სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია

სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია

ასაკოვანი მამაკაცი ციხეში სასიძოს დედისა და დის ცემის გამო აღმოჩნდა. ქალები მის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ სასიმამრო პატიმრობიდან საბოლოოდ, მომავალმა სიძემ დაიხსნა. მას ადვოკატი აუყვანა, შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ, მისთვის შეფარდებული 2.000-ლარიანი გირაოც თავად გადაიხადა და ამ აყალმაყალისა და დაძაბული ვითარების მიუხედავად, მის ქალიშვილზე მაინც იქორწინა.

მზიასა და ირაკლის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაქორწინება გადაწყვეტილი ჰქონდათ. გოგონა საქმროს ოფიციალურად ოჯახში მისვლას და დანიშვნას ითხოვდა, მის წინადადებას ბიჭიც დაეთანხმა. ნიშნობის დღეც დათქვეს, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი აირია...

წყვილი, ბიჭის ბიძაშვილმა სახინკლეში დაპატიჟა. იქ მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. არაყს სვამდნენ და ყველანი მალე დათვრნენ. ცოტა ხანში სუფრის ერთ-ერთმა ნასვამმა წევრმა საპატარძლოს კომპლიმენტი ესროლა, შემდეგ გვერდით მიუჯდა და მასთან საუბარი გააბა. ამ ყველაფერს საქმრო თავიდან მშვიდად უყურებდა, ჩხუბისგან თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ისე დაიძაბა ვითარება, რომ ისინი ძლივს გააშველეს. ნასვამმა საქმრომ მომხდარში საცოლეც დაადანაშაულა - მიიჩნია, რომ მისმა საცოლემ უცნობ მამაკაცს მასთან გაარშიყების საბაბი მისცა. მზია საქმროს არწმუნებდა, არაფერ შუაში ვიყავიო, მაგრამ ირაკლიმ გოგონა სახლში მიიყვანა და მანქანა ისე სწრაფად დაძრა ადგილიდან, რომ მას არც დამშვიდობებია.

ამ ამბის შემდეგ, შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ. გოგო ძალიან ნერვიულობდა და დეტალების გარკვევა დედამისმა ბიჭის ოჯახთან სცადა. ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როგორც გაირკვა, სახლში დაბრუნებულმა, მთვრალმა ირაკლიმ დას ჩხუბის მიზეზი უამბო. სარძლოს საქციელზე მომავალი მულიც გაბრაზდა და მანაც ძმას ნიშნობის ჩაშლა ურჩია. გოგოს დედას განუცხადეს, რომ ირაკლი მათი სიძე არასოდეს იქნებოდა და ქალი სახლში ატირებული გაუშვეს. სასიდედრომ ჩათვალა, რომ ირაკლიზე გავლენას დედა და და ახდენდნენ და ეს ამბავი მეუღლესაც უამბო. გოგოს ოჯახი შეურაცხყოფილი იყო ნიშნობის ჩაშლით და ამჯერად გოგოს მამა წავიდა ბიჭის ოჯახში სიტუაციის გასარკვევად, მაგრამ იქიდან პოლიციის თანხლებით, განყოფილებაში წაიყვანეს.

დაკავებული მამაკაცის ჩვენებიდან:

- ბიჭი ოჯახში დედასთან და დასთან ერთად მოვიდა და ჩემი გოგოს ხელი ითხოვა. ნიშნობის დღეც დაითქვა. საქორწინო ბეჭედში ოთხას დოლარამდე გადავიხადეთ, ორი ოქრომჭედელი გამოვიცვალე: ჩემს გოგოს პირველი ბეჭდის ფორმა არ მოეწონა და შევაცვლევინე... ნიშნობისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით. ნათესავებმა იცოდნენ, გოგოს რომ ვათხოვებდი. სუფრისთვის თითქმის ყველაფერი ნაყიდი მქონდა. ერთი კვირა არც იყო დარჩენილი, მეზობლებთან ერთად უბანში ვიდექი, მანქანით ჩემმა სასიძომ რომ ჩაიარა. გამიხარდა, მაგრამ გვერდით ისე ჩაიარა, ზედაც არ შემომხედა. თავი უხერხულად ვიგრძენი და მეზობლებთან თავის მართლება დავიწყე, - ალბათ ეჩქარება და ვერ დამინახა-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ცოლ-შვილი ცუდ ხასიათზე დამხვდა. მათაც ვუთხარი, ირაკლი ასე მოიქცა-მეთქი. მაშინ მეუღლემ მითხრა, - ბავშვს სიცოცხლე აღარ უნდა, ნაჩხუბრები არიანო. მიზეზიც გავიგე. ჩვენი სასიძოს დას ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, - ჯერ ცოლად არ მოგვიყვანია და ასეთ რამეს აკეთებს, მერე რაღას იზამსო?!. ისიც შევიტყვე, რომ ჩემს სასიძოს ვიღაცასთან უჩხუბია. მოკლედ, ჩემი შვილისთვის ცუდი ქალის იარლიყის მიწებება უნდოდათ. ეს რომ გავიგე, მაშინვე ბიჭის სახლში წავედი, ურთიერთობა გამერკვია. სახლში ქალები დამხვდნენ. რომ დამინახეს, არ ესიამოვნათ, სკამიც არ შემომთავაზეს. დუმილი მისმა დამ დაარღვია, - რა ვქნათ, ირაკლიმ ნიშნობა გადაიფიქრა, ჩვენი ბრალი არ არისო. დედამისმაც მოურიდებლად გამომიცხადა, - შენი შვილი თამამი გოგოა, ასეთი ჩვენს ოჯახს არ შეეფერებაო. ისე გავბრაზდი, აღარ მახსოვს, რა მოვიმოქმედე. დედა-შვილს უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე, რასაც მათზე ვფიქრობდი, ყველაფერი ვუთხარი, განსაკუთრებით - გოგოს, რადგან ჩემი შვილის წინააღმდეგ ის მეტად აქტიურობდა. არც ის მაკლებდა სათქმელს. მომახალა, - ამდენი ქონება შენი შვილისთვის არ დაგვიგროვებია; ზარმაცი ხალხი ხართ, არაფერი გაბადიათ, თქვენ გინდოდათ, მთელ ოჯახს ჩვენს ხარჯზე გეცხოვრათო. მივხვდი, ნიშნობის ჩაშლის რეალური მიზეზი რაც იყო. მდგომარეობიდან გამოვედი. მახსოვს, რომ იმ გოგოს, ამ სიტყვების მერე, ვახრჩობდი... დედამისი ეხმარებოდა, მაგრამ ორივეს ვკარი ხელი. ამასობაში მეზობლებიც შეიკრიბნენ. მაგრამ მათ მოსვლამდე დედა-შვილს ვცემე, ცხვირიდან სისხლი ვადინე. მაინც არ ჩუმდებოდნენ. მემუქრებოდნენ, რომ ირაკლი ცოცხალს არ გამიშვებდა. ის სახლში რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, უარესი მოხდებოდა - ან მომკლავდა, ან მოვკლავდი. ძლივს გაგვაშველეს მეზობლებმა. იქიდან წამოვედი და გზაზე მიმავალი, პოლიციამ დამაკავა. შემოგლეჯილი ტანსაცმელი მეცვა. სახლში მისვლისა და ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ მომცეს, ისე წამიყვანეს განყოფილებაში. მე მათ ოჯახში საჩხუბრად არ მივსულვარ, უბრალოდ, სიტუაციის გარკვევა მინდოდა, მაგრამ იმ ქალებმა მდგომარეობიდან ისე გამომიყვანეს, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. მთელი სოფლის თვალში ჩემს ოჯახს ჩირქი მოსცხეს და ოჯახის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. მართალია, მათთან შედარებით ხელმოკლედ ვცხოვრობთ, მაგრამ სიღარიბე დანაშაული არ არის.

საქმე სასამართლომდე მივიდა. პროცესზე, დაზარალებულად ცნობილი ირაკლის დედა და დაც დაიკითხნენ. ისინი ბრალდებულის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ.

ირაკლის დის ჩვენებიდან:

- ჩემს ძმას მზიასთვის უსაყვედურია, - რატომ მოიქეცი უცხო კაცთან ასეო? მაგრამ მზიას უთქვამს, - ასე სპეციალურად მოვიქეცი: მინდოდა, გეეჭვიანა; ცოლად კი მოგყავარ, მაგრამ ზედ არ მიყურებო... იმ დღეს მამამისი მოვიდა. გვეგონა, შვილის საქციელის გამო ბოდიშს მოგვიხდიდა, შეგვეხვეწებოდა, რომ გვეპატიებინა, მაგრამ შეტევაზე გადმოვიდა, - ჯერ რძლად არ მოგიყვანიათ ჩემი შვილი და რას აბრალებთო?! მეც ვუპასუხე, - ჯერ ჩვენი რძალი არ გამხდარა, უკვე სხვებზე უჭირავს თვალი და მერე რაღას იზამს-მეთქი?! თმით დამიჭირა და მახრჩობდა, დანის ამოღებაც უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. მემუქრებოდა, - თავი უნდა მოგაჭრაო!.. ყვირილზე მეზობლები მოცვივდნენ. ისინი რომ არა, შეიძლება, დღეს ცოცხლები არ ვყოფილიყავით. ექიმთან წაყვანას გვიპირებდნენ, მაგრამ საავადმყოფოში არ გავყევით - არ გვინდოდა, ირაკლის ენერვიულა.

პროცესზე მზიაც დაიკითხა:

- ჩემმა მომავალმა მულმა დედაჩემს უთხრა, - შენს შვილს "სხვანაირი" მონაცემები აქვს, ძალიან თამამი გოგოა, კაცების არ ერიდება; ჩვენ ასეთი რძალი რომ გვნდომოდა, ჩემს ძმას აქამდე ათჯერ დავაქორწინებდით, მაგრამ ოჯახში პატიოსანი გოგო გვჭირდებაო. დედაჩემი უხსნიდა, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე. ნუ იცავ, შენ არ იცი, რისი გამკეთებელიაო, - უპასუხა. დედაჩემს უთქვამს, რომ ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა იყო და მას არაფერს ვუმალავდი, მაგრამ, - ასე დარწმუნებული ნუ იქნები, სტუდენტობისას რას აკეთებდა, შენ იქ არ ყოფილხარო. დედაჩემი აღარ აჰყვა მათ საუბარში და სახლში ტირილით დაბრუნდა... იმ საღამოს მამაჩემს რომ შეაგვიანდა, ტელეფონზე ვურეკავდით. ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ მობილური გათიშული ჰქონდა. მერე შევიტყვეთ, რომ პოლიციამ ცემის გამო დააპატიმრა. მომხდარი ყველამ გაიგო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინვე პოლიციაში წავედით, მაგრამ მამაჩემი არ გამოუშვეს. საღამოს სახლში ირაკლი მოვიდა. მისაყვედურა, რომ მომხდარი ჩემი ბრალი იყო. ვარწმუნებდი, ხმა არ ამომიღია-მეთქი; პირიქით, მისმა დამ დაიწყო ყველაფერი. მთხოვა, მშვიდად ვყოფილიყავი: მამაჩემს ადვოკატს აუყვანდა და მალე გაათავისუფლებდნენ. მან პირობა შეასრულა. ადვოკატი აიყვანა და მამაჩემის ციხიდან დასახსნელად ყველაფერს აკეთებდა. მამას გირაო შეუფარდეს.

მოწმის სტატუსით, გოგოს დედაც დაიკითხა:

- ირაკლის დას ვეუბნებოდი, - დანიშნულები არიან, პატარა უსიამოვნება მოუვიდათ, ერთმანეთს არ დავაშოროთ, მშვიდად მოვაგვაროთ ყველაფერი-მეთქი. - ასეთი რძალი არ გვჭირდებაო. ამიტომ, ჩემი შვილიც აპირებდა, საქმროსთვის ყველა საჩუქარი უკან დაებრუნებინა, რადგან ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მაგრამ იმ დღეს ჩემი მეუღლე მოულოდნელად დააკავეს. ისე წასულა მათ სახლში, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს.

თავად ირაკლიმ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულთან პრეტენზია არ ჰქონდათ და მის დასთან და დედასთან სიტუაციას თავად გაარკვევდა.

ირაკლიმ პროცესზე აღნიშნა: "ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. მე და მზიას ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ შორის უბრალო გაუგებრობა მოხდა. ჩვენ ერთად ვიქნებით და ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, არ დასაჯოთ ბრალდებული..."

თავად ბრალდებულმაც საჯაროდ მოუხადა ბოდიში სასიძოს დასა და დედას. ამბობდა, რომ მომხდარს გულწრფელად ნანობდა და ყველაფერი აღელვებულმა ჩაიდინა.

საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა: "რაც გამოიწვია გასათხოვარი ქალიშვილის შეურაცხყოფამ, უწესო ყოფაქცევის დაბრალებამ და ქორწინების ჩაშლამ". ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ის წარსულში ნასამართლევი არ იყო, მას სასამართლომ პირობითი სასჯელი - 3 წელი შეუფარდა. დაკისრებული გირაოს თანხა კი სასიძომ გადაიხადა... როგორც ჩანს, ირაკლიც თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობდა: ეს ამბავი, მთვრალს თავის დასთან რომ არ მოეყოლა, საქმე აქამდე არ მივიდოდა. საბოლოოდ, ყველაფერი წყვილის ქორწინებით დასრულდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ