპექტაკლი არ ჩაშვებულა. ეს სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივაა, რომელიც ხან ამბობს, რომ არის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხან - არ არის. ბოლო წუთას მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი თვით დაუდოს დასს ხელშეკრულებები, რომელსაც მე ხელს ვერ მოვაწერდი", - აღნიშნა ჩიქობავამ.
დღევანდელ პრესკონფერენციას მისი მოადგილე მარინა საღარაძე და მსახიობი ნანული სარაჯიშვილი ესწრებოდნენ. როგორც საღარაძე აცხადებს, ისიც გეგმავს თანამდებობის დატოვებას.
დღესვე ზაალ ჩიქობავა ოპერის მმართველის, დავით საყვარელიძის სამსახურიდან გათავისუფლებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია ოპერის უკვე ყოფილი მმართველისთვის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.