ნოდარ ჯავახიშვილი: "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ სააკაშვილი, ადეიშვილი და ქადაგიძე იბრძოდნენ"

ნოდარ ჯავახიშვილი: "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ სააკაშვილი, ადეიშვილი და ქადაგიძე იბრძოდნენ"

"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ქართული საბანკო სექტორისა და "ქართუ ბანკის" პრობლემებზე გვესაუბრება:

- ბატონო ნოდარ, შეიძლება ითქვას, რომ "ქართუს" მშვიდობიანი პერიოდი დაუდგა, რა რჩება ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე დიდ სირთულედ?

- ყველაზე დიდ სირთულედ რჩება ის, რომ ყველა დანაშაული, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნა ჩადენილი, ჯერჯერობით გამოძიების რაღაც სტადიაზეა და არც მორალური და არც ფინანსური კომპენსაცია ბანკს არ მიუღია. 135 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტების ჩამოწერა ნებისმიერი ბანკისათვის გაკოტრების ტოლფასი იქნებოდა, ჩვენ გადავრჩით, არ გავკოტრდით, მაგრამ კაპიტალიც და საკრედიტო პორტფელიც მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა, რის გამოც ბანკმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა 2012 წელი. ახლა უკვე იმედი მოგვეცა, რომ დაკარგულ ფინანსურ რესურსს დავიბრუნებთ და ამ წელს მოგებით დავასრულებთ. თუმცა, ვეჭვობ, რომ ზოგიერთები ამ ჩვენს მტრად მოკიდებულ კლიენტურას რაღაცის იმედს აძლევენ და ისინიც არ აქტიურობენ, თავიანთი ვალდებულებები რომ დაფარონ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა საქართველოში ყველა სფეროში იზეიმებს და ასე მოხდება "ქართუ ბანკის" მიმართაც. ნურავინ იფიქრებს, რომ "ქართუს" საკითხი მხოლოდ ჩვენი დამფუძნებლის ფინანსურ ინტერესებში შედის, უკვე თექვსმეტი წელი გავიდა, რაც "ქართუ ბანკი" არსებობს და ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრის დივიდენდიც არა აქვს მიღებული. "ქართუს" მიმართ სამართლიანობის აღდგენა ყველა ქართველს უნდა სურდეს, რადგან ის, რაც ამ ბანკში მოხდა, იყო მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო სახელისუფლებო თავდასხმა, რომელიც ზუსტად ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, "ქართუ ბანკი" დაიბრუნებს­ დაკარგულ ფულს თუ ვერ დაიბრუნებს, მთავარია, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს. გამუდმებით რომ იმეორებდნენ ხელისუფლების ყველა შტოში - "ქართუ ბანკი" პოლიტიზებულიაო, "ქართუ ბანკი" კი არ იყო პოლიტიზებული, პირიქით, პოლიტიკური მოტივით ხდებოდა მასთან ანგარიშსწორება.

- თუმცა, სხვა ბანკების წარმომადგენლები თავს იმართლებდნენ - ეს ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის წარმოქმნილი დავაა და ჩვენ ვერ ჩავერევითო.

- მაპატიეთ, მაგრამ ეს არის თავის მართლების უსინდისო მცდელობა. დანაშაული არის დანაშაული და მის წინააღმდეგ საზოგადოებამ ხმა უნდა აღიმაღლოს! ვფიქრობ, რომ ამას ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არ ჩაერიონ, როცა ქუჩაში ათი კაცი ერთს სცემს და თავიც გაიმართლონ - რა ვიცით, ბატონო, შეიძლება პოლიტიკური მოტივით სცემენო. საზოგადოება ასეთი არ უნდა იყოს. "ქართუ ბანკს" პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია და იმის გამო, რომ სურდათ ბიძინა ივანიშვილისათვის რაღაც ეტკინათ, ჩვენ გვსჯიდნენ. რა მოტივით გცემა ან რა მოტივით მოგკლა ვინმემ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი შედეგია. ჩვენ რა, იმას ვკითხულობთ, სულგანათლებული ზურაბ ჟვანია რისთვის მოკლეს? საზოგადოებაში არის კითხვა - ვინ მოკლა და რატომ?!

- თუ იცით, რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება?

- ამ დანაშაულებრივი გარიგების ყველა მონაწილის წინააღმდეგ შეტანილი გვაქვს სარჩელი და მიმდინარეობს გამოძიება. მე ჯერჯერობით არ დავუკითხივარ, მაგრამ რამდენიმე ჩემი თანამშრომელი უკვე დაკითხეს, როგორც ვიცი, დაიბარეს სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები და მათი დაკითხვაც მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ზარალი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, ჯერ არ აუნაზღაურებია არც სახელმწიფოს და არც ჩვენს წინააღმდეგ მიმართული სქემის უშუალო მონაწილეებს. ზოგიერთი ამტკიცებს - მზად ვარ, დავალიანება დავაბრუნოო, გვითხრან ერთი, რას ელოდებიან?!. რას ელოდება თუნდაც ქალბატონი ლაურა ღაჭავა, რომელიც კარგა ხანია გაიძახის - ჩვენ მზად ვართო? - ვინ შეუშალა ხელი? ვეჭვობ, იმიტომ არ აგვარებენ ბანკთან ურთიერთობას, რომ ვიღაც აიმედებთ, პოლიტიკური ვითარება შეიცვლებაო. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ეს იმედი უსაფუძვლოა. ჩვენ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ.

- როგორც ვიცი, ლაურა ღაჭავა ითხოვს, პროცენტებს დავფარავ, მაგრამ საურავს ნუ გადამახდევინებენო.

- რას მელაპარაკებით-თქო?! ყველა ნორმალური კლიენტი, რომელსაც ჩვენი ბანკისათვის არაფერი დაუშავებია, იხდიდა პროცენტს და თუ გადახდა დაუგვიანდებოდა - საურავსაც. ესე იგი, ლაურა ღაჭავა უნდა დავაჯილდოოთ და კარგ პირობებში ჩავაყენოთ? - რატომ, რა დამსახურებისთვის? შეღავათს სხვებიც ხომ მოითხოვენ? აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, მეთქვა, ამ ციხეში რატომ ვზივარ ან უკეთეს კამერაში რატომ არ მსვამთო! ჩემი ქალიშვილი, რომელიც ლონდონშია გათხოვილი, ფეხმძიმე იყო, ჩემს სანახავად რომ ჩამოვიდა, ციხეში მხოლოდ 15 წუთით შემახვედრეს... პროცენტის გადახდა ხომ არ უნდათ, მაგრამ რამდენიმემ ისიც მითხრა - იქნებ თავნიც შეგვიმციროთო, იმიტომ, რომ იმ ხელისუფლებას გადაუხადეს და ჩვენთანაც რომ გაასწორონ ანგარიში, იზარალებენ. რა, მე უნდა ვზღო ის თანხა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას გადაუხადეს ლაურა ღაჭავამ და კოდუებმა? ერთმანეთში როგორ გაასწორებენ ანგარიშს, სულაც არ მაინტერესებს. ზოგიერთმა დღემდე ვერ შეიგნო, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა. მთავარი ადამიანის დასჯა კი არ არის, არამედ დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

- ბატონო ნოდარ, თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, არჩევნებში "ქართულ ოცნებას" რომ არ გაემარჯვა?

- არჩევნებში ნაციონალებს რომ გაემარჯვათ, "ქართუ ბანკი" აღარ იარსებებდა, ან ვიღაცის ხელში იქნებოდა, მე კი, სულ ცოტა, ციხე მქონდა გარანტირებული. რა, ლაურა ღაჭავა ციხეში მომიტანდა იმ ფულს, რომელიც "ქართუ ბანკს" ხელისუფლებასთან ერთად "შეაწერა"? ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა, დანაშაულებრივი გარიგება იყო. ეტყობა ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ დეგენერატები, თუ ჩვენს საზოგადოებას აყრიან თვალში ნაცარს?

- გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ ებრძოდა "ქართუს"?

- ყველაფერს სათავეში ედგა ქვეყნის პრეზიდენტი, მან მოაწერა ხელი "ქართუს" წინააღმდეგ მიმართულ კანონს, შემდეგ კი მანვე გააუქმა. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ბატონი ზურაბ ადეიშვილი და მისი უშუალო დავალებები მიდიოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან. სწორედ ამიტომ შეიყვანეს ეროვნული ბანკის საბჭოში ორი პროკურორი, რაც პირდაპირ ნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ადეიშვილის მიერ იმართებოდა, დანაშაულებრივი იყო პარლამენტის გადაწყვეტილებებიც. ადრე სწორედ ამგვარი მეთოდებით გააკოტრეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ბადრი პატარკაციშვილის "სტანდარტბანკი", მანამდე კი - "ინტელექტბანკი" და ყველა ამ შემთხვევაში ფიგურირებს გიორგი ქადაგიძე.

- ბატონო ნოდარ, რით შეიძლება აიხსნას, რომ აგრარული სესხები ამ "უნიკალურ" სისტემაში ოცჯერ ნაკლები იყო სხვა ტიპის სესხებთან შედარებით. როგორც ვიცი, მსოფლიო საბანკო სისტემაში მსგავსი პრეცედენტი იშვიათია...

- ახალ მთავრობას სხვა მიდგომა აქვს ამ უმნიშვნელოვანესი დარგის მიმართ. როგორც ვიცი, "სასოფლო სამეურნეო ფონდი" უკვე ასრულებს მსჯელობას, როგორ უნდა იმუშაოს ტანდემში ბანკებთან და სულ მალე ბანკებს სერიოზული სტიმული მიეცემათ იმისათვის, რომ აგრარულ სექტორს სესხები გამოუყონ. მართალია, ბანკი "ქართუ" უფრო მსხვილ პროექტებზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ საქმეში ჩვენც შევიტანთ წვლილს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა